„იმაში, რაც NAEC-ის თავს ხდება, რომ ერთი და იგივე ადგილას დგას და მისი საქმიანობა წყლის ნაყვაა, თავად ეს ორგანიზაცია არაა ბრალეული“
ისევ იქ დგას, სადაც 20 წლის წინ – ესაა ის ზოგადი დასკვნა, რასაც განათლების სფეროს მკვლევარი, ექსპერტი, პროფესორი გიორგი გახელაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 20 წლის თავზე, ორგანიზაციის ამ საკმაოდ ხანგრძლივი საქმიანობის შეჯამებისას აკეთებს. მისი აზრით, ცენტრს, ფაქტობრივად, უგულვებელყოფილი აქვს მისი ერთ-ერთი პირველადი ფუნქცია – საგანმანათლებლო მიღწევების შეფასება და მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზატორის როლშია დარჩენილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) 2002 წელს დაარსდა. 2005 წელს, მისი ორგანიზებით, პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა, რომელიც სწორედ ცენტრის მიერ შეიქმნა. ეს მაშინდელი უმაღლესი განათლების სისტემაში ნამდვილად დიდი სიახლე იყო. გამოცდები სასელექციო ხასიათისაა, მთელი საგამოცდო პროცესი კი სტანდარტიზებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცედურა დადგენილი სტანდარტის მიხედვით მიმდინარეობს და აბიტურიენტები, თავად გამოცდების დროს, თანაბარ პირობებში არიან. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ცენტრმა და საგამოცდო სისტემამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კორუფციის აღმოფხვრაში.
მას შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდას, სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტირებას, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირებას, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდას. ასევე, ცენტრი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო გამოცდების ჩატარებას (Cambridge Exams, TOEFL, ACCA ) საქართველოში. მცირედ სიახლეებს თუ არ ჩავთვლით, არც საგამოცდო და არც შეფასების სისტემას, ამ ოცი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. უკვე დიდი ხანია, განათლების სფეროს სპეციალისტთა ნაწილი საგამოცდო სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს. ისინი იმ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებენ, რომლებიც ორგანიზაციას აქვს, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლავ იმ გზას მიჰყვება, რომელსაც 2002 წელს დაადგა.
გიორგი გახელაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში NAEC-ის 20 წლიან ისტორიას აფასებს და ამბობს, რომ მთავარი მიღწევა, რაც მას აქვს, ორგანიზაციის შიგნით იმ ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაა, რომელიც დღეს მაინც იძლევა საშუალებას შეასრულოს ერთ-ერთი მთავარი თავდაპირველი ფუნქცია- საგანმანათლებლო მიღწევების ეროვნული შეფასება, რაც ამ 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გაკეთდა. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელთა განხორციელებაც ორგანიზაციისა და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, გახელაძის აზრით, ცენტრის სტატუსის შეცვლით უნდა დაიწყოს და ერთიანი ეროვნული საგამოცდო სისტემის ცვლილებით გაგრძელდეს. ჰიპერცენტრალიზებული საგამოცდო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე, მისი შეფასებით, საერთაშორისო გამოცდიელბაცა და კვლევებც ცხადად მიანიშნებენ, რომლებიც ყოველ ჯერზე ცხადჰყოფენ, რომ იგი განათლების ხარისხის კი არ ავითარებს, არამედ პირიქით-აბრკოლებს.
„ვისურვებდი, რომ ის (NAEC) აღარ ყოფილიყო სსიპ-ი, არამედ გამხდარიყო დამოუკიდებელი ორგანიზაცია. naec-მა, როგორც სსიპ-მა, თავისი დრო მოჭამა, ისევე როგორც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სხვა სსიპ-ებმა. დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაციების არსებობის დროა, თუკი გვინდა, რომ ხარისხიანი საგანმანათლებლო სისტემა გვქონდეს“, – აცხადებს ექსპერტი.
თუმცა, მხოლოდ NAEC-ის გარდაქმნა დამოუკიდებელ ორგანიზაციად, თუკი არავინ ახლებს ხელს სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც აგრეთვე განათლების სახელმწიფო მმართველობის სისტემაში არიან, მისი შეფასებით, შედეგიანი ვერ იქნება. ანუ, ცვლილებათა მთელი ჯაჭვია საჭირო და შეფასებისა და გამოცდების ცენტრის რეფორმირება ამ ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია. ამ პროცესში კი მთავარი როლი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენიჭება, რადგან სწორედ მან უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება რადიკალური ცვლილებების თაობაზე და დაქვემდებარებული რგოლები საკუთარი მმართველობიდან გაათავისუფლოს.
სისტემის დეცენტრალიზაცია, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებისათვის გადაცემა და თავისი უფლებამოსილებების უკიდურესი შეზღუდვა საგანმანათლებლო სიტემაში-სწორედ ეს იქნებოდა პირველი აუცილებელი ნაბიჯები, ჩვენი რესპონდენტის შეფასებით.
„სამინისტროში რომ გონიერი ადამიანები იყვნენ, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ, პირველ რიგში, მოამზადებდნენ და ინიცირებას გაუკეთებდნენ დეცენტრალიზაციისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს არა მხოლოდ განათლების შესახებ სხვადასხვა კანონში, არამედ საკონსტიტუციო დონეზე.
„სინამდვილეში, იმაში, რაც ნაეკის თავს ხდება, რომ გამოცდილების დაგროვების მიუხედავად, ერთსა და იმავე ადგილას დგას და მისი საქმიანობა წყლის ნაყვაა, რა თქმა უნდა, თავად ეს ორგანიზაცია არაა ბრალეული. ამ მდგომარეობაში, ისინი საერთო ვითარებამ და განათლების სისტემის მმართველობამ ჩააყენა იმით, რომ დაახლოებით 2005 წლიდან, როცა მათი საგამოცდო საქმიანობა, რომელიც, წესით, დროებითი ფუნქცია იყო, ყველაზე დიდ წარმატებად იქნა მიჩნეული. თავად ამ ორგანიზაციის შიგნითაც, პირველი ხელმძღვანელისა და მის გარშემო შემოკრებილი გუნდის მხრიდან, ეს აღქმული იყო როგორც უნიკალური წარმატება. ასე რომ, მათაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყეს იმას, რომ ნაეკი ამ საქმიანობაში ჩარჩენილიყო. თუმცა, სამინისტროს და მთავრობას დროულად რომ ჰქონოდა განსხვავებული პოზიცია, თუნდაც 2009-2010 წლისათვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ორგანიზაციაც უფრო სასარგებლო ფუნქციებზე გადაეწყობოდა“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში გიორგი გახელაძე.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე მიმდინარეობს თუ არა ამ თემაზე მსჯელობა ხელისუფლებასა და ექსპერტებს შორის თუ არა, თუნდაც პროფესიულ წრეებში, იგი გვპასუხობს რომ ძალიან იშვიათად.
ჰიპერცენტრალიზაცია, მისი თქმით, იმაშიც გამოიხატება, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესი ფავორიტ, ელიტურ, დახურულ წრეებში მიმდინარეობს. მით უმეტეს, ბოლო 5 წლის განმავლობაში და შესაბამისად, განხილვებიც გაიშვიათებულია. ჩვენი რესპონდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ არასამთავრობო წრეებშიც კი, საგამოცდო სისტემის რადიკალური ცვლილების საკითხი არ არის პოპულარული.
„ცოტანი ვართ ისეთები, რომლებიც ვამბობთ და ვასაბუთებთ, რომ არსებული სისტემა მოყირჭებული და დამაბრკოლებელია. ეს უფრო საერთო სახელმწიფო მსოფლმხედველობასა და განათლების სისტემაში სახელმწიფო როლის ხედვას უკავშირდება. სამწუხაროდ, ჩვენთან, მათ შრის განათლებისა და პედაგოგიკის სპეციალისტთა შორის, მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემაში სახელმწიფო ფუნქციის სიჭარბეს უჭერენ მხარს. საგამოცდო სისტემის ცვლილებაზე, ადმიანები, თამამად არ საუბრობენ და პროფესიულ წრეებშიც ეს აზრი არც ისე პოპულარულია. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“, -დასძენს გიორგი გახელაძე.
თემაზე კომენტარი შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის პირველ ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ვთხოვეთ, რომელიც ორგანიზაციას, მცირეხნიან წყვეტებს თუ არ ჩავთვლით, 16 წლის განმავლობაში ედგა სათავეში, თუმცა მან საუბრისგან თავი შეიკავა.
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება