GE

გამარტივებული პორტფოლიო და გაზრდილი ხელფასი – სიახლეები პედაგოგებისთვის

საჯარო სკოლის პედაგოგების ხელფასები მომავალი 2 წლის მანძილზე სამჯერ გაიზრდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყების მიერ დაგეგმილი სახელფასო პოლიტიკა ვრცელ პრეზენტაციაზე პირადად გააცნო.

თამარ სანიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელფასების მატება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან პირდაპირ კავშირშია.

სქემისა და გეგმის მიხედვით, პირველადი ზრდა 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება და საბაზო ხელფასი 17%-ით გაიზრდება. სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოიაზრება, საშუალოდ, 31-34%-ით გაიზრდება. შესაბამისად, საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე 760 და 860 ლარი იქნება.

2015-2016 აკადემიური წლის ხელფასის ზრდის მეორე ეტაპი 2016 წლის აპრილის თვიდან განხორციელდება და საბაზო ხელფასი ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება. მასწავლებელის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოიაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალოდ, 47%-ით გაიზრდება. შესაბამისად, საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე 875 და 1085 ლარი იქნება.

მასწავლებლის ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი 2017 წლის იანვრიდან განხორციელდება.მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოისაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრულ განაკვეთის შემთხვევაში გაიზრდება საშუალოდ 88%-ით. შესაბამისად, საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე 1050 და 1250 ლარი გახდება.

შეხვედრაზე დამსწრე პედაგოგთა უმრავლესობა ხელფასის მატებას იანვრიდან ელოდა, თუმცა მინისტრმა განმარტა, რომ ხელფასების ახალი წლის დასაწყისიდან გაზრდის საშუალებას სახელმწიფო ბიუჯეტი არ იძლევა.

“ნამდვილად ველოდი, რომ ხელფასები იანვრიდან გაიზრდებოდა, გულიც დამწყდა.. მაგრამ რას იზამ… მთავარია, ის რასაც ახლა დაგვპირდნენ სექტემბრიდან მაინც შესრულდეს,”- განუცხადა Aris.ge-განათლებას ხონის მეორე სკოლის პედაგოგმა.

“ყველას, მათ შორის მეც, მინდა, რომ ხელფასები ახლა, ამ წუთში გაიზრდოს, მაგრამ ასე არ ხდება… კარგია, რომ დაიგეგმა და ვფიქრობ შესრულდება კიდეც. მთავარია, ხელფასების ზრდასთან ერთად ყველაფერი არ გაუფასურდეს, როგორც ხდება ხოლმე. ხელფასების მატებას დიდი დამცავი მექნიზმი სჭირდება,”- ამბობს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი ალექსანდრე ჭიპაშვილი.

სახელფასო პოლიტიკის ირგვლივ არსებული საკითხების გარდა, შეხვედრაზე კითხვები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გარშემოც დაისვა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ “პორტფოლიოების ფორმატი მაქსიმალურად გამარტივდება საბოლოო ვარიანტი კი სპეციალური კომისიის მუშაობის ფარგლებში ჩამოყალიბდება”.

დამსწრე პედაგოგებმა დაგეგმილი სიახლე დადებითად შეაფასეს.

ქეთევან ლომიძე 215 სკოლი პედაგოგი – ძალიან შრომატევადი სამუშაო გვქონდა ჩასატარებელი, მიხარია, რომ პორტფოლიოები გაამარტივეს და პედაგოგებს ხელი შეგვიწყვეს.

რაც შეეხება სპეციალურ კომისიას, რომელმაც სქემაზე უნდა იმუშაოს, მას განათლების სამინისტროს წარდგინებით უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცებს.

კომისიამ უნდა განსაზღვროს:

სქემაში გადანაწილებისა და მასწავლებლის შეფასების წესი, სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესი, სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი საქმიანობის და აქტივობების ჩამონათვალი, კრედიტ ქულების შეწონვის წესი და მათი კონვერტაცია.
თამარ სანიკიძე ვარაუდობს, რომ კომისია მუშაობას წლის ბოლომდე თუ არ დაასრულებს, დაიწყებს მაინც და მომავალი, 2015 წელი მთლიანად პედაგოგთა საკლასო შეფასებას დაეთმობა.

რაც შეეხება პედაგოგებს შორის გაჩენილ კითხვას – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მასწავლებელი უარს იტყვის ახალ სქემაში მონაწილეობაზე, განათლების მინისტრი განმარტავს, რომ “სქემა სავალდებულოა და მას პიროვნება მასწავლებლის პროფესიის არჩევასთან ერთად ირჩევს.”

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური