რას გეგმავს მთავრობა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის – 2022-2032 წლების სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპები
“განათლების, მეცნიერებისა და კვლევისა და ინოვაციების სისტემების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების სიტუაციურ ანალიზზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა სამი სტრატეგიული მიზანი, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხისა და რელევანტურობის, თანასწორობის, ინკლუზიის და მრავალფეროვნების, აგრეთვე მმართველობის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების სისტემების გაუმჯობესებისკენ. სწორედ ამ მიზნებს დაეფუძნება ის რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც უნდა განხორციელდეს სისტემაში 2022-2032 წლებში”, – ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ მრავალგვერდიან სტრატეგიაში, რომელიც წესით, მთავრობას დასამტკიცებლად უკვე უნდა გადაეგზავნოს.
განათლების სამინისტრო გვპირდება, რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საგანმანათლებლო სისტემის ყველა დონეზე ხელი შეუწყოს წარმატებული მასწავლებლების, ტრენერებისა და განათლების სპეციალისტების ხელმისაწვდომობას და სისტემაში მათ შენარჩუნებას. მომდევნო ათი წლის განმავლობაში განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები პედაგოგების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით. აღნიშნული აგრეთვე მოიცავს შესრულებული სამუშაოს შეფასების, კარიერული განვითარების დაგეგმვისა და წახალისების სისტემების განვითარებას. მასწავლებლები ასევე ჩაერთვებიან საჭიროებებზე დაფუძნებულ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში.
მიხეილ ჩხენკელის უწყების მტკიცებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება იქცევა ყოველდღიურად მიმდინარე პროცესად და არა საჩვენებელ აქტივობათა ერთობლიობად. პედაგოგები მიიღებენ ინტენსიურ, კონსტრუქციულ უკუკავშირს და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად გაიზიარებენ სწავლის შედეგებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. ამავდროულად, ხელი შეეწყობა სკოლის დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ იმოქმედონ, როგორც ინსტრუქციულმა ლიდერებმა. დაინერგება პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამები და დაიწყება ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების აღმზრდელების მომზადება ბაკალავრიატის დონეზე.
სტრატეგიიდან ირკვევა, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა მოქმედი პერსონალის პროფესიული განვითარება მათი ინდივიდუალური საჭიროებების თანახმად დაეფუძნება პროფესიული განვითარების წინასწარ შემუშავებულ სქემას, რომელიც გაითვალისწინებს კომპეტენციებზე დაფუძნებული ანაზღაურების ზრდის სისტემას და კომპეტენციების შეფასება განხორციელდება რეგულარული მონიტორინგის საშუალებით.
დოკუმენტში კრიტიკულად ფასდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა კომპეტენცია და დასახულია გამოსავლის გზებიც. ამის დასტურად უწყება იშველიებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას, თუმცა რა გზებით აქვს დაგეგმილი აღნიშნული პრობლემის გადაჭრა არ ჩანს.
“ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ მასწავლებელთა უმრავლესობა არ ფლობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების მეთოდებთან დაკავშირებულ შესაბამის კომპეტენციებს, რადგან ათიდან მხოლოდ ერთ მასწავლებელს აქვს ჩაბარებული პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა მინიმალური გამსვლელი ქულით (სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, 2021წ). მთავრობა უზრუნველყოფს მომავალი მასწავლებლის მოსამზადებელი პედაგოგიური მომზადების სისტემის მოდერნიზებას, ასევე კადრების მიზიდვასა და შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ ჩართული და დაინტერესებული მხარეები სრულყოფილად ვერ იზიარებენ მიმდინარე რეფორმების ღირებულებასა და მისწრაფებას, რომლის მიზანია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ისეთი მიდგომების დამკვიდრება, როგორიცაა, მაგალითად, განმავითარებელი შეფასება”, – წერია 8 დეკემბერს გასაჯაროებულ სდოკუმენტში.
სტრატეგიაში გაცხადებულია, რომ განხორციელდება ინიციატივები, რომლებიც არა მხოლოდ წაახალისებენ მასწავლებელთა მიერ ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებას, არამედ ასევე აამაღლებენ განსახორციელებელ ცვლილებათა მნიშვნელობის შესახებ მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ცნობიერების დონეს, თუმცა არც ამ შემთხვევაშია დაზუსტებული, როგორ.
მასწავლებელთა გადამზადების პროცესის დეცენტრალიზაციის შესახებ, რომელიც სამინისტრომ სიტყვიერად გასულ წლებში დაიწყო, თუმცა ფაქტობრივი მონოპოლისტი ამ პროცესში კვლავ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი დარჩა აღნიშნულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელს შეუწყობს პროფესიულ ასოციაციების და ორგანიზაციების აკადემიური თუ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და გადამზადების პროგრამებში, მათ შორის ქოუჩინგის და მონიტორინგის პროგრამებში.
“პროექტის „უკეთესი განათლება უკეთესი მომავლისთვის“ 3 ფარგლებში გათვალისწინებულია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პროფესიული რესურსის მომზადება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მასწავლებლის მომზადების პროგრამების მხარდაჭერა, სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება”, – ნათქვამია ჩხენკელის უწყების მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში.
სწავლების ხარისხის გაუმჰობესების მიზნით, დოკუმენტის თანახმად, 2022-2032 წლებში ყურადღება უნდა დაეთმოს ინგლისური ენის მასწავლებელთა სწავლების უნარჩვევებისა და მეთოდების გაუმჯობესებას, ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.
როგორც სტრატეგიის დოკუმენტში ვკითხულობთ, მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების, ტექნოლოგიების, კვლევისა და ინოვაციის სისტემების განვითარებისთვის ჩამოაყალიბა შემდეგი ძირითადი პრინციპები და ღირებულებები:
2022-2032 წლების სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპები და ღირებულებები
- განათლება და გადამზადება, კვლევა და ინოვაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიური საზოგადოების, მდგრადი და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
- განათლებისა და გადამზადების, ტექნოლოგიების, კვლევისა და ინოვაციის სისტემები ინდივიდზე ორიენტირებულია.
- ღია კომუნიკაციის, გამჭვირვალობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის პრინციპები წახალისებულია განათლებისა და გადამზადების, ასევე კვლევისა და ინოვაციების სისტემებში, აღნიშნული პრინციპები გამოიყენება დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისას და ზოგადად საზოგადოებისა და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.
- კეთილსინდისიერებისა და უწყვეტი განვითარების პრინციპები, ასევე შესაბამისი ანგარიშგების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემები განაპირობებენ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება/ განხორციელებას, აღნიშნული პრინციპები ამავდროულად ინდივიდებისა და ინსტიტუტების განვითარების საფუძველია.
- ადამიანური კაპიტალის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია როგორც აღსაზრდელზე, მოსწავლესა და სტუდენტზე, ასევე მასწავლებლებზე, მკვლევრებსა და ზოგადად, განათლების და გადამზადების, ასევე, კვლევისა და ინოვაციის სისტემებში დასაქმებულ ინდივიდებზე.
- ღია სასწავლო გარემო და კვლევისა და ინოვაციის ეკოსისტემები ინდივიდებს საშუალებას აძლევენ ისწავლონ, ასწავლონ, გადამზადნენ, განვითარდნენ და ამ გზით საერთო მიზნების მიღწევაში შეიტანონ თავიანთი წვლილი.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება