GE

პატიმარი ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულება შეიქმნება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, გამორიცხული არ არის საქართველოში, არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულება შეიქმნას, სადაც დაბალი რისკის და ერთი და იმავე სასწავლო ინტერესების და მისწრაფებების მქონე მოზარდები განთავსდებიან. ამის შესახებ მინისტრმა ნიდერლანდებში ვიზიტისას განაცხადა, სადაც პროექტი საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.

„ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის რეფორმა, რომელიც ნიდერლანდებშიც კი ამჟამად საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მსგავსი რამ საქართველოში დავნერგოთ. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდებში იმყოფება.  სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ნიდერლანდებში არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციური სისტემები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. აქ დანერგილი მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება საქართველოს დაეხმარება, კიდევ უფრო დახვეწოს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკა, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები.

დელეგაციის ვიზიტები დაგეგმილია ამსტერდამის არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, მაღალი რეციდივის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დეპარტამენტსა და არასრულწლოვანთა საშუალო რისკის დაწესებულებებში. დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ, თუ რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო პატიმარ ბავშვებს და როგორ ზრუნავს მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე. ვიზიტი ნიდერლანდებში ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის თანადგომითა და დაფინანსებით ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური