GE

სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მეილზე მიიღეს – სწავლა შეწყვეტილია

ბათუმის კერძო სკოლა „პროგრესში“ დღეს ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება ელექტრონული წერილს მეშვეობით შევიდა, რის გამოც შენობიდან მოსწავლეები გაიყვანეს.

კინოლოგების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ სკოლას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტმა გაარკვია, შეტყობინების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობა 14:00 საათზე უნდა ამოქმედებულიყო.

აღნიშნული სკოლა ბათუმში შამილაძის ქუჩაზე, მომსახურების სააგენტოსა და ბათუმის სპორტული ცენტრის მიმდებარედ მდებარეობს. სწავლება სკოლაში დღეს ყველა ცვლისთვის შეწყდა. სკოლის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება.

ევაკუაცია ამავე სკოლის ქუთაისის ფილიალშიც განხორციელდა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, დირექტორი აცხადებს, რომ მათ მეილზე ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შეტყობინება მიიღეს, შემოწმების შედეგად კი შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

“შემოწმდა სკოლა, ცრუ შეტყობინება იყო. საბედნეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ხვალ აღდეგა სასწავლო პროცესი. მეილზე შემოვიდა ინგლისურენოვანი შეტყობინება, რაღაც მოწყობილობის შესახებ, რის შემდეგაც ჩვენ შესაბამის ორგანოებს ვაცნობეთ და ამის შემდეგ მოხდა სკოლის ევაკუაცია. მეილში დაკონკრეტებული არ იყო სკოლის რომელ ფილიალზე იყო საუბარი, ამიტომ ჩვენ ყველგან მივიღეთ ზომები”, – განაცხადა ქართულ ამერიკული სკოლა “პროგრესის” ქუთაისის ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კილაძემ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური