„უფასოდ სწავლა ყველასთვის მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ…“ – მომავალი მაგისტრები განათლების რეფორმაზე
უმაღლეს განათლებაში მიმდინარე რეფორმას, რომელიც ბაკალავრებსა და მაგისტრებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობას უჩენს და ასევე „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს ამკვიდრებს, მომავალი მაგისტრები რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 23-24 ივლისს გავიდნენ, განსხვავებულად აფასებენ. მათი ნაწილი ცვლილებებს დადებით ნაბიჯად მიიჩნევს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ რეფორმა სტუდენტებისთვის დამატებით სირთულეებსა და არათანაბარ პირობებს შექმნის.
როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას მომავალი მაგისტრი ანა ჯანჯღავა ამბობს, ახალი მიდგომა სტუდენტების ხარჯებს გაზრდის.
„ჩემი აზრით, ეს რაღაცნაირად შანსებს შეუმცირებს ბავშვებს, რომლებსაც სურთ, კონკრეტულ ადგილას მიიღონ განათლება. თან, ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუკი, მაგალითად, ბათუმში მინდა რაღაც ფაკულტეტზე სწავლა და ვცხოვრობ თბილისში, ბუნებრივია, რომ გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. თან, ჩვენ არ გვაქვს ისეთი კამპუსები და საცხოვრებლები, როგორიც ევროპაშია, ვერ შეექმნებათ ისეთი გარემო, როგორიც სჭირდებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტებს, თორემ კერძო უნივერსიტეტებს აქვთ“, – გვიხსნის მომავალი მაგისტრი.
რეფორმის პოზიტიურ მხარედ სტუდენტების ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას მიიჩნევს, თუმცა ამავე დროს „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
„სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასოდ სწავლა დადებითია სტუდენტებისთვის, რადგან ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ თანხა იხადოს. მაგრამ უნივერსიტეტების ავტონომიას არღვევს, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მიდგომა. მაგალითად ჯავახიშვილი, რომელიც უფასო გახდა და სამართლის ერთადერთი ფაკულტეტი სწორედ აქ დარჩა, არ აქვს ფიზიკურად იმდენი ადგილი რომ ყველა სტუდენტი მიიღოს, შესაბამისად, ნაწილობრივ მომწონს და ნაწილობრივ არ ვეთანხმები“, – აცხადებს ლიზა ლიკაშვილი.
მომავალი მაგისტრი ლექსო კაშია კი მიიჩნევს, რომ რეფორმას რეგიონების განვითარების კუთხით დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა საწყის ეტაპზე გამოწვევებიც იქნება:
„ურბანული განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება, რომ სხვადასხვა ქალაქში იყოს სასწავლებლები, მაგრამ რთული იქნება თავიდან. იმიტომ, რომ ყველა საგანმანათლებლი ცენტრი არის თბილისში, უმეტესობა მაინც. კი, არის ქუთაისში და ბათუმშიც, მაგრამ თუ ბათუმში მყოფ ადამიანს უნდა რომ კონკრეტულ ფაკულტეტზე ისწავლოს, თბილისში უნდა ჩამოვიდეს, ასე რომ, რაღაც მხრივ სამართლიანი იქნება”.
უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩვენი რესპონდენტები კონკურენციის ზრდასა და სტუდენტების მიღების შემცირებულ შესაძლებლობასაც ასახელებენ.
„არანაირად არ არის სამართლიანი არსებული რეფორმები, პირველ რიგში, პროცენტულად სტუდენტების მიღება არის ძალიან დაწეული, ძალიან რთულია რომ მოხვდე, ვისაც დრო არ აქვს და უნდა, ბაკალავრის დამთავრებისთანავე ჩააბაროს მაგისტრატურაზე, მცირე მომზადების დროით, ფაქტობრივად ვერსად მოხვდება”, – ასეთია ანა ანანიძის პოზიცია.
ამავე მოსაზრებას იზიარებს სამაგისტრო გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი ლიკა, რომელიც ფიქრობს, რომ ცვლილებების განხორციელებამდე განათლების სისტემის გაძლიერება იყო საჭირო:
„უფასო სწავლა ყველასთვის მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ შეიძლება კონკურენცია იმდენად გაიზარდოს, რომ ბევრი აბიტურიენტი სასურველ ფაკულტეტზე საერთოდ ვერ მოხვდეს. ვფიქრობ, ჯერ განათლების სისტემის გაძლიერებაა საჭირო და შემდეგ მსგავსი მასშტაბური ცვლილებების განხორციელება“.
მომავალი მაგისტრების შეფასებები აჩვენებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შანსის გაჩენას უმეტესობა დადებითად აფასებს, თუმცა „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკა და განსხვავებული მოსაზრება არსებობს, როგორც რეგიონული განვითარების შესაძლებლობაზე, ისე გაზრდილ კონკურენციაზე, უნივერსიტეტების რესურსებსა და სტუდენტებისთვის დამატებით ფინანსურ გამოწვევებზე.
ესაუბრა მარიამ ბარამიძე
ასევე იხილეთ:
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ლიტერატურაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როდის და როგორ წყვეტს გამოცდების ცენტრი ტესტის რომელი ვარიანტი უნდა გამოცხადდეს რთულად – NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
„დავითიანი”, „კაცია-ადამიანი?!”, ვაჟა-ფშაველა – ლიტერატურის გამოცდაზე თითქმის ყველაფერი მოვიდა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე