დაშვებულია თუ არა ონლაინ ლექციების აუდიო-ვიდეო ჩაწერა
მსოფლიოში გავრცელებული covid 19-ის პანდემიის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. მათი ნაწილი დისტანციური ლექციების აუდიო-ვიდეო ჩაწერას ახორციელებს. რამდენად ლეგიტიმურია ლექტორის ან სტუდენტის საუბრის ჩაწერა და რას ამბობს ამ კუთხით კანონმდებლობა, ამის შესახებ”ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” გადაცემაში „ევროპის დროით“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ბახსოლიანი საუბრობს.
იურისტი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მხოლოდ ოჯახს არ მოიცავს და სამუშაო სივრცეზეც ვრცელდება.
„საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია დისტანციური სწავლის თუ მუშაობს პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით წამოჭრილ საკითხებზე. ის, რომ ვიმყოფებით ვიდეო, აუდიო დაკვირვების ქვეშ, ცვლის ყველა ჩვენგანის ქცევას, ასევე ლექტორებისa თუ სტუდენტების ქცევას და ეს არ გულისხმობს მხოლოდ დადებითი თვალსაზრისით ცვლილებას. პირადი ცხოვრების დაცვის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ პირად და საოჯახო ურთიერთობებს, ეს გულისხმობს სამუშაო გარემოს და იქ არსებულ ურთიერთობებსაც. შესაბამისად აუდიტორიებში განვითარებული მოვლენები და ურთიერთობები ექცევა პირადი ცხოვრების ცნების ქვეშ.
„ლექციების აუდიო-ვიდეო ჩაწერა შესაძლებელია, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის თაობაზე აკადემიურ პერსონალს წინასწარ გამოხატული უნდა ჰქონდეს თანხმობა. ეს თანხმობა თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ზეგავლენისგან, მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოუწიოს თავის მართლება და დასაბუთება იმის, თუ რატომ არ სურს საკუთარი ლექციების ჩაწერა. ამ უარის გამო, ლექტორი რაიმე ტიპის სასჯელს არ უნდა დაექვემდებაროს. ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მკაფიო პრაქტიკა აქვს. სასმართლო ამბობს, რომ მათ შორის აშკარა ვიდეო დაკვირვებაც აუდიტორიებში უხეშად იწვევს პირად ცხოვრებაში ჩარევას. ბუნებრივია, ეს უფლებები სტუდენტებზეც ვრცელდება, თუმცა აკადემიური პერსონალისგან განსხვავებით, დისტანციური ლექციები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ვთქვათ სტუდენტის მონაცემები ნაკლებად იყოს ასახული, მაგალითად გათიშული ჰქონდეს ვიდეოგამოსახულება და ა.შ.“, – აცხადებს სალომე ბახსოლიანი.
მისივე თქმით, მსგავს საკითხზე საჩივარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა გარკვეულმა დაწესებულებებმა ლექციების აუდიო- ვიდეო ჩაწერასთან დაკავშირებით, უწყებას კონსულტაციების მისაღებად მიმართეს.
„ასეთი საჩივარი ჯერ ჩვენთან არ შემოსულა, თუმცა ვიცით, რომ საქართველოში არაერთი დაწესებულება მიმართავს ამ ფორმას ლექციების აუდიო-ვიდეო ჩაწერას. ზოგიერთმა მათგანმა კონსულტაციებიც გაიარა ჩვენთან. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიაჩნიათ რომ ამ ფორმით ირღვევა მათი უფლებები, შეუძლიათ მოგვმართონ, მათ შორის დისტანციურად და ჩვენ უკვე კონკრეტულ ფაქტებს შევისწავლით“, – ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE