GE

მოზარდების 16%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტყვიის დონის განსასაზღვრად,საქართველოში 2-დან 7 წლამდე ასაკის 1578 ბავშვი გამოიკვლიეს. მათგან 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, 16%-ს კი შედარებით მაღალი მატება დაუფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბავშვების კვლევაში ჩართვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა და სინჯები  იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS) გაიგზავნა.

„კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ შედეგები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ფიქსირდება. მონაცემები ასე ნაწილდება:

სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს:

აჭარა – 85%

გურია – 73%

თბილისი – 30%

იმერეთი – 61%

კახეთი – 25%

მცხეთა-მთიანეთი – 20%

სამეგრელო, ზემო სვანეთი – 71%

სამცხე-ჯავახეთი – 32%

ქვემო ქართლი – 18%

შიდა ქართლი – 21%

სულ: 41%

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს:

აჭარა – 50%

გურია – 44%

თბილისი – 7%

იმერეთი – 23%

კახეთი – 4%

მცხეთა-მთიანეთი – 6%

სამეგრელო, ზემო სვანეთი – 29%

სამცხე-ჯავახეთი – 12%

ქვემო ქართლი – 6%

შიდა ქართლი – 4 %

სულ: 16 %.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, ტყვიის კონცენტრაცია, რომელსაც არ ახლავს სპეციფიკური კლინიკური გამოხატულება და ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა, დღეისათვის მიიჩნევა, რომ ორგანიზმში სხვადასხვა სპექტრის პრობლემებს განაპირობებს. კერძოდ, ტყვიამ შეიძლება დააზიანოს ტვინის განვითარება, რაც გამოიხატება ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითებაში და ისეთ ქცევით ცვლილებებში, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ანტისოციალური ქცევა და დაბალი აკადემიური მოსწრება. ორგანიზმში ტყვიის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება და რეპროდუქციული ორგანოების პრობლემები.

2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, ტყვიის კომპონენტის კვლევა პირველად ჩატარდა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური