GE

ქუთაისში ბუღალტერმა სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა – რას ამბობს დირექტორი

19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს, 20 ივნისს გაარკვია, ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლაში ბუღალტერის მიერ სკოლის თანხის მითვისების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს.

სკოლის დირექტორი ნინო ელბაქიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფაქტი 2022 წლის მარტის ბოლოს დაფიქსირდა, რის შემდეგაც სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიმართა, სკოლის უკვე ყოფილმა ბუღალტერმა კი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება აპრილის დასაწყისშივე დაწერა.

„ამ დროისთვის სკოლას ახალი ბუღალტერი ჰყავს. მაშინდელმა ბუღალტერმა განცხადება აპრილის დასაწყისში თავად დაწერა, რის საფუძველზეც მოხდა მისი სამსახურიდან წასვლა. ფაქტი მარტში მოხდა, ჩვენ მივმართეთ შიდა აუდიტს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, რომელიც დასრულებული არ არის. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაციას ვერ გეტყვით“, – გვეუბნება სკოლის დირექტორი.

მას არ გაუმჟღავნებია იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ყოფილ თანამშრომელს გამოძიება ედავება.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ: რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა.

„საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, სსიპ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური