პარლამენტის განათლების კომიტეტს კულტურის კომპონენტს ჩამოაშორებენ
პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა შესაძლოა 15-დან 13-მდე, შემცირდეს და მათ შორის, დღემდე არსებულ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს, კულტურის კომპონენტი უნდა გამოეყოს და ის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტთან გაერთიანდეს. ამის შესახებ პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელის ერთ-ერთი ავტორიც დეპუტატი ირაკლი კობახიძეა.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები. კულტურისა და დიასპორის საკითხები ერთიანდება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტში. შესაბამისად იცვლება განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის დასახელება და მისი სახელწოდება განისაზღვრება როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასახელებაში სიტყვა უშიშროება იცვლება უსაფრთხოებით. სახელწოდება ეცვლება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტსაც.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში შემდეგი კომიტეტები ჩამოყალიბდება: ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; ბ) განათლების და მეცნიერების; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; დ) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; ე) ევროპასთან ინტეგრაციის; ვ) თავდაცვისა და უსაფრთხოების; ზ) იურიდიულ საკითხთა; თ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; ი) საგარეო ურთიერთობათა; კ) საპროცედურო საკითხთა და წესების; ლ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის; მ) კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; ნ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა;
„აღსანიშნავია, რომ კომიტეტთა რაოდენობა და მათი დასახელება 15 წელზე მეტია არ შეცვლილა. დღეს არსებული გამოწვევებიდან და რეალობიდან, ასევე საპარლამენტო საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ მოხდეს საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირება”, – აღნიშნავს კანონპროექტის ავტორი.
ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა უკან გაიწვიეს და მისი ინიცირება ტექსტში გარკვეული ცვლილების შეტანის შემდეგ მოხდება. როგორც ავტორები აღნიშნავენ კანონპროექტი დაკორექტირდება, თუმცა ძირითადი შინაარსი შენარჩუნებული იქნება.
საპარალამენტო კომიტეტის გარდა, კულტურის კომპონენტის გამოყოფს თაობაზე დიდი ხანია საუბრები მიმდინარეობს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შემთხვევაშიც. ამის შესახებ მზაობა პრემიერმაც განაცხადა, თუმცა როდის განხორციელდება, შესაბამისი სამთავრობო ცვლილება, კონკრეტული თარიღები უცნობია.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE