GE
26 სექტემბერი, 2026 10:30

შენიშვნა და გაფრთხილება სასკოლო ფორმაზე უარის თქმის გამო და მშობლის პასუხი, რომლის შვილიც ფორმის ტარებას არ აპირებს

15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმა სავალდებულო გახდა. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დანერგილი ამ სიახლის ფარგლებში, პირველკლასელებმა სკოლის კარი სწორედ ფორმებით შეაღეს, II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩინეთში ფორმების შეკერვა ვერ მოასწრო. ამ მიზეზით დაწყებითი საფეხურის დანარჩენი კლასებისთვის ფორმები ხელმისაწვდომი სემესტრის განმავლობაში უნდა იყოს.

მას შემდეგ, რაც ფორმების სავალდებულოდ შემოღება დაანონსდა, არაერთხელ დაისვა კითხვა – რა „სასჯელი“ განისაზღვრებოდა მოსწავლისთვის, თუკი სკოლაში განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი დიზაინის პიჯაკის, შარვლისა თუ ქვედაკაბის გარეშე გამოცხადდებოდა.

რას ამბობდა განათლების მინისტრი

„თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემს შვილს ფორმას, ამ შემთხვევაში პირველ რიგში იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება საკითხთან დაკავშირებით… წარმოიდგინეთ, კლასში 28 ბავშვს აცვია ფორმა და ერთს – არა, რადგან მშობელმა გადაწყვიტა, რომ შვილს ფორმა არ ჩააცვას. და არც ახსნა-განმარტება არსებობს და არც მიზეზი. მშობელმა, შესაძლოა, მანიპულირება მოახდინოს ბავშვით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ბავშვთან კი არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ პრეტენზია გვაქვს მშობელთან. მშობლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება შინაგანაწესს, საერთო სტანდარტსა და საერთო მიდგომას, რომელიც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის მისაღებია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა შემთხვევას გავივლით ინდივიდუალურად და სკოლა მაქსიმალურად იმუშავებს აღმზრდელობითი კუთხით მშობელთან…

ყველა სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომისია და ეს არის მათი პრეროგატივა და გადასაწყვეტი. შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევის გამო, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას სკოლა განსაზღვრავს. სამინისტრო გვერდში დაუდგება თითოეულ სკოლას, დირექტორს, მასწავლებელს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო იყოს უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის დროს“.

რა ჩაწერეს სკოლებმა შინაგანაწესში

EDU.ARIS.GE-მ ნახა თბილისისა და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სკოლების შინაგანაწესი, რომელშიც განსაზღვრულია, კონკრეტულად, რა ღონისძიებებს გაატარებს სკოლა ფორმის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

1. ობიექტური მიზეზის გარეშე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში სკოლა იყენებს შემდეგ თანმიმდევრულ ღონისძიებებს:

ა) პირველი შემთხვევა – მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება, მიზეზების დადგენა და დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადის მიცემა;

ბ) შემდგომი განმეორება – დისციპლინური დევნის დაწყება ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით.

2. დისციპლინური ღონისძიების გამოყენებამდე მოსწავლესა და მშობელს უნდა მიეცეთ განმარტების წარმოდგენის შესაძლებლობა.

3. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:

ა) მოსწავლის ასაკი;
ბ) დარღვევის მიზეზი;
გ) დარღვევის განმეორებითობა;
დ) მოსწავლის ჯანმრთელობა და ინდივიდუალური საჭიროებები.

რას გულისხმობს დისციპლინური დევნის დაწყება და დისციპლინური სახდელის დაკისრება

დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება (გამონაკლისი დაიშვება სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობისას), რის გამოც, დისციპლინური სახდელის სახით, თავდაპირველად, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას შენიშვნა, განმეორებით ჩადენისას კი – გაფრთხილება. მოსწავლეს გააფრთხილებენ დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისთვისაც, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე.

როგორია ერთი მშობლის მოსაზრება ფორმებზე, დისციპლინურ დევნასა და სახდელზე

ნათია ქოიავას შვილი თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასში სწავლობს. მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოსწავლე, საკუთარი გადაწყვეტილებით, სკოლაში ფორმით სიარულს არ აპირებს, თავად კი გეგმავს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სასკოლო სამოსზე უარის თქმა შემდეგნაირად დაუსაბუთოს:

„ფორმის ჩაცმა ხომ არ არის ერთჯერადი პროცესი. ანუ გამოდის, რომ ყოველდღე ბავშვი უნდა ვატირო, დავსტრესო, „გავკოჭო“, ჩავაცვა, დავუზიანო ფსიქიკა, მივაყენო ბავშვობის სერიოზული ტრავმა, შევაძულო სწავლა და სკოლა. სწორედ ამას წარვადგენ სკოლაში იმის დასაბუთებად, თუ რატომ არ ივლის ბავშვი ფორმით. მე სულაც მომხრე რომ ვიყო, მას არ სურს. ხშირად ამბობენ – „ბავშვს ვინ ეკითხება?!“. გაოგნებული ვარ – მოსწავლემ უნდა ჩაიცვას ფორმა და აბა, ვის ეკითხება?! თუ შეიცვლის მოსაზრებას და ფორმის ჩაცმას გადაწყვეტს, მე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ“.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მის შვილს დისციპლინური სახდელი დაეკისრება, შესაბამის ზომებს მიმართავს:

„ზედმეტად თუ შეაწუხებენ ჩემს შვილს შენიშვნებით და გაფრთხილებებით, რა თქმა უნდა, განცხადებით მივმართავ პირველ რიგში სკოლის დირექციას, რომ ნუ გადაატანინებენ ბავშვს ყურადღებას სასწავლო პროცესიდან.

რაც შეეხება აღმზრდელობით კომპონენტს და მშობლებთან მრავალგზის გასაუბრებას, არც დრო მაქვს და არც სურვილი, რომ სულ სკოლის კარებზე ვიყო. ერთხელ რომ დავუსაბუთებ, რატომ არ დადის ბავშვი სკოლაში ფორმით, მეორედ რაღატომ უნდა დამიბარონ – კიდევ უნდა მოვუყვე თავიდან და ვასწავლო ზეპირად? გამოდის, აღმზრდელობითი ღონისძიებების გატარება იქით მომიწევს“.

როგორც მშობელი აღნიშნავს, სასკოლო ფორმების საყოველთაოდ შემოღების ინიციატივა არღვევს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს, რომლის მიხედვითაც, ფორმის შემოღების უფლება აქვს ნებისმიერ სკოლასა და სასკოლო საზოგადოებას ერთი კონკრეტული სკოლისთვის და „არა ერთ ადამიანს და ერთ სამინისტროს“.

„ეს არის კანონის დარღვევა, რაზეც მე, როგორც მშობელს, პროტესტი მაქვს. „ერთი კაცის თავსმოხვეულ გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ“ – ამას მე ჩემს შვილს არ ვასწავლი. სულ სხვა საკითხი იქნებოდა, ეს რომ ყოფილიყო მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით, სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილება… და რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა, პოლიესტერის უნიფორმები ძალიან მალე ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება“, – უთხრა ნათია ქოიავამ EDU.ARIS.GE-ს.

ასევე იხილეთ:

დადგინდა, რა ფერის და როგორი სამოსი უნდა ეცვას მოსწავლეს სასკოლო ფორმის პიჯაკის ქვეშ

„დაუშვებელია შორტი, ბრიჯი, გამჭვირვალე სამოსი“ – გაფრთხილება სკოლებიდან იმ მშობლებს, რომელთა შვილების კლასებშიც ფორმა ჯერ არ არის

schools.ge (ნ)