GE

ღია წერილი და მოთხოვნები განათლების მინისტრს: „დირექტორთა კონკურსის ახალ წესში გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა“

საჯარო სკოლის დირექტორთა კონკურსის ე.წ. დაბლოკილი კანდიდატები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის მინისტრს ღია წერილით მიმართავენ და მასთან კონკურსის ჩატარების ახალ წესთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები და მოთხოვნები აქვთ.

დირექტორობის მსურველი 13 კანდიდატის ხელმოწერით გამოქვეყნებულ წერილს EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანებთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი არის ძველი, 2011 წლის დირექტორების შერჩევის წესი და შემოგვთავაზეთ ახალი წესი 15 თებერვალს. აცხადებთ, რომ ახალი წესი არანაირ სპეკულაციას არ გამოიწვევს იმედის ეთერიდან და ჟურნალისტსაც არცერთი კონკრეტული კითხვა არ უჩნდება უშუალოდ წესიდან. ეს გასაგებია, მან არ იცის არც ძველი წესი და არც ახალი წესი, ისიც არ იცის, რომ ცვლილებები კი არ შევიდა, შეიცვალა და ძველი წესი საერთოდ გაუქმდა.

ახალ წესში გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა, ვიდრე ძველში იყო.

ჩვენ, განათლების დამცველთა ასოციაციამ, 17 თებერვალს, გავმართეთ კონფერენცია კონკურსების შესახებ სახელწოდებით „ ადამიანური რესურსების შერჩევა და განათლების მომავალი“.

პირადად გადმოგეცით მოსაწვევი თქვენ და სახალო დამცველს. არცერთი, არათუ არ მობრძანდით, წარმომადგენელიც კი არ გამოგზავნეთ. რა შეიძლება ამით გავიგოთ?

მხოლოდ ის, რომ თქვენ არ გსურთ მოისმინოთ სამართლიანად გაჩენილი კითხვები და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეთ. ახლა კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რატომ არის დირექტორების შერჩევის ახალი წესი ბუნდოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონფერენციის სრული ჩანაწერი დევს განათლების ომბუდსმენის ფეისბუქ-გვერდზე.

1. ბუნდოვანია, დირექტორობის კანდიდატის დეფინიცია, დირექტორობის კანდიდატი ხდები სურვილის გამოთქმისას, თუ სამეურვე საბჭოებთან წარდგენამდე პერიოდში;
2. აქამდე არსებობდა ორი რეგისტრაცია, ერთი ტესტირებამდე, მეორე – სკოლებში ვაკანსიების გამოცხადებისას, როცა აპლიკანტი ირჩევდა სკოლებს. ახლა ერთი რეგისტრაციაა და როდის რეგისტრირდება უკვე სერტიფიცირებული აპლიკანტი რა მიზანი გქონდათ ამ ცვლილებისას და რა გააუმჯობესა ამან? ბუნდოვანია და აგვიხსენით.
3. დავუშვათ, გაქვთ პასუხი და ორშაბათს იწყებთ რეგისტრაციას, სადაა ვაკანტური სკოლების ჩამონათვალი რეგისტრაციის დაწყებამდე, რომ აპლიკატმა იფიქროს და შეარჩიოს სასურველი სკოლა? (ეს კითხვა წესს არ ეხება, რასაკვირველია);
4. გააუქმეთ პირველი გასაუბრება და მივესალმებით, მაგრამ სერტიფიკატიც გააუქმეთ? არსებობს ამ ეტაპზე სერტიფიკატის ცნება, თუ აღარ არსებობს? ეს ამ წესიდან არ ჩანს.
5. თუ ან გასაუბრება და ან სერტიფიკატი, ერთ-ერთი მაინც გააუქმეთ, მაშინ რატომ უნდა გაიაროს 2023 წელს გამოცდაჩაბარებულმა ტესტი? თუ თვლით, რომ ძველი წესია დამნაშავე, თუ თვლით, რომ ეს გასაუბრება ზედმეტი იყო, ჩვენ რომ დაგვბლოკეს და მოხსენით, ტესტი იმავე სირთულისა დატოვეთ, რას ემსახურება თავიდან ტესტირება? იმას ხომ არა, რომ ტესტირებაზევე შექმნით დაბლოკვის მექანიზმს?
6. თუ გასაუბრების ზედმეტობა აღიარეთ, გარდამავალ დებულებაში უნდა ჩაგეწერათ არა მოქმედი სერტიფიკატის მქონე, არამედ ტესტგადალახული ყველა აპლიკანტი დაიშვება წარდგენის კონკურსზე. ეს ლოგიკურია, დღეს მოქმედი სერტიფიკატის მქონეა ის სუბიექტიც, რომელსაც 2013 წელსაც კი არ გაუვლია ტესტირება, რადგან მოქმედი სერტიფიკატი ჰქონდა უკვე, გახდა ან დარჩა დირექტორი და სერტიფიკატის განახლებისთვის ტესტირება აღარასოდეს გაუვლია. გაგახსენებთ, რომ 2023 წლის ტესტი შეიცვალა და ჩვენ განსხვავებული დავწერეთ უკვე. მას არ სჭირდება ტესტი და ჩვენ გვჭირდება 2023 წელს რომ გავიარეთ იმათ?
7. თქვენ წერთ მეათე მუხლში, რომ მონიტორინგი ევალება ზოგადი განათლების დეპარტამენტს და არაა დაზუსტებული, რომელი ეტაპის მონიტორინგი ევალება. გასაუბრებების კომისიებში დღემდე ეს ადამიანები იყვნენ და რანაირად ხდება ეს, რომ თვითონ ატარებენ კონკურსს და თვითონ ევალებათ მონიტორინგიც? თქვენი ბრძანებით სხვა ხალხი შევა იმ კომისიებში, წარდგენის ეტაპზე რომ იმუშავებენ, თუ ისევ ქალბატონები: ლალი კალანდაძე, ეკა ხუციშვილი მარიამ ძიძიგური და სხვები, გასაუბრებაზე რომ სხვას შემოუშვებენ და ხელს მოაწერენ ჩვენს შეფასებაზე?
8. გარდა ამისა, რა ადამიანური და ფინანსური რესურსით გააკეთებს მონიტორინგს ზოგადი განათლების დეპარტამენტი? როგორ გასწვდება 1500- მდე სკოლას? ამას ვერ ჩაწერდით წესში, მაგრამ წარმოუდგენელია და განმარტებას საჭიროებს.
9. ჩვენ ვითხოვდით წარდგენის გასაუბრების გაუქმებასაც სავსებით სამართლიანად, რადგან სრულიად ზედმეტია. ექსპერტები აცხადებენ, რომ შეუძლებელია კომისიაში მყოფი 4-5 ადამიანი საქართველოს ყველა სკოლის საჭიროებას ერთნაირად კარგად ხვდებოდეს და სამინისტროსგან საკმარისი იქნებოდა, აპლიკანტის შემოწმება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგალითად, შემოწმება ნასამართლევია თუ არა, ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს თუ არა და მსგავსი… ამას სკოლაც ძალიან კარგად შეძლებდა და ესეც ზედმეტად მიგვაჩნია, მაგრამ მაინც.

დაუსაბუთებელი წარდგენის გასაუბრების დატოვებით თქვენ დაიტოვეთ, თუნდაც თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა და ჩვენი რვათვიანი პროტესტი არაფრად ჩააგდეთ.

და რადგან რეალობა ასეთია როგორიც არის, ამ ეტაპზე ჩვენ მოვითხოვთ:

1. გაეცეს ახალ წესზე კითხვებს პასუხი და ბუნდოვანება გაიფანტოს;
2. 2023 წელს ვინც გადალახა ტესტირების ეტაპი, თავიდან ტესტირება აღარ მოსთხოვოთ (ეს დაზოგავს დროს, რესურსს, ემოციებს…)
3. კომისია შექმნათ ნამდვილად ინკლუზიური და ადეკვატურიც და გადაღების შესაძლებლობა მისცეთ ყველა მსურველ აპლიკანტს;
4. პასუხი არ გაწელოთ დროში და მაშინვე ეცნობოს აპლიკანტს შედეგი, გასაუბრებაზე რომ გავა. დღის განმავლობაში მაინც;
5. კომისიამ განმარტოს, რატომ ეთქვა თანხმობა ან უარი აპლიკანტს და არ დასჭირდეს მას თვეები ელოდოს თავის შედეგს, განმარტება კი მაინც ვერ მოისმინოს.
6. კრიტერიუმები და კომისიის წევრების ვინაობა გაცხადდეს გასაუბრების დაწყებამდეც.
7. შესაძლებელი გახდეს კომისიის წევრის აცილება.
8. ტესტირების შემდეგ აპელაციაზე მიეცეს აპლიკანტს შესაძლებლობა, გაესაუბროს უშუალოდ სააპელაციო კომისიას და მიიღოს განმარტებები
9. ყოველთვის, ყველა ეტაპზე, გახსოვდეთ რომ თქვენ არჩევთ სკოლის ლიდერს და არა თქვენი აშენებული სასტუმროს მენეჯერს!
დაღლილი და გაწამებული დირექტორი არცერთ სკოლას არ გამოადგება, გაუფრთხილდით დირექტორობის კანდიდატის ჯანმრთელობას, მას სკოლაში გზავნით და არა ფრონტზე, ნერვების წვრთნა შეწვიტეთ!

ამასთანავე, სამომავლოდ მაინც დაიწყეთ მუშაობა, რომ:

1. მოიხსნას საეჭვო და არაფრისმომცემი წარდგენის გასაუბრებაც;
2. სკოლის დირექტორი აირჩიოს მთლიანად სასკოლო საზოგადოებამ და აპლიკანტს არ უწევდეს (უმეტეს სკოლებში ასეა, ბედნიერი გამონაკლისი არსებობს,ცხადია), მანამდე მოქმედი დირექტორის მიერ შერჩეულ და არა სასკოლო საზოგადოების მიერ არჩეულ სამეურვეო საბჭოსთან წყლის ნაყვა.

მაია ეკალაძე
დავით ფერაძე
თამარ ფაჩულია
მანანა მიქავა
ნონა ფიფია
შორენა შამათავა
გვანცა აქიმიძე
მზია მიქავა
ლანა არახამია
ნონა თოდუა
თინათინ მაისურაძე
ნანა მერკვილაძე
ზვიად ყალიჩავა

წერილს ხელს აწერს დირექტორობის ცამეტი დაბლოკილი კანდიდატი. მათი სახელით ეს განცხადება შევა უშუალოდ სამინისტროშიც, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალური სურათი ცვლილებების შემდეგ და დაბლოკილი კონკურსანტების მოთხოვნებიც”.

ასევე იხილეთ:

გამოქვეყნდა საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის საგამოცდო პროგრამა, ტესტის ნიმუში და რეგისტრაციის ინსტრუქცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური