„გაკვეთილებს ნაკლებად ვეძახით, პრესქულის უპირატესობა არის სასკოლო მზაობა“ – არჩევანი მომავალი პირველკლასელების მშობლებისთვის
სექტემბერში ახალი სასწავლო წელი არა მხოლოდ სკოლისა და ბაღის, არამედ პრესქულის მოსწავლეებისთვისაც იწყება. შვილის სასკოლო მომზადებისთვის მშობლების ნაწილი სწორედ პრესქულს ირჩევს.
რა არის პრესქული?
პრესქული – 0 კლასი. სკოლანდელი განათლების, იგივე წინასასკოლო მომზადების პროგრამა, რომელიც ამზადებს ბავშვებს სკოლაში სწავლისთვის. პრესქულის მიზანია განავითაროს ბავშვი გონებრივად და ფიზიკურად, მოამზადოს ის სკოლისთვის. სწავლება მიმდინარეობს სკოლის ბაზაზე და პატარები მიიღებიან 5 წლის(საქართველოში) ასაკიდან. ბავშვები ერთი წლის განმავლობაში სწავლობენ მათთვის განსაზღვრული პროგრამით, რათა მზად იყვნენ სასკოლო ცხოვრების დასაწყებად.
საინტერესოა, რა გეგმით მიმდინარეობს სწავლა პრესქულში. რა დაგიჯდებათ ეს “სიამოვნება”, კონკრეტულად როგორ ამზადებენ მოსწავლეს სკოლისთვის, ვინ ამზადებს და რა პროგრამით. ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE -ს ნიუტონის თავისუფალი სკოლის პრესქულის მასწავლებელი, თორნიკე ჩახუნაშვილი ესაუბრა.
– თორნიკე, მოკლედ მოგვიყევით, რას სთავაზობს თქვენის სკოლა მშობლებს?
– ნიუტონის სკოლას პრესქულში მოსწავლეების 5 ჯგუფი ჰყავს. ჯგუფში არის 20 მოსწავლე, მიღება კი 5 წლიდან არის შესაძლებელი. უფრო ზუსტად, მოსწავლე უნდა იყოს 5 წლის ან 14 სექტემბრამდე უნდა ხდებოდეს 5-ის. თითო ჯგუფში 2 მასწავლებელი ასწავლის. ქალი და კაცი. გენდერული ბალანსი დაცულია. წლევანდელი ნაკადი უკვე მივიღეთ და 14 სექტემბრიდან ვიწყებთ სწავლას. რაც შეეხება სწავლებას, სკოლას აქვს IB პრესქულის პროგრამა, რომელსაც მივყვებით. სწავლის ღირებულება კი 3 300 ევროს შეადგენს. ეს არის წლიური გადასახადის ღირებულება. ამ ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება. მოსწავლეს დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლია პრესქულში ყოფნა, რაც მშობლებისთვის დიდი შვებაა. ის მშობელი, რომელიც ნიუტონის სკოლაში აპირებს შვილის მიყვანას, ირჩევს ჩვენს პრესქულს, თუმცა ის მშობლებიც არიან მსურველთა რიგებში, რომლებსაც შვილი სხვა სკოლაში შეჰყავთ, მაგრამ სურთ, პრესქული ჩვენთან გაატარონ.
– რა არის პრესქულის უპირატესობა, კონკრეტულად რა სწავლობენ ბავშვები და რაში ეხმარებათ მათ ეს გამოცდილება?
– პრესქულის უპირატესობა არის სასკოლო მზაობა, რაც გულისხმობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, როგორც სოციალურ კონტექსტში, ასევე თვითმოვლის თვალსაზრისითაც. ბავშვები გამოიმუშავებენ ისეთ უნარ-ჩვევებს როგორიცაა რიგის დაცვა, გაზიარება, ემპათია, მხარდაჭერა, სიახლეების მიმართ მიმღებლობა, სურვილების დროში გადავადება, მისი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა, დაწყებული საქმიანობის ბოლომდე მიყვანა და ჩართულობის მაღალი ხარისხი – მათი ფიზიკური და ფსიქიკური ასაკის გათვალისწინებითა და გეგმა-პროგრამის დაცვით.
– რა გაკვეთილები ტარდება პრესქულში და რამდენწუთიანია ის?
– გაკვეთილებს ნაკლებად ვეძახით. ტარდება აქტივობები, რომელებიც ძირითადად ორიენტირებულია თვითგამოხატვაზე, სადაც მოსწავლეები ყოველდღიურად აზიარებენ საკუთარ ინტერესებს, შესაძლებლობებს და ძირითადი პროცესი მიმართულია კვლევით სწავლებაზე. გვაქვს სარეკომენდაციო კლუბები: დრამა/მუსიკა, ექსპერიმენტები, შექმენი შენით, ვიქტორინები, კინოლოგია(გასვლითი აქტივობა), ფლორისტიკა (გასვლითი აქტივობა). ეს 30- წუთიანი აქტივობებია. როგორც უკვე გითხარით, დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე გვაქვს მათთვის გეგმა-პროგრამა შედგენილი.თითოეული კვებისთვისაც – საუზმე, სამხარი, სადილი 30 წუთია გათვალისწინებული.
– ვინ ასწავლის მომავალ მოსწავლეებს და როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას პედაგოგმა პრესქულში სწავლებისას?
– სასურველია პედაგოგი ადრეული განათლების სპეციალისტი იყოს, რადგან აღსაზრდელს მოსწავლის ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით მოეპყრას. მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრული, ხალისიანი და მზრუნველი. ის არა მხოლოდ სკოლის, არამედ ბავშვებისა და მშობლების ნდობით უნდა სარგებლობდეს. რაც შეეხება შეცდომებს: დაუშვებელია ბავშვთან მკაცრი და მომთხოვნი ტონით საუბარი. ყველაფერი, რასაც ვასწავლით უნდა ავუხსნათ მათ ენაზე. მაგალითად, რატომ გაგვყავს გასვლით გაკვეთილებზე, რატომ უნდა მოგვისმინოს და დაგვიჯეროს. ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა, მასწავლებელი მასთან ერთად იყოს და მარტო არ დატოვოს. ამასთან, აუცილებელია ვიცოდეთ რა მიღწევებით ტოვებს ბავშვი პრესქულს და როცა პირველ კლასში შევა, მის მასწავლებლებთან გასაუბრებაც არ დავიზაროთ, რათა მოვუყვეთ უფრო მეტი ბავშვის შესახებ.
– როგორია თქვენი დაკვირვება, იმ მოსწავლეებისთვის უფრო იოლია სკოლაში შესვლის სტრესის დაძლევა ვინც პრესქული გაიარა თუ სხვა მოცემულობა გვაქვს?
– დიახ, ასეა. თუ მოსწავლე პირველ კლასში მიდის და პრესქულის გამოცდილება არ აქვს, მშობელმა ბევრად მოკლე დროში უნდა შეძლოს იმგვარი მხარდაჭერის განხორციელება, რომელიც შვილს ამ სტრესსა და გამოწვევას გადაალახინებს. რთულია, არა?! პრესქულის უპირატესობა სწორედ ამაშია – მოამზადოს სკოლისთვის მშობლის გარეშე და მასთან ერთად.
ასევე იხილეთ:
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის სახლში?
პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ – როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის სწორად
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება