„იყო შემთხვევები, როცა საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირდაპირ ავალებდა სკოლას კადრის დასაქმებას“
პედაგოგთა პროფესიაში შესვლისა და დაქირავების სისტემაში 2019 წელს განხორციელებულმა სარეფორმო აქტივობებმა მასწავლებელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ვაკანსიების წარმოქმნა გამოიწვია და ამავდროულად ხელი შეუწყო პედაგოგთა დაქირავების პროცესში კეთილსინდისიერების დარღვევის რისკების ზრდას.
ამის შესახებ საუბარია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში „პედაგოგთა დაქირავება საქართველოში: INTES-შეფასება“, რომელიც განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელთან (NEPC) და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრთან (CAPI) თანამშრომლობით მომზადდა.
კვლევის ფარგლებში შექმნილი იყო რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პედაგოგები მონაწილეობდნენ.
„თითოეულ ფოკუსჯგუფში დაახლოებით 10-12 რესპონდენტი მონაწილეობდა. სულ ჩატარდა ფოკუსჯგუფის სამი დისკუსია და მათში 29 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა (12 – დედაქალაქიდან, 17 – რეგიონიდან). ამ 29 რესპონდენტიდან 17 აიყვანეს სამსახურში, 2-ს უარი უთხრეს სამსახურში აყვანაზე, ხოლო 10-ს უარი უთხრეს სამსახურში აყვანაზე ერთ ან მეტ სკოლაში, მაგრამ აიყვანეს სხვა სკოლაში“, – აცხადებენ ანგარიშის ავტორები.
კვლევის ფარგლებში ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა სკოლის დირექტორებთან, დირექტორის მოადგილეებთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან, შესარჩევ კონკურსში მონაწილე ცალკეულ კანდიდატებთან (რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ფოკუსჯგუფში მონაწილეობის ნაცვლად პირისპირ ინტერვიუში მიეღოთ მონაწილეობა) და განათლების ექსპერტებთან. სკოლის დირექტორები ჩაღრმავებული ინტერვიუებისთვის იმ სკოლების სიიდან შეირჩა, რომლებსაც გამოცხადებული ჰქონდათ ვაკანსიები.
სკოლებში ახალი კადრების დასაქმების კუთხით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დირექტორებს სკოლაში მათთვის სასურველი პირის დასაქმების თხოვნით მერიებიდან, საკრებულოებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ურეკავდნენ.
„დაქირავებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე სკოლის დირექტორთა უმრავლესობას ურეკავდნენ განათლების ზემდგომი ორგანოებიდან ან ქალაქისა და რაიონის სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერად. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აპლიკანტები საბუთებთან ერთად აგზავნიდნენ სარეკომენდაციო წერილებს, რომლებიც გაცემული იყო საკრებულოს ან სხვა ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რომლებიც ვერ იქნებოდნენ გათვითცნობიერებული მასწავლებლობის კანდიდატების პროფესიულ შესაძლებლობებსა და უნარებში.
„ერთ-ერთმა დირექტორმა აღნიშნა: „რამდენჯერმე დამირეკეს. ასევე მივიღე რეკომენდაციის წერილი ქალაქის მერიიდან. სამინისტროდანაც იყო ზარები. კოლეგებმაც იგივე მითხრეს“.
„აპლიკანტებში დიდი იყო განცდა იმისა, რომ პროტექციის გარეშე ძნელი იქნებოდა სამსახურში მოხვედრა და პროტექციის მქონე კანდიდატს კონკურენციაში გამარჯვების უფრო მეტი შანსი ჰქონდა. ერთ-ერთი აპლიკანტი სამოტივაციო წერილში წერდა: „მე ვიცი, რომ ვერ გავალ კონკურსში, რადგან არ მაქვს პროტექცია, მაგრამ მაინც ვცდი ბედს, იქნებ თქვენი კომისია გამონაკლისია“.
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში ასევე საუბარია, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან სკოლების საკადრო საკითხებში ჩართვის შესაძლო ფაქტებზე.
„იყო შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირდაპირ ავალებდა სკოლას კადრის დასაქმებას და ამ გზით დასაქმებული ერთ-ერთი მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიუთითეს, თუ რომელ სოფელში წასულიყო გასაუბრებაზე. დასაქმების შემდეგ კი მან სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა აღნიშნული რესურსცენტრის ხელმძღვანელს.
„სოციალურ ქსელში იდებოდა მსგავსი მადლობის წერილები თანამდებობის სხვა პირების მიმართაც. კვლევითი ჯგუფი წინასწარ ვარაუდობდა და ელოდა კიდეც ფავორიტიზმის ფაქტებს, თუმცა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა სამსახურში პროტექციით მოწყობილი ადამიანების მხრიდან პროტექტორებისთვის მადლობის საჯაროდ გადახდა. მასწავლებელთა ნაწილი არც კი მიიჩნევს, რომ მათთან დაკავშირებული ფავორიტიზმის შემთხვევები არის კეთილსინდისიერების დარღვევა.
,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ თანახმად, გასაუბრების კომისია უნდა დაკომპლექტდეს მინიმუმ სამი წევრით, რომელთაგან ერთი უნდა იყოს გარე პირი (დამოუკიდებელი სპეციალისტი). რიგ შემთხვევებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩართული იყვნენ გასაუბრების კომისიის მუშაობაში, როგორც დამკვირვებლები. დამკვირვებელთა ფუნქცია-მოვალეობები არც ერთი დოკუმენტით არ ყოფილა დადგენილი და ხშირ შემთხვევაში, პროცესზე დაკვირვებასთან ერთად, დამკვირვებლები აქტიურად იყვნენ ჩართული შესარჩევი კომისიების მუშაობაშიც.
„ზოგიერთ რაიონში გასაუბრებები სკოლების მაგივრად საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ჩატარდა, რასაც ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები პროცესის უკეთესი ორგანიზების მცდელობით ხსნიდნენ, თუმცა ამან ბევრგან გამოიწვია ორგანიზაციული ქაოსი, რიგები და სხვა პროცედურული დარღვევები“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
გარდა ზემოთხსენებული მიგნებებისა, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ფორმალური გასაუბრების შესახებ და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე.
ფორმალური ინტერვიუირების პროცესი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რესპონდენტი საკონკურსო გასაუბრების პროცესს დადებითად და პოზიტიურად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ გასაუბრება შინაარსობრივად გამართულად და ყველა წესის დაცვით წარიმართა, იყო შემთხვევები როდესაც გასაუბრება აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, გრძელდებოდა მხოლოდ ორი-სამი წუთი ან, რაც კიდევ უფრო დაუშვებელია, იყო ჯგუფური გასაუბრებებიც. ეს ფაქტები უქმნიდა მონაწილეებს შთაბეჭდილებას, რომ ვაკანსიაზე კანდიდატი წინასწარ იყო შერჩეული. ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა: „ორ სკოლაში ნამდვილად ვიცი, რომ ფორმალობა იყო გასაუბრება. შემდეგ როგორც გავიგე, წინასწარ ჰყოლიათ კადრი აყვანილი“. რამდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც კანდიდატებს ეუბნებოდნენ არ შეეტანათ საბუთები ამა თუ იმ ვაკანსიაზე, რადგან ადგილი უკვე დაკავებული იყო სხვა კანდიდატის მიერ და მხოლოდ ფორმალურად იყო დანიშნული გასაუბრება. მაგალითად, ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა: „გავგზავნე რეგიონის სოფელში აპლიკაცია, სადაც ჩემი მასწავლებელი ასწავლის. დირექტორმა დამირეკა, გასაუბრებაზე მიბარებდა. ჩემს მასწავლებელს დავურეკე და მითხრა, რომ არ მივსულიყავი გასაუბრებაზე, რადგან სერტიფიცირებული გამოცდაჩაბარებული მასწავლებელი ჰყავდათ უკვე შერჩეული აღნიშნულ პოზიციაზე“.
დაქირავება ქრთამის სანაცვლოდ
რამდენიმე რესპონდენტმა ასევე დააფიქსირა ინფორმაცია გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატის აყვანის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა: „ეს არ მომხდარა ჩემს სკოლაში, მაგრამ მსმენია ჩემი კოლეგებისგან, რომ ზოგ სკოლაში კონკრეტული ფასებია დადგენილი პედაგოგთა პოზიციებისთვის“. კვლევის ხასიათიდან გამომდინარე, ვერ დგინდება ამ ფაქტების მასშტაბურობა, თუმცა რესპონდენტების მხრიდან ანალოგიური ფაქტების არაერთხელ დაფიქსირება გვაფიქრებინებს აღნიშნული ფენომენის სისტემაში სავარაუდო არსებობის შესახებ.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE