GE

„ეს არის მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური და სოციალური გარემო მასწავლებლის პროფესიულ აღიარებაზე“

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მაია ლაპიაშვილი წერს, რომ მასწავლებლის ეროვნული აღიარება სისტემურ დუმილსაც აღემატება და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს:

„დუმილის ფენომენი” და მასწავლებლის ეროვნული აღიარება: პირადი გამოცდილება და სოციალური კონტექსტი.

2025 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტის სტატუსი მივიღე. ეს აღიარება არა მხოლოდ პირადი პროფესიული წარმატებაა, არამედ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია – ხაზს უსვამს მასწავლებლის როლის მნიშვნელოვანობას თანამედროვე განათლების სისტემაში და საზოგადოების წინაშე.

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დასახელდნენ

კონკურსის მიმდინარეობისას მხარდაჭერა გამოავლინეს მედია, პროფესიულმა და ფინანსურმა ორგანიზაციებმა, რაც ადასტურებს, რომ მასწავლებლის შრომა და პროფესიული წვლილი საზოგადოების ფართო კონტექსტში ფასდება.

მიუხედავად ამისა, ჩემი უშუალო პროფესიული გარემო (სკოლა და რესურსცენტრი) ამ წარმატებას დუმილით შეხვდა. არ ყოფილა მილოცვა, ოფიციალური განცხადება ან აღიარების ჟესტი. ეს შემთხვევა ნათლად ასახავს სისტემურ რეალობას: განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანები ხშირად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომლებიც პროფესიულ ურთიერთობებზეც აისახება.

დუმილი ამ შემთხვევაში უფრო შიშის გამოვლინებაა, ვიდრე პირადი უარყოფა. პროფესიულ საზოგადოებაში არაერთ ადამიანს შეიძლება გულწრფელად გაუხარდეს კოლეგის წარმატება, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტის გამო ვერ ბედავს ხმამაღალ მხარდაჭერას. პედაგოგიკის სოციოლოგიის პერსპექტივიდან, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური და სოციალური გარემო მასწავლებლის პროფესიულ აღიარებაზე.

ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ:

მასწავლებლის ეროვნული აღიარება სისტემურ დუმილსაც აღემატება;

პროფესიული წარმატება ინდივიდის საკუთრებაა და ინარჩუნებს მნიშვნელობას, მიუხედავად ლოკალური გარემოს რეაქციისა;

ფოკუსი უნდა გაკეთდეს იმ სივრცეებსა და ადამიანებზე, სადაც რეალური პროფესიული მხარდაჭერა და სოლიდარობა არსებობს.

საბედნიეროდ, ჩემი მოსწავლეები და ათასობით მასწავლებელი აღიარებს ჩემს პროფესიულ წვლილს მათ განვითარებაში, მაქვს მრავალწლიანი პროფესიული ქსელი და სივრცეები, სადაც მუდმივად ვიღებ მხარდაჭერას და სოლიდარობას.

ამრიგად, მიღწეული შედეგი მხოლოდ ინდივიდუალური გამარჯვება არ არის. ის ასახავს იმ პრინციპს, რომ მასწავლებლის შრომა, სითამამე და მოქალაქეობრივი პოზიცია შესაძლოა ადგილობრივ დონეზე დუმილს შეხვდეს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ღირებულებას ეროვნულ და საზოგადოებრივ კონტექსტში”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური