GE

დამრიგებლის მიმართვა მოსწავლეებს – ყოველი დამღლელი სასკოლო დღე თქვენი მიზნისკენ გადადგმულ ერთ ნაბიჯად ჩათვალეთ

15 სექტემბერს საქართვლოს სკოლების დიდ უმრავლესობაში 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყება.

EDU.ARIS.GE-ს პედაგოგი, დაწყებითი კლასის დამრიგებელი ირმა სტეფნიაშვილი ესაუბრა და მოსწავლეებისთვის სწავლის დაწყების წინა ფიქრები და სურვილები გაუზიარა.

“ძვირფასო მოსწავლეებო, დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ სრულდება განშორების ხანა, არადადეგებიც და სულ მალე, ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ერთად ვიზეიმებთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ხშირად ვფიქრობ, ნეტავ როგორი განცდა გაქვთ, როგორ ემზადებით ჩემთან, კლასელებთან, საგნის მასწავლებლებთან და სკოლასთან შესახვედრად. დარწმუნებული ვარ, ყველა ახალი, ლამაზი, ფერადი სიახლეების მოლოდინში ხართ. დამიჯერეთ, მეც იგივე განცდებითა და სურვილებით ვარ სავსე.

არ მინდა, ახალი სასწავლო წელი აქედანვე დარიგებით დავიწყო, მაგრამ მინდა გააცნობიეროთ და იცოდეთ, რომ სწავლისა და შრომის გარეშე არაფერი ხდება, არ შენდება, არ იგება, არ კეთდება. ყველა დიდი მიზნის მიღწევას სათანადო ცოდნა სჭირდება. ცოდნა კი არ მიიღწევა სწავლის, ფიქრის, განსჯისა და შრომის გარეშე. ამიტომ, ყოველი დამღლელი სასკოლო დღე, მინდა თქვენი მიზნისკენ გადადგმულ ერთ ნაბიჯად ჩათვალოთ და მომდევნო დღე უფრო შემართებით დაიწყოთ. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი ცოდნა და განათლება თქვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენოთ. გისურვებთ, ჩვენს ქვეყანაში ევროპული განათლების ტოლფასი განათლება მიგეღოთ. გისურვებთ, რომ ჩვენთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის წუთები მთელი ცხოვრება ბედნიერ მოგონებად გაგყვეთ.

ვისურვებდი, რომ მასწავლებლებმა ღირსეული ადამიანის მაგალითი მოგცეთ და სკოლაში მიღებული განათლებითა და აზროვნებით შექმნათ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით და მინდა, რომ დაიჯეროთ – ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!”.

EDU.ARIS.GE თითოეულ მოსწავლესა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ნაყოფიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ.

ასევე იხილეთ:

„გაკვეთილებს ნაკლებად ვეძახით, პრესქულის უპირატესობა არის სასკოლო მზაობა“ – არჩევანი მომავალი პირველკლასელების მშობლებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური