ქართული სკოლების „რუსიფიკაციის“ პროცესი ახალგორში
არასამთავრობო ორგანზაია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს ინფორამციას, სადაც ახალგორში არსებული ქართული სკლების მდგომარეოაბზეა საუბარი:
„ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება. საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ამძიმებს ეთნიკურად ქართული მოსახლეობის ყოფას. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონში მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვის საკითხი.
„უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან: ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ. კითხვის ნიშნებს ბადებს ამავე პერიოდში მეორე ქართული სკოლის დირექტორის – მზია ფსუტურის გათავისუფლებაც. თუმცა, საოკუპაციო ძალები აღნიშნულ გათავისუფლებებს ნინო ამირანაშვილთან დაკავშირებით წეროვნიდან გადმოსული მოსწავლეების საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გაფორმებას, ხოლო მზია ფსუტურის შემთხვევაში, „პედაგოგიური განათლების უქონლობას“ უკავშირებენ.
„ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის აკრძალვა, ბოლო წლებში, საგანგაშო სახეს იძენს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალიდან ახალგორში ჩასულმა ე.წ. საგანმანათლებლო კომისიამ მსგავსი გაფრთხილებები მისცა თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას. ქართულ ენაზე საუბარი აუკრძალეს მასწავლებლებს და მომსახურე პერსონალს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთანაც. ამ პროცესების პარალელურად, დასასრული არ უჩანს ახალგორის იზოლაციისკენ მიმართულ პროცესს. მოსაბრუნის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების რამდენიმე მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვერ მოახერხა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.
„განათლების უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა. ის განმტკიცებულია როგორც გაეროს, ასევე ევროსაბჭოს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ აკონკრეტებს, რომელ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს სწავლება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განმარტებით, განათლების უფლებას აზრი დაეკარგებოდა, მისით მოსარგებლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება რომ არ ქონდეთ.
„საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც გალის რაიონში განათლების უფლებას შეეხებოდა, აღნიშნულია, რომ „ანგარიში არ ეხება ახალგორის რაიონში განათლების უფლებას, გამომდინარე იქიდან რომ 2008 წლის შემდეგ აქ სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა.“ თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2017 წლიდან, როდესაც ქართული სკოლების „რუსიფიკაციის“ პროცესი დაიწყო. ახალგორში დღეს მოქმედი ათი სკოლიდან ექვსი ქართულია, რომლებიც 2017 წლიდან ეტაპობრივად გადადის რუსულ სწავლებაზე. ამ სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლება სრულად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ქართული ენა ისწავლება როგორც ცალკე საგანი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა დააყენოს და უზრუნველყოს მისი საკითხის განხილვა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ამასთან, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE