2023 წელი განათლებაში – რაც მოხდა, რაც არ მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო და რაც ჯობდა, არ მომხდარიყო
2023 წელი, რომელიც სადაცაა წარსულს ჩაბარდება განათლების სფეროსთვის გარდამტეხი ვერ აღმოჩნდა, თუმცა ამის მოლოდინი საზოგადოებაში აღარც ყოფილა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გარკვეული ძვრები სხვადასხვა მიმართულებით ნამდვილად იყო. თუმცა, კიდევ უფრო მეტი ობიექტურობისათვის ისიც უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ამ ძვრებს, სინამდვილეში დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი და დიდი ხანიც ველოდით. ძვრები კარგია, თუმცა შედეგებმა, რომლებიც მათ წესით უნდა მოჰყოლოდა, კმაყოფილების ნაცვლად ისევ კრიტიკა და კამათი გამოიწვია.
საზოგადოების წევრთა თუ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებში ამგვარი განწყობების მიზეზი ალბათ ისაა, რომ ყველაზე საჭირო და სასიკეთო პროცესებშიც კი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა, რომ ორიენტირება იყო არა კონკრეტულად იმ ობიექტურ სიკეთეზე, რაც ამა თუ იმ სიახლეს, ნაბიჯს, რეფორმასა თუ ცვლილებას უნდა მოჰყოლოდა, არამედ შემდეგზე – საზოგადოებისთვის მიწოდებული სიკეთეები რაც შეიძლება მეტად გაჯერებულიყო ქვეყნის მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესით, რათა მეტი პარტიული სარგებელი მიეღოთ. როგორც განათლების სფეროს ექსპერტები ამბობენ, 2023 წელს, მათ შორის განათლების სამინისტროს ყველა ქმედებასა თუ დაპირებას ეტყობა, რომ „არჩევნები მოდის“.
მართლაც, არჩევნების არომატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასულ წელს გადადგმულ თითქმის ყველა ნაბიჯს დაჰკრავდა – „უპრეცედენტო“, „ჩვენი მთავრობის პირობებში“, „ჩვენ გავასამმაგეთ“, „ჩვენი მიღწევა“, „300%-ით გავზარდეთ“… ეს და სხვა მრავალი ასეთი ფრაზა გვესმოდა მიმდინარე წლის დაპირებებითა თუ რეალური ნაბიჯებით გაჯერებული გადაწყვეტილებების გამოცხადებისას. მეორე მხარეს კი ისმოდა უნდობლობის, სამინისტროს გადამეტებულ კონტროლში დადანაშაულებისა და „უსამართლო გადაწყვეტილებების“ მუსიკა, რომელიც წლის ბოლოსაც არ განელებულა, რადგან განათლების სისტემაში მყოფთა დიდი უმრავლესობა, არაერთი მიმართულებით, კვლავ მოლოდინის რეჟიმში რჩება.
„გადავდივართ ახალ ფაზაზე“ – რა ეტაპზეა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დამტკიცება
მაშ ასე:
2023 წლის მიწურულს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, პრემიერ მინისტრთან ერთად, ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემის“ შექმნის გეგმებზე ისაუბრა, ერთგვარად, წელიც შეაჯამა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო. პრეზენტაციაზე განხილულ თემებზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ და მიმოვიხილავთ წლის სხვა მნიშვნელოვან ამბებსაც – რაც გასულ წელს მოხდა, რაც არ მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო და რაც ჯობდა, არ მომხდარიყო.
კანონდარღვევა საჯარო ინფორმაციის გაცემისას
EDU.ARIS.GE-ს მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ განათლების სამინისტრომ, საკუთარ სიპებთან ერთად, 2023 წელი კანონდარღვევის წლად აქცია და დაკისრებული ვალდებულება საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემის შესახებ, უტიფრად უგულებელყო. გვინდა, მოკლედ შევახსენებთ განათლების მინისტრსა და სიპების ხელმძღვანელებს რა წერია საქართველოს კანონში:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა:
“საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა”.
სკოლის დირექტორთა შერჩევა
2023 წლის ერთ-ერთი მთავარი თემა უდავოდ იყო სკოლის დირექტორთა კონკურსი, რომელიც თავიდანვე ხმაურიანად დაიწყო, ხმაურიანადვე გაგრძელდა შედეგების გამოცხადების შემდეგ და ამ დრომდე ხმაურით მიმდინარეობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიუხედავად გიორგი ამილახვარის ბოლო განცხადებისა, „უკეთესი წესით“ დირექტორთა ხელახალი კონკურსის ჩატარებაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, კონკურსის „დაბლოკილი“ მონაწილეები ახლაც მოითხოვენ მინისტრისგან დარჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემას, კონკურსის მონაწილეთა არაერთი საქმე კი სასამართლოშია. კონკურსი, რომლის შედეგებმაც განათლების სამინისტროსთან უწყვეტი პროტესტი და მასწავლებლის შიმშილობაც კი გამოიწვია, 1000-ზე მეტ სკოლაში ხელახლა უნდა გამოცხადდეს.
სკოლის დირექტორთა არჩევის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მანამდე, 2022 წელს, განათლების სამინისტრომ 12 წლის წინანდელი სტანდარტი განაახლა. სერტიფიცირება ორ ეტაპად ჩატარდა, ეს პროცესი ტესტირებასა და შემდეგ განათლების სამინისტროში გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიკატის აღების შემდეგ კანდიდატი კონკურსში ერთვება – ასახელებს სასურველ სკოლას რომლის მართვაც სურს და სამინისტროში კიდევ ერთ გასაუბრებას გადის სპეციალურ კომისიასთან, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, მსურველს ასარჩევად სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს.
პროცესი პრობლემების გარეშე რომ არ ჩაივლიდა, წინასწარვე გახდა ნათელი, როცა გაირკვა, რომ ახალი დირექტორი 2 074 სკოლას სჭირდებოდა, სერტიფიცირებული კანდიდატი კი მხოლოდ 1 409 იყო. მაგრამ ეს კიდევ არაფერია, სკოლების უმრავლესობაში (894) განათლების სამინისტრომ მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, 798 სკოლაში კი – არც ერთი. ეს გარემოება განათლების მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუმცა მას სპეციალისტებმა ციფრებით უპასუხეს და გიორგი ამილახვარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, სამინისტროს ეს მდგომარეობა აწყობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სერტიფიცირებული დირექტორების რესურსს ბოლომდე გამოიყენებდა და 482 კანდიდატს, გასაუბრების ეტაპზე, კონკურსიდან განზე არ გასწევდა. აქტიურად იყენებდნენ სიტყვას „დაბლოკვა“. მათი თქმით, იქაც კი, სადაც რეალურად არსებობდა არჩევანის შესაძლებლობა (382 სკოლა), სამინისტრომ მხოლოდ ერთი კანდიდატი წარუდგინა და სამეურვეო საბჭოებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა.
ასე იყო თუ ისე, ხანგრძლივი პროცესის შედეგად, 840 სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. სამინისტრო პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში დარჩენილ სკოლებში „სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები“ გამოცხადდება.
კონკურსის ერთმნიშვნელოვანი შეფასება წლის ბოლოსაც რთულია, რადგან როგორც ზემოთ ვახსენეთ, ეს პროცესიც დაუსრულებელია, თუმცა მას უკვე არაერთხელ უწოდეს „უსამართლო“ და „სამინისტროსგან გაკონტროლებული“.
საკადრო ცვლილებები
2023 წელი, საკადრო ცვლილებების კუთხით, ნამდვილად მრავალფეროვანი გამოდგა, რადგან განათლების სფეროში, თითქმის ყველა დონესა და უწყებაში ვიხილეთ მმართველი პირების შეცვლა. მთავარი ტრადიცია – მინისტრის ცვლილება, არც ამ წელს დარღვეულა. მოგეხსენებათ, საქართველოში იშვიათია წელი, როცა განათლებას ახალი მინისტრი არ ჰყავს და 2023-ც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. თანამდებობაზე მეორედ მობრუნებულმა მიხეილ ჩხენკელმა პოსტი უკვე მეორედ დატოვა და მისი ადგილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დაიკავა. კომიტეტი კი გივი მიქანაძეს ჩაბარდა. განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს, სისტემას კი ახალი მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ზოგადი განათლების მორიგი რეფორმის განხორციელება მიანდვეს.
უკვე ცნობილია, რომ 1-ელი იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობას დატოვებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე და ჩვენი ინფორმაციით, NAEC-იდან წავლენ სხვა თანამდებობის პირებიც. სოფიო გორგოძის შემცვლელის ვინაობა ჯერ უცნობია, წასვლის მიზეზი კი მან ასე განმარტა.
განათლების სფერო საქართველოში გამორჩეულია არა მხოლოდ პოსტიდან ერთხელ უკვე გათავისუფლებული მინისტრების მობრუნებით, არამედ გარკვეული პერიოდის წინ მიღებული გადაწყვეტილებების გადათქმითაც. ასე, მაგალითად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელი ისევ შეეცვლება და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ახალგაზრდობის კომპონენტს შეიერთებს. ცვლილება ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა. განახლებულ სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას უახლოეს მომავალში ჰპირდებიან.
არ დაგვავიწყდეს, რომ სამინისტროს, სულ ახლახან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერქვა და ორ ნაწილად სულ ორიოდე წლის წინ გაიყო. მანამდე კი, 2018 წელს, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროების გაერთიანების იდეა ყოფილ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს გაუჩნდა და განახორციელა კიდეც. შესაბამისად, შეერთება-გაყოფისა და მიმატება-გამოკლების ციკლი, სავარაუდოდ, ისევ გაგრძელდება, ამით გამოწვეული ფინანსური ხარჯები კი, ალბათ, ისევ არავის დააინტერესებს.
არაერთი პოზიტიური სიახლე თუ ცვლილება, რომელიც 2023 წელს გამოცხადდა და უკვე ძალაშია, მთავრობის მეთაურისა თუ მთავრობის ქმედებების გადაფარვის მცდელობად შეფასდა, თუმცა მისი სარგებელი ცალსახაა:
– 2023-2024 სასწავლო წლის სექტემბრიდან გაიზარდა წარჩინებულ სტუდენტთა სახელმწიფო სტიპენდია და დღეს, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული ახალგაზრდები 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარს იღებენ. გარდა ამისა, თუ აქამდე სტიპენდია 2 500 სტუდენტზე გაიცემოდა, გაფართოვდა მისი მოპოვების შესაძლებლობებიც და სტიპენდიის მიღების საშუალება 5000 ახალგაზრდას გაუჩნდა.
– ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდათ. გადაწყვეტილება შეეხო ახალგაზრდებს, რომელთაც სტატუსი, ფინანსური პრობლემების გამო, 2023 წლის 1 აგვისტომდე შეუჩერდათ და სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი. ამ „უპრეცედენტო“ ინფორმაციის მოწოდებისას მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ 40 მილიონი ლარის განულებაზე იყო საუბარი, შემდეგ გაირკვა, რომ განულების პროცესი უნივერსიტეტების ფინანსებით წარიმართებოდა და ის არ გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან 40 მილიონის დახარჯვას, საბოლოოდ კი, როგორც განათლების მინისტრისგან გავიგეთ, დაანონსებული 30 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან ამ უფლებით სულ 4 000-მდე პირმა ისარგებლა და სტატუსი აღიდგინა.
– პირველკლასელთა სკოლაში დაშვების ასაკმა გადაიწია და 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები შევლენ. სპეციალისტების აზრი ამ გადაწყვეტილების სარგებლიანობის მხრივ, იყოფა.
– განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან პედაგოგების მრავალსაათიანი „საძულველი“ სავალდებულო ტრენინგ-მოდულები, რომელთაც მრავალი წელი გადიოდნენ, სრულად უქმდება. „სისტემა გადავა მასწავლებლის საჭიროების დადგენაზე, მის მოსმენაზე, უკუკავშირის მიღებასა და იმ სერვისების შეთავაზებაზე, რომლებიც თითოეულ მასწავლებელს სჭირდება კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
– ახალი წლიდან 100 ლარით იზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება, რაც 2024 წლის ბიუჯეტით არის განსაზღვრული.
მასწავლებელთა ხელფასები
მასწავლებელთა ხელფასების ზრდის საკითხი 2023 წლის ყველაზე დიდი ვნებათაღელვის გამომწვევი ამბავია.
პრემიერის ამ განცხადებამ პედაგოგებში ობიექტურად გააჩინა სიხარული და განცდა, რომ მატება 2024 წლის იანვრიდან იქნებოდა, ისე, როგორც გასულ წელს მაგრამ ეს მოლოდინი ფინანსთა მინისტრის კონკრეტულმა განცხადებამ, რომელიც პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის წარდგენისას მოვისმინეთ ერთი ხელის მოსმით გააქარწყლა. დღეს კი მასწავლებლები ამბობენ, რომ ახალ წელს საერთოდ მოუმატებელი ხელფასით ხვდებიან, ძველი წესის მიხედვით არსებული 125 ლარიც ოცნებად დარჩათ და ახლა ივლისამდე უნდა მოიცადონ, რადგან გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, იანვრიდან მხოლოდ 125 ლარიან მატებას შედეგი არ ექნებოდა და ამიტომ ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება“ ამჯობინეს.
რაც შეეხება ივლისისთვის დაგეგმილი სახელფასო მატების პრინციპს, მიუხედავად განათლების მინისტრის მიერ ნოემბერში გაკეთებული განცხადებისა, რომ ახალ სახელფასო ფორმულას დეკემბერში გაასაჯაროებდნენ, მასწავლებლებისთვის ეს თემა კიდევ ერთ რებუსად გადაიქცა, რებუსად, რომელიც გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მიწურულს გამართულ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე შემოგვთავაზა:
რა თქვა მასწავლებელთა სახელფასო ზრდაზე მინისტრმა და რა კითხვები აქვს მენტორ მასწავლებელს
სკოლების ავტორიზაცია
წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ საჯარო სკოლების ავტორიზაციის განხორციელების ყბადაღებული თემა – ავტორიზაციის დასრულების ვადები ისევ შეიცვალა. 2020-2021-დან 2026-2027 სასწავლო წლამდე გადადებულმა ფინიშმა, ამჯერად 2030-2031-მდე გადაიწია.
მიზეზი საკანონმდებლო ცვლილებაში და საკუთარ განცხადებაშიც განათლების მინისტრის მოადგილემ ასე ახსნა: 2022 წელს განხორციელებულმა საჯარო სკოლების დიაგნოსტიკურმა თვითშეფასებამ და მიმდინარე წელს დაწყებულმა ავტორიზაციის პროცესმა გამოავლინა რიგი გარემოებები, რომელთა მიმართებითაც აუცილებელია სკოლების განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება და, ახლა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებს და პროცესში ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ გონივრული დრო, სკოლების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად და შესაბამის ეტაპზე ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად. დღეს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2022 წელს ჩატარებული დიაგნოსტიკური თვითშეფასების შედეგად, უკვე იციან როგორ უნდა დაეხმარონ სკოლებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი მეორე ვადით მინისტრობის პერიოდში, მიხეილ ჩხენკელი დადასტურებულად ამბობდა, რომ 2026-2027 წლისთვის სკოლების ინტერნეტიზაცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვაც დასრულებული იქნებოდა. მართალია ეს დაპირება ამაო აღმოჩნდა, თუმცა გარკვეული სახის წინსვლა, მაინც გვაქვს – 2023 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 320-მდე საჯარო სკოლის ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ნოემბრის მიწურულისთვის კი ავტორიზაციაგავლილი სკოლების რაოდენობა, ჯამში, 214-ს შეადგენდა. ეს მონაცემი, დიდი ალბათობით, უკვე გაზრდილია, უბრალოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EDU.ARIS.GE-ს სკოლების დიაგნოსტიკური თვითშეფასების შემდეგ გამოვლენილ კონკრეტულ შედეგებსაც უმალავს და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა კითხვებსაც უპასუხოდ ტოვებს. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება სამინისტრომ და მისმა სსიპებმაც დიდი ხანია, შეაჩერეს.
„საგანმანათლებლო ბედნიერების მარცვლებით“ სავსე კვირა და უშინაარსო სიახლეები
გამოცდები 2023
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 2023 წელს გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000–ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000–ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა, მასწავლებლის საგნის გამოცდაზე – 16 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი – 2 500 -მდე გამოსაცდელმა გაიარა.
გამოცდებმა, ტრადიციულად, ერთ თვეს გასტანა. სექტემბერში კი გამოგვიცხადეს, რომ 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი (რეგისტრირებულთა 77%) გახდა და შარშანდელთან შედარებით უმაღლესში ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა გაიზარდა.
ამ წელს უმაღლესში მისაღები გამოცდებთან დაკავშირებული დიდი სიახლეების მოლოდინიც გაგვიჩინეს. ახალი მინისტრის ახალი მოადგილე, მანდატურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გელა გელაძე აცხადებს, რომ 2027 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით უნდა ჩატარდეს და NAEC-მა ამაზე მუშაობა უკვე დაიწყო. “განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სკოლებისა და უნივერსიტეტების როლის გაზრდას“, – თქვა პარლამენტში მინისტრის მოადგილემ.
ეროვნული შეფასების დაბრუნება სკოლებში
უკვე ვახსენეთ, რომ განათლების სფერო გამოირჩევა წინა მინისტრის ხელმძღვანელობის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გადათქმით, გაშვებული კადრებს მობრუნებით და სხვა მსგავსი „სიახლეებით“. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ეროვნულ შეფასებაზე ვსაუბრობთ, რომლის ერთ-ერთი სახეობა – CAT-ის გამოცდები სკოლებში სულ რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. 2023 წელს კი, ახალი მინისტრი ამბობს, რომ „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ და დამამთავრებელ კლასებში შეფასების ხელახლა შემოტანას აანონსებს. სხვადასხვა მოდელის ვარიანტი რომ უკვე აქვთ, ამაზე ჩვენ განათლების მინისტრის ოფიციალურ განცხადებამდე ვწერდით:
საუბარი მე-6, მე-9 და მე-12 კლასების შეფასებაზეა. 12 დეკემბერს წარდგენილი ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციის თანახმად, მე-6 და მე-9 კლასებში განმავითარებელი ხასიათის შეფასება დაინერგება, ხოლო მე-12 კლასის ბოლოს შეჯამდება მოსწავლის მიღწევები საშუალო საფეხურზე და როგორც გიორგი ამილახვარი ამბობს, „მოემსახურება ბავშვის ტრანზიციას ზოგადი განათლებიდან უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში“. მინისტრი აზუსტებს, რომ ამ კონტექსტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების ვარაუდი, დღეს არასწორია.
რაც შეეხება სიახლის ამოქმედების ვადებს, გვითხრეს, რომ სკოლებში მოსწავლის ცენტრალიზებულად შეფასების კომპონენტის დაბრუნება პილოტირების შემდეგ მოხდება. „VI-IX კლასის პილოტირება 2025 წლიდან დაიწყება, მე-12 კლასის 2026 წელს და სისტემა სრულად 2027 წლიდან ამოქმედდება”, – თქვა გიორგი ამილახვარმა.
პროფესიული განათლება
პროფესიული განათლების მიმართულებით წელს ორი აღსანიშნი ფაქტი გვაქვს, ერთი განათლების სამინისტროს მიერ ბიზნესისთვის გაკეთებული შეთავაზებაა სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში და მეორე პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დანიშვნის წესი, რომელიც მრავალწლიან ტრადიციას დაარღვევს და კოლეჯებს უვადოდ დანიშნული დირექტორები ვეღარ ეყოლება.
დამტკიცდება ახალი სტანდარტი პროფესიული კოლეჯის დირექტორთა დანიშვნისთვის
სახელმწიფომ კერძო სექტორს შესთავაზა, თავად დააორგანიზონ, თავად მოამზადონ ან მონაწილეობა მიიღონ სასურველი კადრების გადამზადება-განათლებაში და შემდეგ დაასაქმონ ისინი. ამ პროცესში კი სახელმწიფოს თანაინვესტორის როლი ექნება. კერძო სექტორისთვის შეთავაზებული პრიორიტეტული სექტორებია: ჯანდაცვა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, კერძო სექტორის მხრიდან აქტიური უკუკავშირები აქვთ.
2023 წლის სიახლეა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ ან მის სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული კოლეჯების დირექტორებს მალე ახალი რეალობა ექნებათ – ისინი დირექტორის აქამდე ლამის უწყვეტი სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ, რადგან პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დამტკიცების საფუძველი განსხვავებული წესით დადგინდება.
რაც შეეხება 2023 წლის შედეგებს პროფესიულ განათლებაში, განათლების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიმართულებით, 2023 წელს მიღება გამოცხადდა 17 000-ზე მეტ ადგილზე და ჩაირიცხა 13 000-ზე მეტი სტუდენტი და დღეს ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 450-ზე მეტი პროგრამა, თუმცა უცნობი რჩება, რა მიმართულებები აირჩიეს ჩარიცხულმა სტუდენტებმა და როგორ გადანაწილდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით. ამ მონაცემების გასაჯაროება განათლების სამინისტრომ ჩვენი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, არ ისურვა.
მთავრობის გეგმა პროფესიულ განათლებაში, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტშია ასახული
მასწავლებლის ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო
ჯილდოების მხრივ, ეს წელი ნამდვილად უხვი გამოდგა. აქამდე საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად მხოლოდ ერთი კონკურსი არსებობდა, რომელიც განათლების კოალიციის მიერ 2017 წელს დაწესდა და ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 5 ოქტომბერს ავლენდა. ზაფხულის მიწურულს კი, სრულიად მოულოდნელად, სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესება და ამ დღესთან დაკავშირებით საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოება გადაწყვიტა და მასწავლებლის ეროვნული დღე დააწესა. თარიღად 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შეირჩა.
შესაბამისად, 22 დღიანი შუალედით, ჯერ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 5 ოქტომბერს დასახელდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული – გორელი პედაგოგი ნინო ფსუტური, მოგვიანებით კი, 27 ოქტომბერს ეროვნული პრემიის 11 რჩეული გამოვლინდა, სხვადასხვა რეგიონიდან. მათ გადაეცათ მასწავლებლის ეროვნული პრემია, სპეციალური სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ხარჯებს, განსაზღვრულია, რომ ამ პროექტისთვის საშუალოვადიანი პერიოდის ბიუჯეტი დაახლოებით 3,6 მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 600 ათასი ლარით, რაც მოიცავდა 11 მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადებისა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს.
განათლების ბიუჯეტი 2024
2024 წლის ბიუჯეტი, უკვე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის 2 მილიარდ 508 მილიონი ლარი იქნება.
პროგრამული მიმართულებები კი 2024 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიაში ასე ჩამოყალიბდა:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 მილიარდ 575 მლნ ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვის მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით.
ამავე პროგრამის ფარგლებში 70,0 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის, ხოლო 61 მლნ ლარამდე პირველკლასელი და წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველსაყოფად;
პროფესიული განათლება – 113 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 166,3 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 78,2 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 56,2 მლნ ლარი;
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას – 424,2 მლნ ლარი. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება 333 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 469,0 მლნ ლარზე მეტი); პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 62,4 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები); უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 15,0 მლნ ლარი.
„დაფინანსება ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გადამუშავებულ ვარიანტში გაიზარდა 160 მლნ ლარით (ჯამურად იზრდება 580 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა – სრული დატვირთვის მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით; საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450 მლნ ლარამდე; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225 მლნ ლარზე მეტი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა“, – განმარტა უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ფინანსთა სამინისტრომ.
2023 წლის სხვა ამბები განათლებიდან:
– სკოლებში უფასო კვების შეტანის საკითხი 2023 წელსაც სამუშაო რეჟიმში იყო, თუმცა გაირკვა, რომ პროცესში ჩართული აღარ არის გაეროს ბავშვთა ფონდი. ვიცით ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელიც იმ სკოლებს გამოავლენს, სადაც სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა პირველ ეტაპზე იქნება შესაძლებელი, თუმცა მისი ამოქმედების დრო, პროგრამის დეტალების მსგავსად, კვლავ უცნობია, მინისტრის პოზიცია ასეთია: „დედამიწის ზურგზე ვერსად ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს“.
– საჯარო სკოლების დაფინანსების ვაუჩერული სისტემა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ახალი მოდელით შეიცვლება, რომელიც ჩვენთვის ჯერ ცნობილი არ არის. ამის თაობაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში 6 ივნისს ისაუბრა.
– კერძო სკოლებს მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებისთვის სიახლეების ვრცელი დასტა აქვთ.
– ეროვნულ სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული დოკუმენტი სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო.
– მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შეფასების მიზნით, სამინისტროს დაკვეთით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ, 2 დიდი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგები და მიღებული რეკომენდაციები სამომავლოდ ახალ ცვლილებებს გამოიწვევს როგორც მასწავლებელთა სქემაში, ისე ესგ-ში. მიმდინარეობს სასკოლო სახელმძღვანელოების შესწავლის კვლევაც და როგორც განათლების მინისტრი გვპირდება მომავალში, სასკოლო სახელმძღვანელოები სრულიად ახალ სტანდარტს მოერგება. „მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზიის პროცესი და დაწყებულია საგნობრივი ჯგუფების ფორმირება, რევიზიის პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება“.
– 2023 წელს გავიგეთ, რომ საჯარო და კერძო სკოლები არაგრიფირებული წიგნებით სწავლებას შეძლებენ. „დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეეძლებათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები“. ამ სიახლის ამოქმედების დრო არ დაკონკრეტებულა, მაგრამ აღსანიშნია, რომ წესს სპეციალისტები აკრიტიკებენ.
– უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება, რომელსაც „ყბადაღებული თემა“ წელს თავად განათლების მინისტრის მოადგილემ უწოდა, ისევ გადაიდო. თუმცა გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით საინტერესო ეტაპი მიმდინარეობს. პარლამენტმა კი მორიგჯერ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს, 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით, არ აქვთ უფლება დააწესონ საფასური, რომელიც სასწავლო გრანტზე მაღალი იქნება. გრანტის ოდენობა ისევ 2250 ლარს შეადგენს.
– 2023-2024 სასწავლო წელს ქვეყანა 55 000-ზე მეტი პირველკლასელითა და მშობელთა ნაწილის პროტესტით შეხვდა, რომლებიც სკოლების გაჭიანურებულ რემონტებსა და ამით შექმნილ დისკომფორტს აპროტესტებდნენ.
– Erasmus+-ის ეროვნულ ოფისს, გაუქმებიდან ორი წლის თავზე, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოსტზე პროფესიით ფინანსისტი მარიამ სულაშვილი დაინიშნა, რომელიც მეორედ გამოცხადებული ხანგრძლივი კონკურსით შეირჩა.
– 2023 წლის დეკემბერში მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის PISA 2022-ის შედეგები გამოქვეყნდა სამწუხარო სიახლით – საქართველოში მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი დაკლებულია. „საქართველოში მოსწავლეთა მიღწევა კითხვასა და მათემატიკაში, 2018 წელთან შედარებით, შემცირებულია მათემატიკაში 8, კითხვაში კი 6 ქულით.
2023 წელს ხელისუფლებას საზოგადოებისთვის აქამდე არ გაგონილი, დიდი დაპირებები აქვს მიცემული. რომელი ადამიანური თუ ფინანსური რესურსებით მოხერხდება (?) დაანონსებული სისტემური გაჯანსაღება განათლებაში – EDU.ARIS.GE 2024 წლის განმავლობაშიც უწყვეტად დააკვირდება და მკითხველს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას გაუზიარებს.
ასევე იხილეთ:
განათლებაში 2023 წლის უპრეცედენტო პროტესტის მთავარი გმირების სურვილები 2024 წელს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება