GE

„მოსწავლეს, რომელმაც ბათუმის სკოლაში რუსეთისა და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ“

მოსწავლეს, რომელმაც ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა სტიპენდიას დაუნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

„იმ ბათუმელ ბიჭს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ“, – წერს გიორგი კეკელიძე 3 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინციდენტი, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ეხმაურება, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ მოხდა. სკოლის სივრცეში არსებულ კედელზე, სადაც სწავლის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნების რუკა და დროშების ფოტოები განათავსეს, ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც აღმოჩნდა, რომელიც 29 სექტემბერს, სკოლის მოსწავლემ ჩამოხია, ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ მოსწავლემ რუსეთის დროშა ჩამოხია და მისი მშობლები სკოლაში სასკოლო ინვენტარის დაზიანების მიზეზით დაიბარეს.

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორს სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო, თანამდებობაც დაატოვებინეს, აჭარის განათლების მინისტრის მაშინდელი განმარტებით, სამინისტრომ გადაწყვეტილება მოკვლევის საფუძველზე მიიღო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური