BTU-ში ბიოტექნოლოგიების კვირეული გაიხსნა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებითა და კარლ ცაისის (CARL ZEISS AG) კავკასიის წარმომადგენლობის ჩართულობით, BTU-ში ბიოტექნოლოგიების კვირეული გაიხსნა, რომელზეც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები ლექციებსა და მასტერკლასებს ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, სტარტაპერებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ,,კარლ ცაისი – ხელოვნური ინტელექტის და ბიოტექნოლოგიების ლიდერი”; ,,ციფრული ოპტიკა: კოსმოსიდან ცალკეულ მოლეკულამდე”; ,,ნანოტექნოლოგიების საფუძვლები”; ,,ელექტრონული მიკროსკოპია და მიკროსამყარო ჩვენს გარშემო”; “ინტელექტუალური სურათები: სივრცესა და დროში აღბეჭდილი სიცოცხლე”; ,,ნანოტექნოლოგიები ბიოლოგიასა და მედიცინაში’’ და ა.შ.
დარგის პერსპექტიულობასა და მნიშვნელობაზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ 750 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ბიოტექნოლოგიების მსოფლიო ბაზარი უპრეცედენტო ტემპით იზრდება. მხოლოდ 2020 წელს ამ სფეროში არსებული ვენჩურული კაპიტალის ოდენობამ 23 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. სფეროში ათასობით კომპანია მოღვაწეობს, ბაზრის ზრდა კი, 2028 წლისთვის, 16%-ით არის პროგნოზირებული. სინთეტიკური ბიოლოგია, ბიო მეგამონაცემები და მანქანური სწავლება, გენური ინჟინერია, ნანოტექნოლოგიები, ინდუსტრიული, სამედიცინო, გარემო და აგროკულტურული ბიოლოგია – ის მიმართულებებია, რომელიც ბიოტექნოლოგიების მომავალს წარმოადგენს.
კვირეულის განმავლობაში ლექციები დაიყოფა სხვადასხვა სირთულის მიხედვით და სხვადასხვა სეგმენტზე იქნება მორგებული. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის მენეჯერი კესი კაციტაძე EDU.ARIS.GE–სთან აცხადებს, კვირეულის გახსნის მომენტისთვის მასზე უკვე 200-ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
“სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ დაინტერესებას არ ველოდით, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში ამ მიმართულებებისადმი გარკვეული შიში ჯერ ისევ არის. შესაძლოა, ბევრს აინტერესებდეს, მაგრამ არ იციან საიდან უნდა მიიღონ სწორი ინფორმაცია, ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის. შესაბამისად, გაგვიხარდა და გაგვიკვირდა, რომ ამხელა დაინტერესებაა. ეს სასიხარულო და იმედისმომცემია, რადგან იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება, ნელ-ნელა, გადადის იმ ეტაპზე, როცა მსგავსი “გამომწვევი” და საინტერესო სფეროები მათთვის მისაღები ხდება. ბიოტექნოლოგიების სფეროში დასაქმების პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ინვესტიციები ბიოტექ კომპანიებსა და სტარტაპებში სულ უფრო მზარდია. დღესდღეობით, საქართველოში, მხოლოდ 10 ბიოტექ კომპანიაა და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ სტარტაპების რაოდენობის გაზრდაა, რაც ავტომატურად მეტი საერთაშორისო ინვესტიციის მოზიდვასა და ეკონომიკის განვითარებას ნიშნავს. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაეწევა და ჩაერთვება მსოფლიო ტენდენციებში, რაც მის ეკონომიკაზე ცალსახად აისახება“, – აღნიშნავს კესი კაციტაძე.
მარიამ აბუთიძე ათასწლეულის სკოლის მეათეკლასელია. მას ბიოლოგია აინტერესებს და სამომავლო პროფესიასაც ამ დარგს უკავშირებს. სწორედ ამიტომ, მარიამი ამბობს, რომ მისთვის კვირეული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ელის, რომ ლექციები და მასტერკლასები სამომავლო პროფესიასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის გაგებასა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
„ყოველი ასეთი ღონისძიება შანსია, რომ რაიმე ახალი ვისწავლოთ, მითუმეტეს, როცა ეს ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიებს ეხება. ჩემთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ამ დარგის შესახებ მეტი გავიგო“, – ამბობს მარიამი.
ღონისძიება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 18 ივნისს დაიხურება.
- BTU-ში აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – უნიკალური სამაგისტრო პროგრამა რეგიონში by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- DevOps სამაგისტრო პროგრამა BTU-ში რეგიონის მასშტაბით უნიკალურ პროგრამად რჩება by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU