მთავრობა: დაგეგმილია ეროვნული გამოცდების რეფორმირება
დაგეგმილია ეროვნული გამოცდების რეფორმირება სახელმწიფო ინტერესების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ სქელტანიან დოკუმენტშია საუბარი, სადაც განათლების სისტემის გამოწვევევბთან ერთად, მისი გადაჭრის მთავრობისეულ ხედვაზეა საუბარი.
მთავრობა უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარებას შრომის ბაზრის გამოწვევების შესაბამისად გეგმავს და მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება წარმოადგენს, რომელიც თავის თავში შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტს მოიაზრებს და ეს ხელს შეუწყობს ინსტიტუციური და ინდივიდუალური მიღწევების გაუმჯობესებას.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში მთავრობა განმარტავს, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით.
„აღნიშნულ მოდელში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი (აკადემიური, სამეცნიერო, ინტერნაციონალიზაცია), რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუციურ მდგრადობას და ქმნის სტიმულს შემდგომი განვითარებისთვის, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი დამატებით გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი (Smart Specialization for Higher Education), რაც გულისხმობს რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტების (მაგ.: მეღვინეობა, ვეტერინარია და ა. შ.) მიხედვით გარკვეული დარგების დაფინანსებას. გარდა ამისა, დაფინანსების ახალი მოდელის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციული მართვის მონაცემთა სისტემის შექმნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციონალური ეფექტიანობის გასაზომად და დაფინანსების ახალი ფორმულა შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის დასამუშავებლად“, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ხედვაში სახელწოდებით „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“.
დოკუმენტიდან ვიგებთ იმასაც, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებული მექანიზმებისა და ანგარიშვალდებულების დაბალანსებული სისტემის საშუალებით 2030 წლისთვის უნდა განხორციელდეს და ამაში იგულისხმება როგორც უმაღლესი განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია, ასევე სექტორის კონსოლიდაცია, თუმცა უკავშირდება თუ არა რესტრუქტურიზაცია და კონსოლიდაცია საკადრო პოლიტიკის ცვლილებას, ან სხვადასხვა უწყების შერწყმას, ეს დაკონკრეტებული არ არის.
2030 წლისთვის, მთავრობა გეგმავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელებას, რომელმაც მათი აზრით, უნდა განავითაროს როგორც ცალკეული ინდივიდები, ისე ინსტიტუტები: განხორციელდება ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, აკადემიურ პერსონალში, მკვლევრებსა და, ზოგადად, განათლებისა და გადამზადების, ასევე კვლევისა და ინოვაციის სისტემებში დასაქმებულ ინდივიდებში.
გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დივერსიფიცირებისა და მათი საქმიანობის პროფილის გაფართოების მიზნით, მთავრობა ასევე გადადგამს ნაბიჯებს უმაღლესი განათლების სექტორში პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამების შესამუშავებლად, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შრომის ბაზრის საჭიროებებსა და სწავლა-სწავლების სფეროში ინოვაციურ მიდგომებთან.
დოკუმენტში განმარტებულია, თუ რომელ უნივერსიტეტებს ექნებათ მრავალწლიანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.
„მრავალწლიანი დაფინანსების მიღების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტული შეფასების ფარგლებში დამატებით შეირჩევა საერთაშორისო დონეზე კონკურენტული უნივერსიტეტები, რომლებიც ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევიან და მაღალი ხარისხის კვლევების განხორციელების დიდი პოტენციალით გამოირჩევიან. გარდა ამისა, წახალისდება უმაღლესი სასწავლებლების მიერ მმართველობით ორგანოებში დაინტერესებული მხარეების ჩართვა, რაც დაეხმარება მათ შრომის ბაზრისა და საზოგადოების სწრაფად ცვალებადი საჭიროებების უკეთესად აღქმასა და რეაგირებაში. გაგრძელდება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“, – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის 2030 წლის ხედვაში.
ასევე იხილეთ:
„გაიზარდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსების შესაძლებლობები“
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება