GE

ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე გამოაცხადა. საბუთების მიღება 23 აპრილს დაიწყება.

მშობელთა ინტერესს იწვევს, რატომ გამოაცხადა სამინისტრომ რეგისტრაცია იქამდე, ვიდრე პარლამენტი ახალი ინიციატივის განხილვას არ დაასრულებდა. ინიციატივა ექვს წელს მიღწეული მოზარდების სკოლაში მიყვანას უშვებს, პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 აპრილს განიხილა, კენჭისყრა კი 29 აპრილის პლენარულ სხდომაზეა ჩანიშნული.

რატომ არ დაელოდა სამინისტრო კანონპროექტის განხილვის დასრულებას ამ თემაზე Aris.ge – განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესაუბრა:

,,მაქსიმალურად უკიდურესი ვადები შევარჩიეთ რეგისტრაციისთვის და რეგისტრაციის ვადები გამოვაცხადეთ  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  მოგეხსენებათ, სწორედ ბავშვების რაოდენობაზეა დამოკიდებლი საკლასო ოთახების რაოდენობის განსაზღვრა.  მასწავლებლების რაოდენობა, პორტატული კომპიუტერების რაოდენობა, სახელმძღვანელოების რაოდენობა –  ყველა ეს მონაცემი პირველკლასელთა სტატისტიკას ეფუძნება.  თუ კანონმდებლობაში რაიმე შეიცვალა, ჩვენც მოვახდენთ კორექტირებას,”- განაცხადა გიგაურმა.

Aris.ge-განათლების კითხვაზე, მოუწევს თუ არა სამინისტროს ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობა თუ კანონმდებლების გადაწყვეტილებით, სკოლაში ექვს წელს მიღწეული პატარები დაიშვებიან, გიგაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის “ერთმნიშვნელოვნად ძირეულ ცვლილებებს არ ელოდება”.

,,შეგახსენებთ, რომ ის კანონი რომლის თანახმადაც სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები მიიღებიან, რომლებსაც სასწავლო წლისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ სწორედ ამ პარლამენტმა მიიღო 2014 წელს. ასე რომ, არ მგონია კანონში რაიმე დიდი ცვლილებები განხორციელდეს,”- აღნიშნა ლია გიგაურმა.

რაც შეეხება ზოგად რიცხვს, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ 2015-2016 სასწავლო წელს დაახლოებით 50 ათასამდე პირველკლასელი დარეგისტრირდება. აღნიშნულ მონაცემს სამინისტრო ექვსი წლის წინანდელი შობადობის სტატისტიკის თანახმად ადგენს.

რაც შეეხება სკოლაში წარსადგენ დოკუმენტაციას, გიგაურის თქმით, სამინისტრო გამოაქვეყნებს ზოგად დოკუმენეტებს, რომელიც სავალდებულო იქნება ყველა სკოლისთვის, თუმცა მისივე თქმით, ნებისმიერ სკოლას შეუძლია დამატებითი საბუთების მოთხოვნა. ამიტომ გიგაური  მშობლებს რჩევით მიმართავს:

,, ჩვენ ზოგად დოკუმენტებს განვსაზღვრავთ, თუმცა ყველა სკოლას შეუძლია რაღაც საბუთები დაამატოს, ამიტომ მშობლებს ვურჩევთ პირველი ეტაპს შემდეგ, მას შემდეგ სკოლას შეარჩევენ და რეგისტრაციას გაივლიან სკოლის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირი იქონიონ და მათგან გაარკვიონ საჭირო საბუთების ნუსხა“,-განმარტა გიგაურმა  Aris.ge-განათლებასთან.

განათლების სამინისტროში ასევე კატეგორიულად გამორიცხავენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, წელს პირველკლასელებს პორტატული კომპიუტერები არ დაურიგდებათ.

,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო აუმჯობესებს სახელმძღვანელოებსა და ე.წ. ბუკებს. წელსაც ასე იქნება, პირველკლასელები კიდევ უფრო უკეთეს სახელმძღვანელოებს და პერსონალურ კომპიუტერებს მიიღებენ,”- დასძინა გიგაურმა.

როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, 2014-2015 წელს 1000მდე მშობელს შვილების დარეგისტრირება მხოლოდ სექტემბრის თვეში გაახსენდა, ამიტომ, სამინისტრო პირველკლასელთა მშობლებს რეგისტრაციის ვადებში ჩატევისკენ მოუწოდებს.

2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილს დაიწყება – პროცედურები

 

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური