GE

რა ცვლილებებს დაამტკიცებს პარლამენტი განათლების მიმართულებით საგაზაფხულო სესიაზე – გეგმის დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა და მასში მოცემულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებიც.

EDU.ARIS.GE გეგმის დოკუმენტს გაეცნო და წარმოგიდგენთ რა საკანონმდებლო ცვლილებები გავა ზოგადი უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით პარლამენტის საკომიტეტო თუ სასესიო სხდომებზე დასამტკიცებლად.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

– საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);

– გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესის, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესის შემუშავებისთვის;

– პირი ვალდებული აღარ იქნება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, იმ შეთხვევაში თუ მისი ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში;

– განისაზღვრება, რომ ის პირები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ექსტერნატის წესით დაძლევენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება ან აღემატება 2024-2025 სასწავლო წელს X კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიას, 2024-2025 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის შესაბამის კლასში;

– დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან;

შეიცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:

– იმ პირებს, რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;

– იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით, მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;

– რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა უფლება, განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში. ასევე, რესურსცენტრის უფროსს/უფროსის ფუნქციათა შემსრულებელს და მის მოადგილეს მიეცემა შეთავსებადი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება სამინისტროს სისტემაში.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

– ტერმინი ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება” ჩამოყალიბდება ახლებური რედაქციით, რითაც ხაზგასმით გამოიკვეთება უნივერსიტეტების სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა. შესაბამისი ცვლილება აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საქმიანობის ნაწილში;

– საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვები იქნება მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებისათვის.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

– კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საავტორიზაციო და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩაითვლება ავტორიზებულად ან საგანმანათლებლო პროგრამა – აკრედიტებულად, მიუხედავად ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემთხვევისა. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების წესი და პირობები დამატებით დადგენილი იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით.

მთავრობის გეგმაში განმარტებულია ისიც, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია, საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ დამატებით წარედგინოს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ასახული არ არის კანონშემექმედებითი საქმიანობის ამ მოკლევადიან გეგმაში.

ასევე იხილეთ:

ტკბილ-მწარე გაკვეთილები ქართული განათლების სისტემისგან – 2024 წელი განათლებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური