GE

პასუხობს თუ არა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის საჭიროებებს

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა შეხვედრებზე, განათლების რეფორმაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა სრულყოფილი ბაზა სკოლების  საჭიროებების შესახებ. ასევე, არ არის ერთიან სისტემაში მოქცეული მოსწავლეების მონაცემები დაბადებიდან სკოლის დამთავრდებამდე და ეს პრაქტიკა უნდა გამოსწორდეს.

განათლების სფეროში რომ ინფორმაციის სისტემატიზაცია გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც საუბრობს, რომელმაც 2015-2018 წლების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა და დაასკვნა, რომ სისტემა eSchool მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის საჭიროებებს მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს.

მაგალითისთვის, ანგარიშში ნათქვამია, რომ  მშობლებს არა აქვთ წვდომა ელექტრონულ ჟურნალზე და შესაბამისად, არ შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში გაეცნონ შვილების ნიშნებს, დავალებებს, დასწრებას, გაცდენებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია  ცენტრალიზებული და სრულყოფილი ინფორმაციული სისტემა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (eSchool) დანერგვა საქართველოს სკოლებში 2015 წლიდან დაიწყო (ბოლო მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 2085 საჯარო და 228 კერძო სკოლა). eSchool-ის მიზანია განათლების სექტორიდან (სკოლამდელი, ზოგადი,  პროფესიული და უმაღლესი განათლება) ზუსტი მონაცემების შეგროვება და ერთიან ბაზაში ასახვა. შესაბამისად, სისტემაში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა სასწავლო დაწესებულებიდან ცენტრალიზებულად მიღებული ინფორმაცია მოსწავლის სკოლამდელი ასაკიდან − უმაღლესი განათლების ჩათვლით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა და შეესაბამება თუ არა არსებული პრაქტიკა თანამედროვე სტანდარტებს.

აუდიტორული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოიცავს საუკეთესო პრაქტიკით განსაზღვრული ინფორმაციის მხოლოდ 50%-ს, რაც გამოწვეულია იმით, რომ eSchool-ის შექმნის პროცესი არათანმიმდევრულია და მასში პროექტის მართვის ძირეული პრინციპები არ არის გათვალისწინებული.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აერთიანებს  მხოლოდ პერსონალურ მონაცემებს მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგებისა და მთლიანად სკოლის ადმინისტრაციის შესახებ, ასევე ინფორმაციას მოსწავლეთა საერთო რაოდენობასა და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა, მოზარდების აკადემიური შედეგები და მათი ჯანმრთელობის ისტორია (მაგალითად, გადატანილი დაავადებები, ჩატარებული აცრები და სხვ.).

სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი უკავშირდება eSchool-ის მოდულის − ელექტრონული ჟურნალის  (eJournal) ფუნქციონალის გაუმართაობას.

„საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, eJournal  უნდა უზრუნველყოფდეს სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა-მართვას, მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონულ კონტროლს, შეფასებების ავტომატურ კალკულაციასა და ანგარიშგების წარმოებას. რაც მთავარია, მშობლებს უნდა შეეძლოთ, სკოლაში მისვლის გარეშე, ელექტრონულად ადევნონ თვალყური, როგორ სწავლობენ მათი შვილები ან ესწრებიან თუ არა ისინი გაკვეთილებს.

„ელექტრონული ჟურნალი 2016 წლიდან საპილოტე რეჟიმში მუშაობს საჯარო სკოლების მხოლოდ 16%-ში (335 საჯარო სკოლა) და როგორც აღმოჩნდა, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოფდეს სრულფასოვან კომუნიკაციას სკოლას, მშობელსა და მოსწავლეს შორის, სინამდვილეში ხელმისაწვდომია მხოლოდ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის და არა მშობლებისთვის.

მშობლებს არ აქვთ წვდომა ელექტრონულ ჟურნალზე და შესაბამისად, არ შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში გაეცნონ შვილების ნიშნებს, დავალებებს, დასწრებას, გაცდენებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში

ამავე დოკუმენტში საუბარია, რომ საპილოტე პროექტს, რომელშიც მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხშირად ეთიშებიან პროგრამაში ჩართული სკოლები, რაც აუდიტორების შეფასებით, eJournal მოდულის ფუნქციონალის გაუმართაობასა და მასზე წვდომის შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

თუმცა, როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სკოლები ელექტრონული ჟურნალის პრიორიტეტებს ვერ ხედავენ. პირიქით, რამდენიმე საჯარო სკოლამ, რომელმაც ელექტრონული ჟურნალის შესაძლებლობები დაინახა, საკუთარი სახსრებით შეიძინა კერძო სკოლებში კარგად აპრობირებული, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი „სქულბუქი“ და ამით მშობლებს შესაძლებლობა მისცა, ელექტრონულად გაეცნონ შვილების აკადემიურ მოსწრებას და  სასკოლო სიახლეებს.

“კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ინფორმაციული სისტემის მუშაობა შეაფერხა, იყო ის, რომ არ შესრულდა ვალდებულება, რომელიც eSchool -ის მიმართულებით დასაქმებული პერსონალის გადამზადებას და მათი უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა”, – წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური