GE

ქართულ სკოლებში პარლამენტარიზმის სწავლებას იწყებენ

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მე-5,მე-6 და მე-7 კლასებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი სახელმძღვანელო შევა, რომელიც მოსწავლეებს კანონშემოქმედებით პროცესს გააცნობს.

ამის შესახებ დეპუტატმა 24 მაისს, პედაგოგებთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც პროექტის დანერგვის დეტალები განიხილეს.

„ვფიქრობ, ეს პროექტი, რომელიც V-VI და VII კლასების სასწავლო გეგმაში, ახალი სახელმძღვანელოს – „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?” დანერგვას ეხება, თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. ჩვენი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ და პრაქტიკული საშუალება მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ დაუახლოვდნენ და გაიმდიდრონ ცოდნა საქართველოს პარლამენტის შესახებ, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: როგორ იქმნება კანონები, როგორ მიმდინარეობს ზედამხედველობა კანონების აღსრულებაზე, დემოკრატიის და მოქალაქეთა უფლებების შესახებ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი ძალიან პოპულარული იქნება ჩვენს სკოლებში,“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, 22-23 მაისს, 50 სხვადსხვა სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაიარეს ტრენინგი, რომელიც ახალ სასკოლო სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?”, დამხმარე მასალისა და მათი სწავლების მეთოდებს ეხებოდა.

პროექტის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის და ის ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური