VII კლასის სახელმძღვანელოებზე მოსწავლის მშობელი განათლების სამინისტროს მოთხოვნით მიმართავს – „არა! ასე სწავლა არ ხდება!“
მოსწავლის მშობელი, ნონა ონიანი მეშვიდე კლასის ახალი სახელმძღვანელოების საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართავს და 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ სურვილი აქვს მისი წერილი განათლების სამინისტრომ აუცილებლად ნახოს.
როგორც ქალბატონმა ნონამ დღეს, 9 ოქტომბერს EDU.ARIS.GE-სთან განაცხადა, მისი მიზანია, ეს საკითხი განათლების სამინისტროსა და შესაბამის პირებამდე მივიდეს, “რადგან საქმე ჩვენი შვილების განათლებას ეხება”.
“მე ვარ რიგითი მშობელი. არ ვარ მასწავლებელი, არ ვარ განათლების სისტემის თანამშრომელი და არც რომელიმე სახელმძღვანელოს ავტორი. მაგრამ ვარ მშობელი, რომელსაც აქვს უფლება იკითხოს: რას ვასწავლით ჩვენს შვილებს და, რაც მთავარია, როგორ ვასწავლით?
მეშვიდე კლასის ახალი სახელმძღვანელოების გაცნობის შემდეგ, უბრალოდ გაოგნებული დავრჩი! ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, მსოფლიო ისტორია და სხვა საგნები ისეთი მოცულობითა და სირთულით არის წარმოდგენილი, რომ ჩნდება სრულიად ბუნებრივი კითხვა:
ეს სახელმძღვანელოები ნამდვილად მეშვიდე კლასელებისთვის არის შექმნილი?
მე თავად ქიმია-ბიოლოგიური ფაკულტეტი წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული და ამ სფეროსთან ახლოს ვარ. ამიტომ ძალიან კარგად მესმის, რას ვკითხულობ. და სწორედ ამიტომ მაფიქრებს კიდევ უფრო მეტად ის, თუ როგორ უნდა გაიგოს ეს მასალა 12–13 წლის ბავშვმა. ბავშვს აძლევენ უზარმაზარ ტექსტს, რთულ ტერმინებს, ერთმანეთზე მიყოლილ ინფორმაციას და ელოდებიან, რომ ის ყველაფერს აითვისებს.
არა! ასე სწავლა არ ხდება.
ბავშვი ვერ გახდება განათლებული მხოლოდ იმიტომ, რომ მას უამრავ ინფორმაციას დააყრი.
თუ ბავშვმა ვერ გაიგო, მასალა ნასწავლი არ არის.
თუ მხოლოდ დაიზეპირა, ეს განათლება არ არის!
სკოლა არ უნდა იქცეს ადგილად, სადაც ბავშვს ყოველდღიურად უწევს იმის დამტკიცება, რამდენი ტექსტის დამახსოვრება შეუძლია.
საბუნებისმეტყველო საგნები უნდა იყოს საინტერესო, გასაგები, თვალსაჩინო და ასაკისთვის შესაბამისი. ბავშვმა უნდა შეძლოს კითხვა: „რატომ?“ – და სახელმძღვანელომ უნდა მისცეს მას ამის გაგების საშუალება. ახლა კი ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბავშვს კი არ ვასწავლით, არამედ ინფორმაციით ვტვირთავთ.
და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ:
ყველა მშობელი ვერ იქნება ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ბიოლოგი ან ისტორიკოსი.
რატომ უნდა გახდეს მშობელი ვალდებული, სახლში თვითონ გახდეს მასწავლებელი, რომ საკუთარ შვილს სკოლის სახელმძღვანელო აუხსნას?
თუ სახელმძღვანელო ბავშვისთვისაა შექმნილი, ბავშვმა უნდა შეძლოს მისი გაგება. მე არ ვითხოვ, რომ ბავშვებს მარტივი და ზედაპირული განათლება მივცეთ. პირიქით – მინდა, რომ მათ ჰქონდეთ ძლიერი, ხარისხიანი განათლება, მაგრამ ხარისხიანი განათლება არ ნიშნავს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის ჩატენვას სახელმძღვანელოში.
ამიტომ, როგორც რიგითი მშობელი, მოვითხოვ:
გადახედეთ ამ სახელმძღვანელოებს. მოუსმინეთ მშობლებსა და მასწავლებლებს. შეაფასეთ მათი ასაკობრივი შესაბამისობა!
ჩვენი შვილების განათლება ექსპერიმენტის ადგილი არ არის!
და ბოლოს, მინდა ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვა: ჩვენ, მშობლებს, არ გვჭირდება ლამაზი განათლების სტატისტიკა და ქაღალდზე რობოტების დაწერილი პროგრამები. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები რეალურად სწავლობდნენ, იგებდნენ და აზროვნებდნენ.
თუ სხვასაც აქვს იგივე პრობლემა, გთხოვთ, დაწერეთ კომენტარებში. ამ საკითხზე დუმილი ნამდვილად არ არის გამოსავალი!”, – წერს მოსწავლის მშობელი 8 ოქტომბერს, პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, სადაც საკუთარ პოზიციას სხვა მშობლებიც აფიქსირებენ.
ამავე თემაზე:
-
„ამ გამოცდებით მასწავლებლები ვიქნებით მუდმივ ტონუსში – აბა, ჩვენ ხომ ისე წიგნს არ გადავშლით?!…“
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„საერთოდ ქრება მომავალი დაწყებითი კლასის მასწავლებლების პროფესია, თუ როგორ ვართ? სად ვართ?“
by სოციალური ქსელები
-
„სინამდვილეში, ჩვენ არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს და არც ტექნიკური“
by სოციალური ქსელები
