GE

პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული წვევამდელის ანაზღაურება თვეში 90 ლარი იქნება – ბრძანება

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის 15 მაისის ბრძანებით,  (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №712) ცვლილება განხორციელდა. მე-7 მუხლში შესული ცვლილება წვევამდელთა სოციალური დაცვის გარანტიებს დაარეგულირებს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოს შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით, სამედიცინო მომსახურებითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც თვეში 90 ლარით განისაზღვრა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია: 

ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და დადგენილი ოდენობის ფულადი სარგოთი;

ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;

დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით.

იუსტიციის მინისტრის ამ ბრძანებითვე გაუქმდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 25 იანვრის №3 ბრძანება, რომლითაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები იყო განსაზღვრული. ბრძანება უკვე ძალაშია და ხელმისაწვდომია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური