GE

მშობლების სამი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა მოზარდებთან ურთიერთობისას და თამარ გაგოშიძის რეკომენდაციები

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე მოზარდობის პერიოდის ბავშვებზე და იმ გამოწვევბზე საუბრობს, რომელიც მშობლებს ამ პერიოდში უჩნდებათ. ფსიქოლოგი ამ დროს გავრცელებულ სამ ყველაზე ხშირად დაშვებულ მიზეზს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ მშობლები მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ თავიანთ შვილებს, რადგან მოზარდობა ის ხანაა, როდესაც თვითონ ბავშვებსაც უჭირთ საკუთარ თავთან ურთიერთობა.

„მოზარდობა ზუსტად ის ხანაა, როდესაც თვითონ მოზარდს უჭირს არა მხოლოდ გარემოსთან ურთიერთობა, არამედ საკუთარ თავთან ურთიერთობაც. ამ სიტუაციაში მშობლებისთვის ყველაზე რთული მოზარდთან მისასვლელი გზის პოვნაა, რადგან ის უკვე აღარ არის პატარა და ჯერ არ არის მოზრდილი. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ის, რომ ჩვენ მას ვექცევით როგორც პატარას, მეორე შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ, არის, რომ ჩვენ მას არ ვაძლევთ უფლებას თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა თავის მოქმედებებზე. ჩვენ მის მაგივრად ვაკეთებთ ყველაფერს. მესამე, ყველაზე ხშირი შეცდომა, სუფთა ემოციური ხასიათისაა – ჩვენ უბრალოდ გვეშინია მოზარდების, ჩვენ არ ვიცით როგორი რეაქცია ექნებათ, ამიტომ ერთის მხრივ, ხან ვცდილობთ რომ ყველაფერი შევუსრულოთ, ან ვცდილობთ, რომ არაფრის უფლება არ მივცეთ“, – აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.

მთავარი კითხვაა, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ ვითარებაში. ფსიქოლოგი მშობლებს რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, პასუხისმგებლობების დაკისრება და შუალედის პოვნა, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ გადავიდეთ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მოზარდისთვის – ეს არის კომუნიკაცია. ბავშვები ამ ასაკში განიცდიან ურთიერთობის შიმშილს, პირველ რიგში მშობელთან. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ მოსმენა, მივცეთ დრო, გვიპასუხოს და მოთხოვნის რეჟიმიდან გადავიდეთ ემოციების გაზიარების რეჟიმზე. მივცეთ პასუხისმგებლობა. ძალიან ბევრი მშობელი ჩივის, რომ უკან დავდებ, ყველაფერს ვუსრულებ, ყველაფერს მე ვაკეთებ მის მაგივრად… თუ თქვენ გაუკეთეთ ყველაფერი, თვითონ ვერაფერს ვერ გააკეთებს და თვითონაც თვლის, რომ არ შეუძლია ამის გაკეთება. ზედმეტი კონტროლის მეორე უკიდურესობაა ყველაფრის უფლების მიცემა. როგორც წესი, ჩვენ გვირჩევნია რომ ჩვენმა შვილმა არ გამოთქვას პროტესტი, ემოციურად არ ირეაგიროს, დეპრესიაში არ ჩავარდეს და ა.შ. ამიტომ ჩვენ მას ყველაფრის უფლებას ვაძლევთ. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ასეთი ქცევა მას ხელს არ უწყობს არც თავისუფალ არჩევანში, არც პიროვნების განვითარებაში. ისევე როგორც პატარ ბავშვებს, მოზარდებსაც სჭირდებათ ჩარჩო, მოლაპარაკება, შეზღუდვები, რომელშიც თვითონ იქნებიან ჩართულები და მათ მოლაპარაკებების და დისკუსიის საფუძველზე, თვითონ ექნებათ გათავისებული რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ“, – აცხადებს თამარ გაგოშიძე.

წყარო: UNICEF Georgia

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური