GE

მშობელი: მნიშვნელოვანია, მასწავლებელს გააჩნდეს ყველა რესურსი, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის საინტერესო გახადოს

მეცხრე კლასელი მოსწავლის მშობელი, ცირა გელიტაშვილი, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ იმისთვის, რომ უფროსმა თაობამ მომავალი თაობის აღზრდა და განათლება შეძლოს, ჯერ თავად უნდა ისწავლოს ბავშვის ინტერესისა და სურვილის პატივისცემა და სასწავლო დაწესებულება არ გადააქციონ ციხედ, საიდანაც ბავშვებს ერთი სული აქვთ გამოაღწიონ და უკან აღარასოდეს მიიხედონ.

ცირა გელიტაშვილს კითხვები 7 დეკემბერს, მას შემდეგ დავუსვით, რაც სასკოლო სახელმძღვანელოების მოსწავლეების ასაკთან შეუსაბამო შინაარსის თაობაზე მისი მოსაზრება და ამონარიდი სახელმძღვანელოდან მშობლების ჯგუფში გამოქვეყნდა.

მშობელი წერდა: “ეს არის ტექსტი მეშვიდე კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან. გაკვეთილი ეხება პროცესებს, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების ფორმირებაზე. რამდენიმე სიტყვითაა გადმოცეული თუ რა არის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და ზოგადად პიროვნება. შემდეგ გვერდზე მოცემულია გიორგი ლეონიძის ჩემთვის, ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან საყვარელი წიგნიდან ამონარიდი მარიტას შესახებ.

ეს ულამაზესი ქართული ენით გადმოცემული უდიდესი დილემა, რომლის წინაშეც დგება ნებისმიერი პიროვნება სხვადასხვა ასაკში; ინდივიდის ფიზიკური განადგურების ფაქტი, როცა ის არ ემორჩილება მისთვის დადგენილ წესებს, რასაც ხშირად ტრადიციასაც ვუწოდებთ ხოლმე, ხვდება 12 წლის მოსწავლეს. (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლეონიძე გამორჩეულად მისი წერის სტილისა და სიღრმის გამო მიყვარს).

როცა ეს ტექსტი წაიკითხეს ბავშვებმა, იმდენჯერ წაბორძიკდნენ მათთვის რთულ ეპითეტებზე, რომ შინაარსის გაგების სურვილიც კი დაკარგეს ნაწყვეტის ბოლოს.

მთავარი, რაც ავტორებს ისევ დაავიწყდათ, არის ასაკობრივი ზღვარი. დაავიწყდათ რომ ამ ტექსტს კითხულობს 21 საუკუნის 12 წლის ბავშვი და ეს ბავშვი არაფრით ჰგავს 20 საუკუნის, ანუ ჩვენს, მშობლების თაობას.

ამ ბავშვისთვის იმდენად რთულია ეს ენა, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ინტერესს კარგავს მაშინ, როცა მასალა იმდენად რთულია, რომ შინაარსს ვერ იგებს.

ჩემი აზრით, სწავლისადმი ინტერესის დაკარგვაა ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც დღეს განათლების სამინისტრო უკეთებს ჩვენს შვილებს. საინტერესო ისაა, როდესაც ამ წიგნის ავტორმა მიმითითა, რომ ეს წიგნი ფსიქოლოგებმა მოიწონეს, არ დაუკონკრეტებია რის საფუძველზე მოიწონეს, ან ვინ მოიწონა? სად არიან ეს ფსიქოლოგები?

ყველა ფსიქოლოგისთვის, რომელსაც კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთი კურსი მაინც გაუვლია,(აბსოლუტურად ყველა ფსიქოლოგი სწავლობს ზოგად ფსიქოლოგიაში ამ სკითხს ბაკალავრიატზე) იცის შესაძლებლობების ზღვარის შესახებ და იქ ძალიან კარგადაა ახსნილი თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწავლების პროცესში. ჩვენ ბავშვს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ისეთი სახით, რომ მან გაიგოს დავალების შესასრულებლად საჭირო ყველა პუნქტი, ძალიან არ გავუმარტივოთ და ძალიან არ გავურთულოთ.

მე მებადება კითხვა იმ ფსიქოლოგებთან, რომლების შესახებაც არ მაქვს ინფორმაცია, ამ წიგზე შეფასფებების გაკეთებისას იცოდნენ თუ არა, რომ როცა 12 წლის ბავშვს ვაყენებთ ასეთი დილემის წინაშე, უნდა მიეწოდოს თუ არა ტექსტის 95% სრულიად გასაგები ენით? ისევე როგორც ამას ზედმიწევნით პასუხობს ოქსფორდის გამოცემის ინგლისური ენის წიგნები.
რატომ არის ჩვენთან შეუძლებელი ბავშვის ასაკისთვის ადაპტირებული სასწავლო წიგნების გამოცემა? შეუძლებელია, რომ გავუმარტივოთ ენა ბავშვს და ისე ვასწავლოთ? თუ ისევ დაზუთხვაა მიზანი?

ყველაზე დიდ პრობლემას რასაც ვხედავ, ისაა რომ ბავშვებს კითხვები არ უჩნდებათ და მე ერთ ბავშვს არ ვგულისხმობ. კლასში ბავშვების უმრავლესობა ამ ასაკში მხოლოდ იმიტომ ზის გაკვეთილზე, რომ სავალდებულოა და არა იმიტომ, რომ აინტერესებს.

კარგი, დავუშვათ შევქმენით ამ წიგნის ისეთი ადაპტირებული ვერსია, რომ ვფიქრობთ, ნამდვილად კარგი წიგნია, რეალურად კი, თუ გამოვკითხავთ ბავშვებს აღმოვაჩენთ, რომ 20 ბავშვიდან არცერთს გაუჩნდა კითხვა, რატომ მოექცნენ მარიტას ასე, უკვე ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ.

მე რომ ვიყო მათ ადგილას, აუცილებლად დავფიქრდებოდი და ძიებას დავიწყებდი, სად შემეშალა, რა შემეშალა და როგორ უნდა გამოვასწორო ის. (რასაც როგორც მშობელი ვაკეთებ კიდეც. ისევე, როგორც ჩემი შვილის მასწავლებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში)”.

მშობელის აზრით, არაფერი შეიცვლება იქამდე, სანამ ყველა არ დავსვამთ კითხვას, რატომ ვართ წაკითხულის გააზრებაში მსოფლიოში 156 ადგილზე.

თვლის, რომ არ შეიძლება, ყველაფერს ბავშვების სიზარმაცეს ვაბრალებდეთ და
ეს ბავშვების კი არა, ზრდასრულების პრობლემაა, მშობლებისა და მასწავლებლების, ავტორების და ყველა ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირის.

როგორც მოსწავლის მშობელმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, მეშვიდე კლასის მოსწავლეები ისევ სწავლობენ მის მიერ მაგალითად მოყვანილი სახელმძღვანელოთი.

ცირა გელიტაშვილს ვკითხეთ, რამ შეიძლება გამოასწოროს ის ვითარება, რომელზეც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ პირველ რიგში ბავშვებისადმი სისტემის დამოკიდებულებაა შესაცვლელი.

„აუცილებელია, შეიცვალოს განათლების სისტემის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ და სწავლების უკიდურესად მოძველებული ფორმები ეტაპობრივად მაინც განვითარდეს არა მასწავლებელთა რამდენიმე საათით განსაზღვრული ე.წ. ტრენინგების ხარჯზე, რაც სრულიად არაადეკვატურ ქმედებად მიმაჩნია, არამედ გაზომვადი შედეგების მიხედვით. მაგალითად, შეიცვალა თუ არა წაკითხულის გააზრების ცვლადი მას შემდეგ, რაც უფროსი მასწავლებელი შევიდა კლასში, ან რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბავშვებს მიაწოდეს ისეთი ტიპის სახელმძღვანელო, რომელიც ადაპტირებულია მათ ასაკობრივ გამოწვევებთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია, მასწავლებელს გააჩნდეს ყველა რესურსი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი საინტერესო გახადოს“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან ცირა გელიტაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური