GE

„მზად ხართ ამ ყველაფრისთვის? მაშინ ავაგუგუნოთ სკოლებში ზარი“ – მასწავლებლის მიმართვა

პედაგოგი ნინო გიორგაძე 15 თებერვლიდან დაგეგმილი სკოლების გახსნასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და განათლების სამინისტროსა და ხელისუფლებას მიმართავს.

მასწავლებელი მთავრობას კონკრეტულ მოთხოვნებსაც უყენებს და ამბობს, რომ ეს ის პუნქტებია, რომელსაც მათ ყოველთვის შეახსენებს.

„15 თებერვალს მეც, ჩემი კოლეგების მსგავსად, წავალ სკოლაში. მართალი რომ გითხრათ, ონლან გაკვეთილების ჩატარებას ბევრად მირჩევნია საკლასო ოთახში, ცარცით ხელში დაფასთან დგომა. ამ ყველაფრის გარეშე, მართლაც, უინტერესო და უშინაარსო გახდა ჩემი ცხოვრება. ჩემი მონატრებული მოსწავლეების ყურებით მაინც დავტკბები. მაგრამ… მაგრამ! მე ჯერ არ მომისმენია ექიმების არგუმენტები, რამდენად უსაფრთხოა სკოლების გახსნა. გახარიას, ჩხენკელის, თურნავას, ოპოზიციონერების, მხოლოდ ღვთის იმედად მყოფი მშობლების თვალსაზრისი დამშვიდების საფუძველს არ მაძლევს და ჩემთვის არაფრის მთქმელია. გამოვიდნენ ექიმები, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოს აწვდიან რეკომენდაციებს, გამობრძანდეს ქალბატონი ტიკარაძე და დამიმტკიცოს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმისთვის, რომ მესამე ტალღას გაუძლოს, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება გაზრდილ მოთხოვნას სამედიცინო მომსახურებაზე და უჟანგბადოდ დარჩენილი ადამიანები სახლებში, ავტომობილებში აღარ გაიგუდებიან“, – წერს პედაგოგი.

მისი თქმით, მისი ოჯახის წევრები რისკჯგუფში არიან.

„გეფიცებით, საკუთარ ჯანმრთელობაზე ყველაზე ნაკლებად ვღელავ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ არავის, ვისაც ჩემსავით უყვარს სიცოცხლე. სახლში მყავს 82 წლის დედა, რომელსაც აწუხებს გულსსისხლძარღვთა და სხვა ქრონიკული დაავადებები: დიაბეტი(არის ინსულინდამოკიდებული),მხოლოდ 1 წლის წინ დავასრულეთ ქიმიოთერაპიის კურსი; მყავს ძმა, რომელიც ავტოავარიის შემდეგ 3 წლის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო და, ფაქტობრივად, ახლიდან დაიბადა; შვილი, რომელიც ექიმების შეცდომის ,,წყალობით” ძლივს გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან…

ახლა გეკითხებით თქვენ – მთავრობას, საზოგადოებას, მშობლებს: ვინ მაძლევს იმის გარანტიას, რომ სკოლიდან დაბრუნებული(ყველა კლასში 34 მოსწავლე მყავს) ჩემი ოჯახის წევრებს საფრთხეს არ შევუქმნი?

გმირობა რა არის, ამას ნუ მასწავლით, თქვენ შემოგევლეთ. მე ჩემი მისია ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, პირნათლად შევასრულე. 27 წელია, სკოლაში ვმუშაობ. ნავთქურით ვათბობდი ჩემს მოსწავლეებს და ნავთს მე ვყიდულობდი ყოველთვის. სანთლის შუქზე ვატარებდი გაკვეთილებს და სკოლიდან მაინც არ გამოვიქეცი. 5 000 კუპონი იყო ჩემი ხელფასი, რომელსაც ხუთ წამში ვხარჯავდი და მერე თვეობით ველოდებოდი, როდის ავიღებდი ისევ ხელფასს, რომ კვლავ ხუთ წამში დამეხარჯა, მაგრამ სკოლას მაინც ვერ ვტოვებდი; ნიშნებით არასდროს მივაჭრია; ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია; არც ერთი მოსწავლე იძულებული არ გამიხდია, მოსამზადებლად მოსულიყო ჩემთან; კონვერტში ჩადებული ფული და ლამაზად შეფუთული ოქროს სამკაულები მშობლებისთვის ყოველთვის უკან დამიბრუნებია; ვფიქრობ, მუდამ იმაზე მეტს ვაკეთებდი, ვიდრე მევალებოდა…

მასწავლებელი არაერთ კითხვას სვამს და მთავრობას მისთვის მისაღებ პირობებს უყენებს:
კიდევ რითი დავამტკიცო ჩემი თავდადება? მაინცდამაინც ჩემი ოჯახის წევრები შევწირო განათლების სისტემას? მაშინ, როცა მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოები კეტავენ სკოლებს, ჩვენ პირიქით ვიქცევით? რატომ?

კი ბატონო! 15 თებერვალს მე სიხარულით წავალ სკოლაში, იქ, სადაც ცხოვრების ნახევარზე მეტი გამიტარებია, სადაც ჩემი საყვარელი მოსწავლეები დამხვდებიან და სადაც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს. მაგრამ როგორც მოქალაქე, რომელსაც მაქვს სიცოცხლის უფლება, უფლება ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობის დაცვის ხარისხიან მომსახურებაზე, მთავრობას ვუყენებ ჩემს პირობებს(ჩათვალეთ, რომ ეს ულტიმატუმიცაა და ამას ყოველთვის შეგახსენებთ):

1)საჭიროების შემთხვევაში ყოველგვარი ტესტირების(PCR,ანტიგენი)ხარჯს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს და დააფინანსებს ასევე სამედიცინო გამოკვლევევას ჩემი ოჯახის წევრებისას, რადგანაც ისინი, ფაქტობრივად, უკვე ერთი წელია, რაც იზოლაციაში არიან და მხოლოდ ჩემგან თუ გადაედებათ ვირუსი (ოღონდ!ოღონდ 3 საათის განმავლობაში რიგში არ უნდა ვიდგე!).

2)საჭიროების შემთხვევაში გამოძახებიდან ნახევარ საათში მაინც სასწრაფო დახმარების ბრიგადა კარზე უნდა მიკაკუნებდეს.

3)საჭიროების შემთხვევაში ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც კლინიკაში ყოველთვის უნდა გამოინახოს ადგილი და არ უნდა დამჭირდეს ნაცნობ-მეგობრების ძებნა, რომ სადმე, რომელიმე საავადმყოფოს დერეფანში მაინც დამაწვინონ.

4)მდგომარეობის გართულების შემთხვევაში ჩემი მკურნალობა მთლიანად უნდა დააფინანსოს მთავრობამ (ჩემი ერთ-ერთი კოლეგა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ლამის 1 თვის განმავლობაში მედიკამენტს იკეთებდა, რომელიც დაახლოებით 17 ლარი ღირს).
მე მზად ვარ გმირობისთვის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გმირებს სახელმწიფო უნდა აფასებდეს. ომში შეუიარაღებელ მეომარს არ უშვებენ. მეც ომში მივდივარ(დღეში 5 გაკვეთილი უნდა ჩავატარო და ყველა კლასში 34 მოსწავლე მყავს, ანუ დღეში 5×34 ბავშვთან უნდა მქონდეს ურთიერთობა), ამიტომ სკოლაში ყოველდღე დამხვდეს პირბადეები, დამცავი ფარები, ერთჯერადი ხელთათმანები. ამას მართლა კატეგორიულად მოვითხოვ!

მზად ხართ ამ ყველაფრისთვის? მაშინ ავაგუგუნოთ სკოლებში ზარი.

თუ ამ პირობებს შეასრულებთ, ვინ ოხერი იტყვის უარს სკოლაში დაბრუნებაზე. მაგრამ თუ ამ მოთხოვნების შესრულების თავი არ გაქვთ, დაეტიეთ თქვენს ადგილზე და შარს ნუ აუტეხთ ნურც საკუთარ თავს და ნურც ხალხს”, – წერს მასწავლებელი ნინო გიორგაძე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური