„დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია”
ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, თამარ ცანავა ჰელოუინის თემას ეროვნული სასწავლო გეგმის პრიზმაში ეხმიანება და სოციალურ ქსელში, კონკრეტულ ისტორიასთან ერთად, საკუთარ პოზიციას 31 ოქტომბერს აქვეყნებს:
“დღეს ერთ ამბავს მოვკარი ყური, რომ უცხო ენის მასწავლებელს, სკოლის დირექტორმა ბავშვებთან ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება “არ ურჩია” – “ეგ სატანისტური რიტუალები” სკოლისთვის შეუფერებელიაო.
ამ დროს, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, განსაკუთრებით უცხოური ენის სტანდარტში, გვაქვს ასეთი ჩანაწერი: კულტურათა დიალოგი – უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება “კულტურათა დიალოგი”.
სკოლის დირექტორმა რომ სტანდარტი არ იცის, ფაქტია და სხვა დარღვევებს უბრალოდ არ მივაქციოთ ყურადღება.
სანამ ჩვენ ჰელოუინი სატანისტური რელიგია გვგონია, პარალელურ სამყაროში, იქ, სადაც ადამიანები ვითარდებიან და არ ბნელა, ეს დღე ქცეულია უბრალო დღესასწაულად, სადაც პატარა გოგოები მამებს სუპერგმირების ფორმებში ხედავენ და უხარიათ… სადაც მოხუცები სახლების წინ ტკბილეულს დებენ, რომ ბავშვებმა ჩამოიარონ და მათ შორის ინტერაქცია შედგეს. ამ დღეს ბავშვები უბრალოდ ბევრ ტკბილეულს აგროვებენ და ერთი დღით თავიანთ თავს ართობენ.
ქვეყანაში, სადაც დღემდე ჭიაკოკონობის ცეცხლს ახტებიან, ბერიკაობას აღნიშნავენ და ასობით ცხოველს ხოცავენ ტაძრებთან, ამ სანახაობრივი დღის სატანიზმად აღქმა, ცოტა არ იყოს სასაცილოა. პროპაგანდას აყოლილ ადამიანებს რომ ინფორმაციის დაგუგლვა და სწორად აღქმა არ შეუძლიათ, ეგ ხომ საერთოდ ცალკე პრობლემაა. ნეტავ მართლა ისეთი ადამიანურები და რელიგიურები ვიყოთ, როგორადაც თავი მოგვაქვს. ბევრად წინ ვიქნებოდით ცივილურ სამყაროში და არ დავუჯერებდით ყველა სისულელეს, რასაც სოციალურ ქსელებში ან ტელევიზორში ვხედავთ.
P.S. იმედია, ის მასწავლებელი იმ დირექტორს არ დაუჯერებს და სტანდარტს თვითონაც არ დაარღვევს.
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები
- „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამათავისუფლეს“ – სკოლის დირექტორის მიმართვა მოსწავლეებსა და მშობლებს by სოციალური ქსელები