GE

გიორგი კეკელიძე: „პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან“

საქართველოს პარლამენტის ეტროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობიდან უნდა წავიდეს.

ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება – გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა – მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს.

ჩემთვის ემოციურად ეს არ არის რიგითი ამბავი, შეიძლება რაღაც აზრით მთავარიც კი არის, რადგან ეს სივრცე ჩემთვის იყო არა რაღაც თანამდებობა, არამედ საუკეთესო გზა განათლების გავრცელების. და ათასობით დეტალი ხვალინდელი დღის და განვითარების ამ ქვეყნისთვის. და ძნელია, შეუძლებლად ძნელიც კი ამის ჩამომსხვრევა – თუმცა არანაირი ინტერვიუ არ იქნება ჩემგან, არანაირი ბრძოლა და ,,ბრძოლა” – გავუმკლავდები”, – წერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური