კანონში ცვლილებებს, რომლებიც 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე იქონიებს გავლენას, პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში, პარლამენტი, უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის განსახორციელებლად, „ეროვნული გამოცდების კონტექსტიდან გამომდინარე“, საჭირო ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
დაჩქარების აუცილებლობა კი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების შემდეგ დადგა დღის წესრიგში; „უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, მომავალი წლის სექტემბრიდან და უკვე უნდა მომზადდეს ამისთვის პირობები, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი“.
როგორც გივი მიქანაძემ 1-ელ დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ცვლილებები განათლების სამინისტრომ რეფორმის კონცეფციის დოკუმენტის შესაბამისად მოამზადა, მისი პარლამენტისთვის წარდგენა კი, საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, მთავრობის მიერ მოხდება.
„მთავრობის სხდომაზე, წარვადგინეთ დასამტკიცებლად უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი და მთავრობამ დოკუმენტი მოიწონა. ეს ნიშნავს, რომ ამ რეფორმის განსახორციელებლად სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა. პირველადი ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე და ეროვნული გამოცდების კონტექსტიდან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი ეტაპის რეფორმების განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ პარალელურ რეჟიმში მოვამზადეთ კონცეფციის დოკუმენტის შესაბამისი ცვლილებები შესაბამის კანონებში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრება, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რა მიმართულებებზე მიიღებს სტუდენტებს და რომელ ფაკულტეტზე რამდენი ჩასარიცხი ადგილი იქნება.
„ჩვენ უკვე ვქმნით სამართლებრივ ბაზას იმისთვის, რომ 3+1+1 სისტემა ჩამოვაყალიბოთ. ასევე, დავიწყოთ გადასვლა იმ პრინციპზე, რასაც ჰქვია „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული მიმართულებები შემდეგი წლიდან – შესაბამისი უნივერსიტეტები, რომლებთანაც ჩატარდება კონკრეტული კონსულტაციები და საბოლოოდ შეჯერდება პოზიციები და განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით, თუ რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რა პროფილის მიმართულებებზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე, მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგენით, განისაზღვრება, თუ რომელ ფაკულტეტზე რამდენი ჩასარიცხი ადგილი იქნება, რაც ბაზრის კვლევასთან იქნება დაკავშირებული. ამ ყველაფრის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები მომდევნო კვირაში პარლამენტში დაჩქარებული წესით იქნება განხილული. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია უმრავლესობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხარდაჭერით ეს ცვლილებები დამტკიცდება, რაც რა თქმა უნდა, შესაძლებელს გახდის, რომ შემდგომი პროცესები მყისიერად და გეგმაზომიერად, რაც ამ დოკუმენტით არის განპირობებული, განვითარდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
განათლების მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის კონცეფციის დოკუმენტიც 1-ელ დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, 3-4-წლიან პერიოდში განხორციელდება:
“3-4-წლიან პერიოდში, ჩვენი სამინისტროს მიერ გაკეთდება და გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა – 3-4-წლიან პერიოდში, ჩვენ ამ კონკრეტულ რეფორმას განვახორციელებთ”.
ასევე იხილეთ:
კითხვას, გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები, განათლების მინისტრი პასუხობს
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება
-
ცვლილება სასკოლო ასაკში – პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება
by ARIS.GE-განათლება
