GE

მე–12 კლასელების მიერ წელს სკოლაში გაცდენილი საათები 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 2017 წლის  24 აპრილიდან აღარ იანგარიშება. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

“2016-2017 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ 2017 წლის 24 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით გაცდენები არ იანგარიშება 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით”,– წერია ბრძანებაში.

როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიმარტა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 24 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით არები არ უანგარიშდებათ. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

პროცედურულად, იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განისაზღვროს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენები სკოლის მიერ დაითვლება 23 აპრილის ჩათვლით და დაანგარიშდება, ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნი ფორმით პროგრამის დაძლევა.

მოსწავლის მიერ ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის საკითხი მინისტრის ზემოთ ხსენებული ბრძანებით  რეგულირდება, რაც შემდეგს გულისხმობს:

“თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”,- წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

რაც შეეხება მე–12 კლასელებისთვის სწავლის დასრულების თარიღს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები წელს სწავლას 18 მაისს დაასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 18-ში მათ ბოლოჯერ ჩაუტარდებათ სასკოლო გაკვეთილები.

“საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს (25 მაისი), ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს (18 მაისი)”, – წერია ბრძანებაში.

2017 წლისთვის სკოლის არდადეგებისა და სასწავლო წლის დაწყების განრიგი განისაზღვრა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური