GE

დანა, კასტეტი, ვაზნა და პნევმატური იარაღი – რა სახის და რამდენი აკრძალული ნივთი ამოიღო მანდატურის სამსახურმა სკოლებში

საქართველოს მასშტაბით, მანდატურის სამსახურმა 607 საჯარო სკოლიდან 292 საჯარო სკოლაში 1 089 არალეგალური ნივთი ამოიღო.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ, EDU.ARIS.GE – სთვის 10 ივნისს მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, აღნიშნული ნივთების ამოღება 2021 – 2022 სასწავლო წელს, 6 ივნისის ჩათვლით განხორციელდა.

მანდატურის სამსახური EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად, თუ რამდენ მოსწავლეს აღმოაჩნდა აკრძალული ნივთები, განმარტავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ერთზე მეტი აკრძალული ნივთი ერთსა და იმავე მოსწავლეს ჰქონოდა.

„გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ერთ მოსწავლეს შესაძლებელია უფიქსირდებოდეს ერთდროულად რამდენიმე სახეობის აკრძალული ნივთი და ადგილი ჰქონდეს პერსონის დუბლირებას“, – გვიპასუხა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა.

საჯარო სკოლებში ამოღებული აკრძალული ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოს პროდუქცია, ასანთი ან სანთებელაა:

მანდატურის სამსახურმა საჯარო სკოლებში 154 ე ლექტრო სიგარეტი, 4 პაპიროსი, 1 სიგარა, 1 სიგარელა, 2 უფილტრო სიგარეტი, 199 ცალი ფილტრიანი სიგარეტი, 1 შესახვევი თუთუნი და 468 ცალი სანთებელა ან ასანთი ამოიღო.

სკოლებში ამოღებულ ნივთებს შორის მოხვდა კასტეტებიც და იარაღის ვაზნებიც კი:

მათ შორის, მანდატურის სამსახურმა სკოლებში აღმოაჩინა 2 ბასრი საგანი, 69 დანა, 11 კასტეტი, 3 ელექტროშოკი, 7 ვაზნა, 5 მასრა, 4 პნევმატური, სასიგნალო ან აირის იარაღი.

მოსწავლეებისთვის აღმოჩენილ სკოლაში აკრძალულ ნივთების შორის მოხვდა:

ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება – 79 ცალი, 78 ცალი საახალწლო ასაფეთქებელი და 1 ცალი მარიხუანის მოხმარებისთვის განკუთვნილი „სათითე“.

რამდენი მოსწავლის მიმართ დაიწყო დისციპლინარული ღონისძიებები და რა სასჯელის ზომა გამოიყენა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, მანდატურის სამსახურს ინფორმაცია არ აქვს.

ცნობისთვის, მანდატურის სამსახური მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 607 საჯარო სკოლაში ახორციელებს.

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური