რა არსებითი გამოწვევები აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს – განათლების კომიტეტის რეკომენდაციები და საჭირო თანხის ოდენობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდომის კომიტეტი ფინანსთა და განათლების სამინისტროებისგან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემების გადაჭრის მიზნით მილიონნახევარი ლარის, კონკრეტულად კი 1 484 000 (ლარი) გამოყოფას ითხოვს. ამ მოთხოვნას რეკომენდაციის სახე აქვს.
გორის უნივერსიტეტში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები გივი მიქანაძის კომიტეტის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშში მოხვდა, რომელიც 2023 წელს მომზადდა.
EDU.ARIS.GE საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების შესახებ მომზადებული თემატური მოკვლევის დეტალურ ანგარიშს გაეცნო და აღსანიშნია, რომ უნივერსიტეტებს არაერთი პრობლემა აქვთ საერთო. საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პრობლემურია: სასწავლო კორპუსების კეთილმოწყობა (გადახურვა, გათბობის სისტემა); აუდიტორიების აღჭურვა – თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით; პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების უზრუნველსაყოფად ლაბორატორიების მოწყობა და აღჭურვა; საერთო საცხოვრებლების მშენებლობა, აღდგენა-რეაბილიტაცია.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში არსებითი გამოწვევები და მათი გადაჭრის რეკომენდაციები ასეთია:
კვლევის ავტორთა განმარტებით, გამოწვევების კონტექსტში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოკვლევის ფარგლებში, რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც “დროულ და ადეკვატურ გადაწყვეტას საჭიროებს, რათა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”.
1. სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვა – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია. ამჟამად საერთო საცხოვრებელში არის 22 ოთახი, რომელიც გათვლილია 50 პერსონაზე. საჭიროა აღნიშნული საცხოვრებლის სათანადო ინვენტარით აღჭურვა, რათა ხელმისაწვდომი გახდეს როგორც პერსონალისათვის, ისე ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტებისათვის. საჭიროა, შემდეგი ინვენტარი:
2. უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიური ბაზის განახლების მიზნით – დაფინანსების მოთხოვნილი ოდენობა – 205 000 ლარი, რეკომენდაციის ადრესატი: ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
“კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა უნივერსიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია მისი ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზის განახლება და შესაბამისი კომპიუტერული მოწყობილობების სათანადო ლიცენზირებული პროგრამებით უზრუნველყოფა. მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება სხვადასხვა პარამეტრების მქონე კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა. მათ შორის, 50 ერთეული სტანდარტული მონაცემების მქონე პერსონალური კომპიუტერის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 85 000 ლარს, 20 ერთეული პორტატული კომპიუტერი (ლეპტოპი), რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 31 000 ლარს, ასევე, 30 ერთეული მძლავრი პარამეტრების მქონე პერსონალური კომპიუტერი, რომლის სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 89 000 ლარს”, – წერია მოკვლევის ანგარიშში
3. სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების აღჭურვა საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით – დაფინანსების მოთხოვნილი ოდენობა – 100 000 ლარი, რეკომენდაციის ადრესატი: ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
“უნივერსიტეტში ხორციელდება რიგი საგანმანათლებლო პროგრამები (მათემატიკის და ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, დაწყებითი განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (300 კრედიტიანი), აგრეთვე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი)), რომელთა სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია სტუდენტთა მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ბიოლოგიის, ქიმიის ან/და ფიზიკის ლაბორატორიებში. ამ მიზნით აუცილებელია უნივერსიტეტის ლაბორატორიული ბაზის განახლება/გაუმჯობესება თანამედროვე ლაბორატორიული და სადემონსტრაციო მოწყობილობებით (30 000 ლარი ვირტუალურ-რეალური ლაბორატორია, 70 000 ლარი ლაბორატორიული მოწყობილობები)”, – აღნიშნავს განათლების კომიტეტი.
4. უნივერსიტეტის ოთხ კორპუსში ლიფტების ადაპტაცია შშმ პირებისთვის – დაფინანსებისთვის საჭირო თანხა: 699 000 ლარი, რეკომენდაციის ადრესატი: ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
“უნივერსიტეტის კორპუსები უზრუნველყოფს სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის უსაფრთხო და ინკლუზიური სწავლისათვის შესაბამის გარემოს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისათვის არსებობს შესაბამისად მოწყობილი სანიტარული კვანძები; შენობების მიმდებარედ არსებობს ავტოსადგომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, საიდანაც შეუფერხებლად არის შესაძლებელი შენობამდე მიღწევა. სპეციალური საჭიროების მქონე პირს შეუძლია შენობებში ორიენტაცია და გადაადგილება პანდუსების მეშვეობით, მაგრამ იმისათვის, რომ დაწესებულებას ჰქონდეს სრულად ადაპტირებული გარემო (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი 7.1 მატერიალური რესურსი) საჭიროა შენობებში არსებული გარემოს გაუმჯობესება (მაგ: ლიფტები ან პანდუსები ზედა სართულებისთვის)”.
5. რეკრეაციული სივრცისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია – პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხა : 327 000 ლარი, რეკომენდაციის ადრესატი: ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
“უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის – პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია (14 935 კვ.მ) საჭიროებს რეაბილიტაციას. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, კვების ყოფილი ობიექტის შენობა. ასევე, გაშენებულია ვენახი უნიკალური ვაზის ჯიშებით. ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილია ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც უახლეს მომავალში შეასრულებს უნივერსიტეტისთვის საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას. შესაბამისად, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და ეზოში ფიტნეს-სავარჯიშო სივრცის მოწყობა მას აქცევს სპორტულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებისა და დასვენებისათვის შესანიშნავ რეკრეაციულ ზონად”, – ვკითხულობთ განათლების კომიტეტის თემატურ მოკვლევაში, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვაც ერთვის:
6. ორი სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და სპორტული ინვენტარის შეძენა – რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა – 102 000 ლარი, რეკომენდაციის ადრესატი: ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
“უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება სპორტის საბაკალავრო პროგრამა, ასევე, აქტიურად მუშაობს სხვა თემატური მოკვლევის ანგარიში 63 დასხვა სპორტული სექციები, რომელთა ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და გაუმჯობესება. ამ ეტაპზე პირველ კორპუსში ფუნქციონირებს ორი სპორტული დარბაზი, რომლებიც საჭიროებს რეაბილიტაციას, კერძოდ ხის იატაკის გამოცვლას, კედლების გადაღებვას, სპორტული აღჭურვილობის შეძენას”.
ანგარიშის ავტორთა დასკვნის თანახმად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონის განვითარებაში და მას უდიდესი მისია აკისრია. “შიდა ქართლის რეგიონი, რომელიც მდიდარია, თავისი ისტორიითა და კულტურით, რეგიონი, რომელიც ცნობილია არაერთი გამოწვევით, იმსახურებს სათანადოდ აღჭურვილ უნივერსიტეტსა და მომზადებულ აკადემიურ პერსონალს, რათა უდიდესი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით, მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებები, დროულ რეაგირებასა და მხარდაჭერას საჭიროებს”.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, თემატური მოკვლევა საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, ჩაატარა და 6 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია.
მოკვლევის ფარგლებში 8 ზეპირი მოსმენა ჩატარდა, რომლებშიც 200-მდე დაინტერესებული პირი მონაწილეობდა.
მოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
ასევე იხილეთ:
2023 წელი განათლებაში – რაც მოხდა, რაც არ მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო და რაც ჯობდა, არ მომხდარიყო
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება