GE

„მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, დაამტკიცოს ძალადობაგამოვლილი ბავშვის დაცვის პროტოკოლი“

საქართველოში გასულ წელს ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა. დოკუმენტს, რომელმაც ერთად მოაქცია არასრულწლოვანთა უფლებები და საჭიროებები სპეციალისტები წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და დიდ პერსპექტივებს ხედავენ, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ ჯერ-ჯერობით ის ეფექტური ვერ გახდა და ქვეყანაში ბავშვთა დაცვის სერვისები სრულფასოვნად განვითარებული არ არის.

გასულ კვირას, მე-10 მოწვევის პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებების მიმართულებით არასრულწლოვანთა უფლებები ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა ახალჩამოყალიბებულ საბჭოს წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის საბჭო იქნება ძლიერი ეროვნული მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კოდექსის აღსრულების ეფექტიანობის ზედამხედველობას განახორციელებს.

სწორედ გასულ კვირას ქვეყანაში მოხდა მორიგი ტრაგიკული შემთხვევა, რასაც სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოზარდების დასაცავად სამართალდამცავ ორგანოებს და სახელმწიფოს სხვადახვა სტრუქტურებს კიდევ უფრო მეტი ეფექტურ ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები, ქობულეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურებიან. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მოქმედებს ბავშვის უფლებათა კოდექსი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სამწუხაროდ, მათი პრაქტიკაში განხორციელება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ორგანიზაცია მოუწოდებს როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე მედიას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილი იყო სრულწლოვნობის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის შესახებ (სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 9 წლამდე), სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს სათანადო ზომები არ მიუღიათ“, – აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს: პროკურატურას – დროულად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს – დააყენოს იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც დროულად და ეფექტიანად არ აწარმოეს გამოძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს – გაატაროს სისტემური რეფორმა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. ასევე, დაამტკიცოს ძალადობაგამოვლილი ბავშვის დაცვის პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება პოლიციისა და ყველა იმ პირისთვის, რომელსაც ძალადობის შემთხვევაში რეაგირებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი) საქართველოს მთავრობას – გადახედოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტს და მოახდინოს შესაბამისი ცვლილებები სისტემის ადეკვატური გაუმჯობესების მიზნით მედიას – მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დაიცვას სუიციდის გაშუქების სტანდარტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური