GE

„ბავშვისთვის ოდნავ ყურის აწევაც ნამდვილად არის ძალადობა“

ქართული კანონმდებლობით, ბავშვთა ფიზიკური დასჯა დაუშვებელია, თუმცა ეს პრობლემა ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას. ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის ფიზიკური დასჯა მძიმე ფორმებითაა თუ მსუბუქად, ფიზიკური შეხება ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობაა.

მისივე თქმით, ბავშვების უფლებების დაცვაზე ზრუნვა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გარკვეულ წესებსა და მითითებებს არ უნდა დაემორჩილონ. ამის შესახებ ფსიქოლოგმა გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა.

„ბავშვს თუ ფიზიკურად ვეხები, ეს უკვე ძალადობაა. ფიზიკური დასჯა ეს ჩვენ „შევარბილეთ“ ოდნავ “წამოვარტყის” ამბავში, მაგრამ ამას არ ვეთანხმები. ძალადობა არის ძალადობა. ოდნავ ყურის აწევაც ნამდვილად არის ძალადობა. მე ბავშვებს ვასწავლი, რომ შენი უფლებაა შენი პირადი სივრცე გქონდეს და შენს სხეულს არავინ არ შეეხოს. ეს ეხება მოფერებასაც, თუ ბავშვს არ უნდა. მითია, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს, ჩვენ, ფსიქოლოგები ვამბობთ, რომ ბავშვი არ უნდა დაისაჯოს, შენიშვნა არ უნდა მიეცეს, წესები არ უნდა დაიცვას. ამას არცერთი ფსიქოლოგი არ ამბობს. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ ფორმაა შესარჩევი – ბავშვი შეურაცხყოფილი არ უნდა დარჩეს, ის არ უნდა გრძნობდეს თავს უსარგებლოდ და არასაჭიროდ“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ იდეა, რომ ბავშვის უფლებების შესახებ საგანი სკოლებში შევიდეს, სადაც მოზარდებს შეასწავლიან საფრთხეების გარჩევას და პრევენციის ზომებს. ამ საკითხზე პეტიციაც შედგენილია და ხელმოწერები გრძელდება.

„ბავშვის უფლებები და თავისუფლებები – საგანი ისწავლებოდეს პირველი კლასიდან და ბავშვის განვითარების შესაბამისად, სკოლამ ეტაპობრივად მიაწოდოს ინფორმაცია კანონით დაცული მათი უფლებების შესახებ. აუცილებელია ბავშვებს მარტივი ფორმით მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს მათთვის რთულად გასაგები საკანონმდებლო ტერმინები. ბავშვმა უნდა შეძლოს გაარჩიოს სხვადასხვა შესაძლო ძალადობის საფრთხე და ფლობდეს ინფორმაციას უფლების დაცვის, როგორც ტექნიკური, ისე სამართლებრივი, მექანიზმების შესახებ“, – ნათქვამია პეტიციაში, სადაც აღნიშნული საგნის გარდა, სკოლებში სექსუალური განათლების შეტანასაც მოითხოვენ.

ბავშვების 69%-ის მიმართ დასჯის ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური