GE

ჩინეთის მთავრობამ ოჯახებს სამი ბავშვის ყოლის უფლება მისცა

ჩინეთის მთავრობამ ოჯახებს სამი ბავშვის ყოლის უფლება მისცა. ცვლილება პოლიტბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავმჯდომარეობდა. ინფორმაცია BBC-მ 31 მაისს გაავრცელა.

რეფორმის გატარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უკანასკნელი 10 წლის სტატისტიკა სახელდება, რომლის თანახმადაც ჩინეთში ბუნებრივი მატება შემცირებული იყო. ქვეყანაში უფრო მეტი მოხუცი ადამიანია, ვიდრე ახალგაზრდა.

ჩატარებული აღწერების მიხედვით, გასულ წელს ჩინეთში 12 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 2016 წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაშინ ქვეყანაში 18 მილიონი ბავშვი დაიბადა. ჩინეთის ისტორიაში 1960-იანი წლების შემდეგ შობადობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

2016 წელს ჩინეთმა გააუქმა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ე.წ. ერთი შვილის პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად მოსახლეობის მკვეთრი ზრდის შეჩერების მიზნით შემოიღეს და წყვილებს ორი შვილის ყოლის უფლება მისცა, თუმცა როგორც ჩანს მოსახლეობის ბუნებრივ მატებაზე ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა.

სტატისტიკური მონაცემებით  ჩინეთის მოსახლეობის რიცხვი  1.3 მილიარდს აჭარბებს.

(მასალაში გამოყენებულია REUTERS-ის ფოტო)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური