GE

„ჩემს სტუდენტებს – გაზაფხული უთქვენოდ მიდის და ფანჯრიდან უყურებთ? შიგნით შემოიტანეთ!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი კორონავირუსის ფონზე სტუდენტებში შექმნილ განწყობებს ეხმიანება და მათ მიმართავს:

ფბ „ასქროლვა-ჩასქროლოვისას“ თქვენი ტერმინოლოგიით, ჩემებურად თვალიერებისას, რამდენიმე თქვენგანის კომენტარებს და ფოტოებს გადავაწყდი ეგზისტენციალური სევდით შეპყრობილებს რომ გამოგიფენიათ.

აბა, აქეთ გამოიხედეთ პატივცემულოებო. რას გასწავლიდით?

გაიხსენეთ ერთი როგორი ამაყი გამომეტყველებით მიმტკიცებდით რომ ყველაფერი გაიგეთ. მეკამათებოდით და მოგქონდათ ახალი კვლევები დადგენილი მოსაზრებების გასაბათილებლად და არგუმენტებით ცდილობდით გადარწმუნებას, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ‘დიდი ფსიქოლოგები’ ფიქრობენ. როგორ გეთანხმებოდით და გეუბნებოდით, რომ ყველა კვლევაში დევს რაციონალობის ელემენტი, მაგრამ არსებობს ფუძემდებლური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგმა უნდა იაზროვნოს.

ნებისმიერ ყოფით სიტუაციას, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენ ენაზე სტრესული, აქვს თავისი დადებითი მხარე. როგორ უნდა ვიპოვოთ ეს დადებითი მხარე და რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ ქცევას პირველ რიგში ადაპტაციური ფუნქცია აქვს და ადამიანის მხრიდან, თუ მას ცნობიერება აქვს მოითხოვს მიზანმიმართულ ქცევას და კითხვის დასმას – კი, მაგრამ რატომ? რატომ ასეთ შემთვევაში ეხება ახალი გარემოს შეგუება-ვერ შეგუების საკითხს.

თუ გიჭირთ ახალ გარემოში ქმედება ამის მიზეზი უნდა ეძიოთ მყარი ჩვევების ვერ გადახალისებაში და არა ცნობიერების ნაკადის ამარა დარჩეთ მხოლოდ.

ისიც გაიხსენეთ, რომ ნებისმიერ ქცევას სამი კომპონენტი აქვს – კოგნიტური, აფექტური და უშუალოდ გამომხატველობითი. გადაადგილება შეგიზღუდეს? აზრი და განცდები ხომ არ შეუზღუდავს არავის. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა ნახოთ ადეკვატურია თუ არა გადაადგილების შეზღუდვასთან მიმართებაში თქვენი აზრებისა და განცდების შესატყვისობა.

‘კომბლეს’ ზღაპარი რომ დაგაშლევინეთ და მოგაყოლეთ, როგორც თქვენი ისტორია ხომ გამოვიდა, რომ კომბლე სრულიად გარკვეული პიროვნებაა და მის საქციელს საკუთარი მიზნები და საზრისული ქცევა აქვს და გარემოს არ არის მინდობილი. კომბლემ თუ შეძლო საკუთარი მე შეენახა, თქვენ რა დაგემართათ?

ვერ გამოდიხართ, გაზაფხული უთქვენოდ მიდის და ფანჯრიდან უყურებთ? შიგნით შემოიტანეთ და ყოველდღე დაწერეთ რას განიცდით და ფიქრობთ. დღიური აწარმოეთ. მასალა დააგროვეთ თემაზე „მე-ს რეფლექსია სენსორული, მოტორული, დეპრივაციის პირობებში“. ნახეთ რა აზრები გაქვთ ავტომატურად რომ მოდიან და შეეცადეთ გააკონტოლოთ პრინციპით – შეესაბამება თუ არა გარემო პირობებს, სად, როდის და როგორ აღმოცენდებიან და რა იქნებოდა ადეკატური სიტუაციისათვის. მერე დასვით კითხვა – რა გიშლით ხელს და ის, რაც გიშლით ხელს მისი დაფიქსირება დაიწყეთ, აკონტოლეთ და გაუმეორეთ თქვენს თავს – ეს ძველი ჩვევის კვალია და ახალი უნდა მოვძებნო.

ისწავლეთ ახალი ჩვევები კრიტიკული სიტუაციისათვის, არ მისცეთ უფლება სიტუაციამ გააკონტროლოს თქვენი ქცევა. ამისთვის “მე/ეგო” არსებობს. ვინმემ რომ გითხრათ სუსტი და ლაბილური ეგო გაქვთო, ხომ მიიღებეთ პირად შეურაცხყოფად? ჰოდა, დაამტკიცეთ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ – აკონტოლოთ სიტუაცია და არ სიტუაციამ თქვენ.

გაიხსენეთ რას წერდა ერიკსონი გვიანი მოზარდობისა და ახალგაზრდობის კრიზისის შესახებ – ეგო იდენტურობა vs მე-ზე ბუნდოვანი წარმოდგენა და დანაწევრებულობის განცდა. არ მითხრათ ახლა, რომ წარუმატებელი დაძლევისათვის და მიღებისათვის მზად ხართ. არ დაგიჯერებთ. კარგად გიცნობთ! ალადინის ჯინი რომ გაბრიალებინეთ თვალებს პერიოდულად და უკონტროლოდ, და სხვებისათვის თუ სიტუაციური ფაქტორებიდან გამომდინარე (ლექტორი-სტუდენტის იერარქია) მოჩვენებითი მორჩილებით ნაბავთ თვალებს, გგონიათ არ მახსოვს? მოათვინერეთ ეგ ჯინი და უთხარით, რომ ახლა მან კი არ უნდა აკეთოს თქვენი საქმე, თქვენ უნდა გახდეთ მისი ძალის მფლობელი. ეს შეგიძლიათ.

ისიც გახსოვთ, ალბათ, როგორ გასწავლიდით, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია და ერთადერთი რასაც ვერ აკეთებს დაუხმარებლად ადგილიდან ცაში აფრენაა და ისიც იმიტომ, რომ დედამიწის მიზიდულობა უშლის ხელს.

ჰოდა, ჩამოდით ახლა ამ დედამიწაზე და ისწავლეთ საკუთარი მე-ს დამკვიდრება მიუხედავად იმისა გარეთ თავისუფლად ივლით, თუ სახლში იქნებით გამოკეტილი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თვითდაკვირვებას ისწავლით და მერე სხვების გაგებაც და მიმღებლობაც გაგიადვილდებათ.

P.S. ბოდიშს ვიხდი ყველასთან, ვინც ამ მიმართვის ადრესატი არ არის. სხვა უფრო ეფექტური გზა ვერ მოვიფქრე გასავრცელებლად. ჭკუის დამრიგებლის პრეტენზია არ მაქვს. ვერ გავუძელი, რომ არ დამეწერა მათთვის ვისაც ეს ეხება“, – წერს მარინე ჩიტაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური