GE

პედაგოგის წერილი ბოლო ზარის დღეს – „ასე მივიღებთ აზრიან მოქალაქეს მოსწავლისგან“

ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და პედაგოგი, ნანა გოგშელიძე, სკოლებში დღეს გამართული ბოლო ზარის ღონისძიებებს წერილით ეხმიანება, სადაც მოსწავლის აღზრდისათვის აუცილებელ და იმ გადაუჭრელ პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც დღეს ქართული განათლების სისტემას და სწავლა-სწავლების პროცესს აქვს:

დღეს ბოლო ზარია თითქმის ყველა სკოლაში და, ცხადია, ყველას ვულოცავ გულით, ვუსურვებ ეპოვოთ თავიანთი ადგილი ამ პლანეტაზე, ეპოვოთ ღირსეულად, დამსახურებულად. ეცნოთ მტერ-მოყვარე. ბოდიში, რომ ვერ ვახვედრებთ ოკუპანტისგან გათავისუფლებულ სამშობლოს და ისევ მათ გადავცემთ საბრძოლველად, თუმცა ესაა ადამიანის ვალი სამშობლოში!

ვადევნებდი ბოლო დღეების განმავლობაში თვალს სტატუსებს სასკოლო საგნებთან დაკავშირებით და არ შემიძლია, არ გამოვთქვა ჩემი აზრი:

1. ქართული და ისტორია უძვირფასესი საგნებია, თუმცა თავიდანვე სწორად კითხვის ტექნიკას თუ ავათვისებინებთ ბავშვს, მარტო გაკვეთილის მორაკრაკე მთხრობელს კი არა, აზრიან მოქალაქეს მივიღებთ მისგან;

2. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ბავშვის ალღოიანობის საზომი-გრამატიკისა და მათემატიკის გააზრების უნარია,(შემთხვევითი არაა, რომ ენისა და მათემატიკის ფუნდამენტს ერთდროულად ასწავლიან). ამ მხრივ, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს ყოველწლიურად, რატომღაც ჰგონიათ, რომ დაიზეპირებენ და ეგაა. არადა, ასე სულაც არ არის -ვერაფრით იგებენ ზმნის გვარს, სათანადო გვარში შემავალი ზმნების მესამე სერიის წარმოება დაუძლეველია. შესაბამისად, არ შეეძლებათ ქართული ზმნის საოცარი “დრეკადობის” აღქმა და სათანადო გამოყენება, ჰოდა ასე მკვიდრდება კალკები, მას მარტო საგამოცდოდ დასაზეპირებელი ვარიანატების მიწოდებით ვეღარ მოვერევით; ისიც გასათვალისეინებელია, რომ მოზარდს ასაკის შესაბამისად უნდა მიეწოდოს მასალა, თორემ მე- 5, მე-6 კლასში სასწავლს მე- 11 კლასის მოსწავლე სრულიად უინტერესოდ ეკიდება, სხვა რამ აინტერესებს;

3. წლიდან წლამდე უარესდება მდგომარეობა სკოლებში (თუმცა მშობლებსაც ევალებათ ყურადღების მიქცევა, რას, როგორ, რატომ და რისთვის სწავლობს მოზარდი);

4. საბედნიეროდ, ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ფაქტების თარიღების დაჭიკჭიკებას კი არა, ფაქტებს შორის კავშირს, მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპის აღმოჩენას ითხოვენ და ამას მიაქციეთ ყურადღება, მასწავლებლებო;

5. მტრის მასობრივად შემოთრევის შეუქცევად პირობებში იმით მაინც შეგვიძლია ვებრძოლოთ, რომ მშობლიურ ენას შევინახავთ, დავიცავთ, ესაა ჩვენი, პედაგოგების, ვალი და რას ვაკეთებთ, რით ვცოდავთ…

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

გავიყინეთ ერთ ადგილას, არა, უკუსვლით შევდივართ გაურკვეველ მომავალში….

დაუყოვნებლივ აღადგინეთ მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა!

ბოდიში, სრულიად არაოპტიმისტური წერილისთვის, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ…

განათლების სამინისტრო ასე ჰაიჰარად რომ არიგებს ოქროს მედლებს, შედეგად “მენდლებით” მხარ და გულ”აყვავებულ” ახალგაზრდებს მივიღებთ, რომლებიც ვერაფრით გაიგნებენ გზას…

მერე ისევ დაიწყება -ვაიჰ, მათემატიკას ნიჭი უნდა, წერის ნიჭი არ აქვს, ვერ იზეპირებს ჩემი შვილი და რა ქნას…

არადა ერთიც, მეორეცა და ამესამეც შრომით მიიღწევა!, დაუძლეველი არაფერია!
-ვინ სთხოვს დაზეპირებას? გააზრებულს დასწავლა ანუ შრომა უნდა, არსად, არცერთ ენაში არ არსებობს დასწავლის გარეშე ენის ფლობა, ჰოდა:

შრომა და თვითდაკვირვება ვასწავლოთ ახალგაზრდებს!
და ისიც, რომ: რუსეთი ოკუპანტია! მოყვრულად მოსული მტერი ხმლიანზე უარესია!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური