„ფაქტობრივად, ანტიდედაენა იქნა შერჩეული და წელს ყველა პირველკლასელი ამით ისწავლის“
ქართული ენის კონსულტანტ მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, გიორგი ჭაუჭიძე დღეს, 9 ოქტომბერს, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს ეხმიანება და წერს, რომ წელს პირველ კლასში ერთადერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოდ შემოგვასაღეს წიგნი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ასპექტში ეწინააღმდეგება გოგებაშვილის პედაგოგიკის პრინციპებს:
“ერთმა კაცმან თავისი მეზობლის მამალი ახალუხში ჩამალა და გზას გაუყენა. მიადგა მას კაცსა მეზობელი იგი და ჰკითხავდა:
— მეზობელო და თვალის სინათლევ, ჩემი მამალი ხომ არ გადმოფრენილა შენს ეზოშიო?!
— არა, ჩემმა მზემაო, არაფერი ვიციო! — იფიცებდა კაცი იგი.
— შენს ფიცს კი დავიჯერებდი, მაგრამ მამლის ბოლო ახალუხიდან მოგიჩანს და ამ თვალებს რაღა ვუყოო?!
ამაზედაა ნათქვამი: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”.
იმ მეზობლის დღეში არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მესვეურები:
— არიქა, გოგებაშვილის სულს ვფიცავართ, მისდამი პატივისცემის ნიშნად პედაგოგთა ეროვნული დღე დავაწესეთ 27 ოქტომბერსო…
არადა, მისი ყველაზე დიდი პედაგოგიკური და ფილოსოფიური ნაშრომი ,,დედაენა” სრულიად უგულებელყვეს პირველკლასელებისთვის. მეტიც, ერთადერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოდ შემოგვასაღეს წიგნი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ასპექტში ეწინააღმდეგება გოგებაშვილის პედაგოგიკის (წერისა და კითხვის იტეგრირრებულად სწავლება, თითო სირთულის შემოტანას ულუფებად და ა. შ.) პრინციპებს. ეს შემოსაღებული სახელმძღვანელო თავისთავად საინტერესო (თუმცა ჩემთვის მიუღებელ) კონცეფციას ეყრდნობა, მაგრამ მისი ერთადერთ ვარიანტად გამოცხადება დიდ ეჭვებს აჩენს. მიტ უმეტეს მაშინ, როდესაც ეს სახელმძღვანელო ანტიდედაენაა მეთოდიკური თვალსაზრისით.
სურათის აღწერის მიზნით უნდა დავამატოთ, რომ წელს პირველკლასელების ქართულ სახელმძღვანელოზე ცხრა საავტორო ჯგუფი მუშაობდა. და ამ ცხრა, თავისთავად საინტერესო, ნამუშევართაგან მხოლოდ ერთი, ფაქტობრივად, ანტიდედაენა იქნა შერჩეული და წელს ყველა პირველკლასელი ამით ისწავლის (საბედნიეროდ, კარძო სკოლებს აქვთ სხვა სახელმძღვანელოს არჩევის უფლება — მადლობა უფალს!). ანუ ცხრიდან მხოლოდ ერთმა დააკმაყოფილა გრიფირების კრიტერიუმები. (თუ როგორ ,,დააკმაყოფილა”, ამისთვისაც მოვიცლი და უფრო წვრილად მოგახსენებთ…)
ეჭვი მაქვს, გადაწყვეტილება ამის შესახებ მიიღებულ იქნა გრიფირების კომისიის მიღმა, რადგან სამინისტროს წარმომადგნელები საოცრად უტყვები არიან იმ შეცდომების მიმართ, რომელიც გრიფირების კომისიის დასკვნაში იყო, მაგალითად, ჩვენი ,,ახალი დედაენის” შესახებ. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს საგამომცემლო ბიზნესინტერესებსაც. ვფიქრობ, სათანადო უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ თემით. (სასამართლოში საქმის გადატანა, რასაც რამდენიმე გამომცემლობამ მიმართა, ერაეფექტიანია — ჯერ კიდევ 2018 წლის მახინჯი გრიფირების პრეცესებია შემოდებული იქაურ თაროებზე.)
იმედი გვაქვს, ამ მახინჯი პროცესის გამოსასწორებლად სამინისტროს მესვეურები კიდევ უფრო არ დაამახინჯებენ ვითარებას და საკუთარ თავზე არ აიღებენ სახელმძღვანელოების წერას. ისე, როგორც საბჭოთა კავშირში იყო — ერთადერთი და ,,გამართული” სახელმძღვანელო, რომელშიც ორთოგრაფიულ შეცდომასაც კი ვერ იპოვიდა ადამიანი…
ამას ჯობია, ამ სტატუსის დასაწყისში მოტანილი მოთხრობის პერსინაჟივით, ისევ ცრუფიცილი გააგრძელონ:
— არა, ბატონო, არა! ჩვენ იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკა გვესმის კიდეც და პატივსაც ვცემთ. დაჟე, პედაგოგთა ეროვნული დღეც კი დავაწესეთ სულმნათი იაკობის პოპულარიზაციისთვისო!..
#ფუნდამენტურირეფორმა
#გავიცინეთგვეყოფა
P. S. ჩემთვის მძიმე იყო ამ ფოტოკოლაჟის დამზადება, მაგრამ იძულებული ვარ ასე დავხატო ის ვითარება, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებთა მიერაა შექმნილი”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჭაუჭიძე.
- „ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან როცა ამოიღებ ილიას „ბენდიერ ერს“, განდეგილს“, გასაგებია თუ რა იდეით იმართება „განათლების“ სისტემა“ by სოციალური ქსელები
- „დირექტორმა მასწავლებელს ჰელოუინის შესახებ ინფორმაციული ხასიათის გაკვეთილის ჩატარება „არ ურჩია” by სოციალური ქსელები
- „ისაუბრეთ შვილებთან ან მოსწავლეებთან იმაზე, თუ რა არის ძალადობა“ – მენტორი მასწავლებლის მიმართვა by სოციალური ქსელები