GE

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემის სავარაუდო ვადები ცნობილია – 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლები

2016-2017 სასწავლო წელს სკოლადამთავრებულ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები, სავარაუდოდ, სექტემბერში გადაეცემათ. აღნიშნულის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ განუცხადა.

მისივე თქმით, 3 აგვისტოს სამინისტროს ნიმუშებს წარუდგენენ რომელიც ექსპერტიზაზე შემოწმდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, სექტემბერში, მედლები იმ მოსწავლეებს გადაეცემათ რომლებმაც სწავლა 2016-2017 წელს დაასრულეს.

„ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 3 აგვისტოსთვის უნდა წარმოადგინონ ოქროსა და ვერცხლის მედლების ნიმუშები, რომელიც აუცილებლად გადაეგზავნება ექსპერტიზას, რადგან დადგინდეს რამდენად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს ვერცხლის თუ ოქროს მედლებთან მიმართებაში. თუ დადასტურდა, რომ ნამდვილად ხარისხიანია და კარგად არის ნამუშევარი, ასეთ შემთხევევაში ჩვენ უკვე ჩავიბარებთ პროდუქტს და ვინაიდან ახლა ზაფხულია, უკვე სექტემბრის დასაწყისში გადავცემთ მედლებს მოსწავლეებს. ეს ეხება 2016-2017 წლის სკოლადამთავრებულებს“,- განაცხადა თამარ მალაზონიამ.

ჩვენს კითხვაზე, რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ტენდერი კვლავ ჩაიშალოს ან მოსწავლეებისთვის  მედლების გადაცემის პროცედურებმა  გადაიწიოს, ვინაიდან ერთი ტენდერი უკვე ჩაიშალა, პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი გვპასუხობს, რომ ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია.

„თუ მედლები დააკმაყოფილებს ჩვენს სპეციფიკაციებს ჩაშლის საშიშროება უკვე აღარ იქნება. წინა ტენდერის შემთხვევაში ექსპერტიზამდე არც მისულა საქმე, ვინაიდან მათ შესაბამისი დოკუმენტაციაც ვერ წარმოადგინეს, ვერც გამოცდილების მაჩვენებელი. დღეს, ბუნებრივია, წინასწარ ვერ ვიტყვით ვერაფერს“, – აღნიშნა თამარ მალაზონიამ.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია 2017-2018 წლის იმ  სკოლადამთავრებულ მოსწავლეთა დოკუმენტაციის შესწავლაც, რომლებიც ასევე მედალოსნები არიან. პროცედურები აქაც ხანგრძლივია, თუმცა სამინისტრო მათთვის მედლების გადაცემას, სავარაუდოდ, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებიდან მაქსიმუმ ორ თვეში შეძლებს.

„რაც შეეხება 2017-2018 წლის მედალოსნებს, ახლა მიმდინარეობს მედალოსანთა სიების შესწავლა. ჯერ სკოლა წარმოადგენს მედალოსნების კანდიდატებს, რომელსაც საგანმანათლებლო რესურსცენტრები შეისწავლიან, რათა გამოირიცხოს ისეთი შემთხვევები როგორიცაა მედალოსანთა სიაში მოსწავლეთა არაობიექტური ჩასმა, შეისწავლის მიკერძოებას – ხომ არ ჰქონდა ადგილი ან პირიქით, უფრო მკაცრი მიდგომა ხომ არ ჰქონდათ გამოყენებული მოსწავლეების მიმართ. ეს სია შემდგომ იგზავნება განათლების სამინისტროში და სპეციალური კომისია შეისწავლის თითოეულ საქმეს, რომელიც არის ხარვეზიანი ან გარკვეულ ეჭვს შეიძლება იწვევდეს ობიექტურობის მიმართულებით. კომისია კიდევ ერთხელ შეისწავლის ასეთ საქმეებს და დაადასტურებს, რომ ბავშვი ნამდვილად იმსახურებს მედალს. ამის შემდგომ უკვე მინისტრის ბრძანება გამოიცემა და ოქროსა და ვერცხლის მედლების შესაბამისი რაოდენობის შესყიდვის პროცედურები დაიწყება.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2017-2018 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულებს მედლებს სასწავლო წლის დაწყებიდან  მაქსიმუმ ორ თვეში გადავცემთ“,- უთხრა EDU.ARIS.GE-ს თამარ მალაზონიამ.

როგორია ოქროსა და ვერცხლის მედლის მოპოვების პრინციპი

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური