„ბავშვის ცემა არის მშობლის უფლება. და საერთოდ, ბავშვებს უფლებები არა გაქვთ“- ომბუდსმენი დეპუტატის წინააღმდეგ
სახალხო დამცველი პარლამენტს სთხოვს, არასრულწლოვანების უფლებების შესახებ დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვლის გამონათქვამები შეისწავლოს. საქმე ეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ანონსს, სადაც მეგრელიშვილი ამბობს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია. ომბუდსმენმა საკანონმდებლო ორგანოს 28 მაისს მიმართა.
„გადაცემის ანონსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი არასრულწლოვანებს განუმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია, ზოგადად, ბავშვებს არ აქვთ უფლებები და კარგია, თუ ბავშვები არ იქნებიან ინფორმირებულნი კოდექსის შესახებ. გადაცემის მსვლელობისას ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობს ბავშვთა მიმართ ძალადობაზეც და აღნიშნულს განიხილავს, როგორც თემის კულტურულ თავისებურებას, რომელშიც არ უნდა ხდებოდეს ჩარევა. პარლამენტარმა ასევე გააჟღერა, რომ ბავშვის ცემა არის მშობლის უფლება. აღნიშნულის მაგალითად ვახტანგ მეგრელიშვილმა მოიყვანა ბავშვობისას ოჯახში ძალადობის საკუთარი გამოცდილება და ახდენდა ამ შემთხვევის ნორმალიზებას“, – აცხადებს ომბუდსმენი.
ომბუდსმენის განცხადებითვე, პარლამენტის წევრისგან მსგავსი სახის გამოსვლა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.
„საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მსგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას. ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე, ეწინააღმდეგება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, – ამბობს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი მარტო არაა, ვინც დეპუტატს არ ეთანხმება.
“ბავშვების ცემა არ შეიძლება. არ არის ეგ სწორი კაცი”, – საკითხს აფასებს 3 წლის სესილი.
“ტელევიზორში თქვეს, რომ ბავშვზე ძალადობაზე 112-ში უნდა დარეკო. აღარ მიყვარს ვახო. არ შეიძლება ბავშვების ცემა. ჰო მართალი ვარ?” – პარლამენტარს არ ეთანხმება იმედგაცრუებული 5 წლის გეგა.
“რაო? მე მაქვს უფლებები!” – 5 წლის დუდა.
“თვითონ ეს პოლიტიკოსია საცემი მაშინ! ასე როგორ შეიძლება?! ამას სხვებიც ეთანხმებიან?” – აღშფოთებას ვერ მალავს 8 წლის ნინია.
დეპუტატი მეგრელიშვილი „გირჩის“ წარმომადგენელი და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრია.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება