GE

ცივი იარაღის ტარებაზე სანქციების გამკაცრება საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხება – რამდენი იქნება ჯარიმა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება.

კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას.

როგორც მომხსენებლმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდერ დარახველიძემ განაცხადა, მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზები, ნაკლებეფექტურია და კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება ამიტომ საჭირო გახდა.

„2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა. თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, – განაცხადა დარეხველიძემ 28 ნოემბერს გამართულ სხდომაზე.

ითქვა ისიც, რომ ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება მოხდება არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კუთხით. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება. EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ კოდექსის მოქმედი რედაქციით „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური