იწყება რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე – ვადები და პროგრამების ჩამონათვალი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დღეს, 25 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
სამინისტროს ცნობით, 2025 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი. სურვილის შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს აქვთ უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელებულ პროგრამებზე. აღნიშნული მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს, როდესაც პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გარკვეული ნაწილი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
2025 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – vet.emis.ge.
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო