GE

„მასწავლებლებისგან მოთხოვნა, რომ სიცოცხლის რისკის ფასად იზრუნონ ბავშვების განათლებაზე, გაუმართლებელია“

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ პანდემიის პირობებში, იმ მოსწავლეების დახმარების პროცესში, რომლებსაც ონლაინ სწავლების დროს ოჯახებისგან მინიმალური მხარდაჭერა აქვთ, პროფესორები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ.

„ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია თვლის, რომ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე არ უნდა გადავიდნენ. დიახ, რთულია ბავშვებმა, განსაკუთრებით თან დაბალ კლასებში, დისტანციურად ხარისხიანი განათლება მიიღონ.

ასევე რთულია ოჯახებისთვის, თავი ირჩინონ, მაშინ როდესაც ბავშვების მოსავლელად სახლში დარჩენა მნიშვნელოვანი ხდება. თუმცა, აქვე ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებლებისგან იმის მოთხოვნა, რომ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იზრუნონ ბავშვების განათლებაზე გაუმართლებელია.

ამიტომაც, უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ ალტერნატიული განათლების გზები, როგორ მოვთხოვოთ სახელმწიფოს რომ ბავშვები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც მინიმალური მხარდაჭერა აქვთ ოჯახებისგან მხოლოდ სკოლის და მასწავლებლების იმედად არ იყვნენ, როგორ შევქმნათ შესაძლებლობები იმ მშობლებისთვის, რომლებსაც უჭირთ ბავშვების მხარდაჭერა სწავლებისთვის. ამისთვის უამრავი გამოუყენებელი რესურსია: უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები, მასწავლებლობის მსურველები, მოხალისეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სკოლები რომლებსაც იმაზე მეტი ბავშვისთვის სწავლება შეუძლიათ დისტანციურად ვიდრე ახლა და ა.შ.“, – წერს სიმონ ჯანაშია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური