ტკბილ-მწარე გაკვეთილები ქართული განათლების სისტემისგან – 2024 წელი განათლებაში
ჩვენო მრავლის მნახველო და გულიანო მკითხველო, თქვენთან ერთად, სულ ერთი წუთით გვსურს დავფიქრდეთ, რა გაკვეთილები მივიღეთ 2025 წლისგან განათლებაში?…
დავიწყოთ:
მინისტრები სულ შეიცვლებიან – სეზონური ქურთუკებივით; თავად განათლების სამინისტროს დაუსრულებლად შეუერთდება და გამოეყოფა ხან კულტურა და ხან ახალგაზრდობა, ესეც გარდაუვალია; ისიც გაკვეთილია, რომ სისტემაში ხელფასების „უპრეცედენტოდ“ გაზრდა შესაძლოა, ფილმ „მატრიცას“ ეფექტზე დიდი ილუზია აღმოჩნდეს; შეიძლება „მენტორი“ იყო, მაგრამ მაინც სხვებზე ნაკლებად „დაფასდე“; სავალდებულო 9 წლის შემდეგ, სკოლაში კიდევ ერთი წლით დაგტოვონ და არ გკითხონ – შენ რა გერჩივნა?!;
თინათინ სადუნიშვილი: „ძალიან მინდა, მეცნიერება საქართველოში რეალურად იყოს პრიორიტეტული“
შეიძლება, დედა უნივერსიტეტში არ შეგიშვან, მაგრამ პროტესტის შემდეგ, რექტორმა ცხელი ყავა და ფუნთუშები გამოგიგზავნოს; შეიძლება ჯერ გითხრან, რომ სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლა აქტუალური აღარ არის, მაგრამ შემდეგ უკან დაიხიონ და საზოგადოების აბუნტების მიზეზად ქცეული იდეა ერთი „შინაური“ ექსპერტის პირად პოზიციად შემოგასაღონ; უმაღლესში მისაღები საგამოცდო პროგრამიდან ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“ ამოიღონ და იმით განუგეშონ, რომ სკოლაში ისევ ასწავლიან; ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან ტერმინი „ლიბერალური“ გააქრონ, მაგრამ პატრიოტიზმი იმდენჯერ ჩაწერონ, მისი ავტორები ვაჟა-ფშაველაზე დიდ პატრიოტად წარმოიდგინო…
შესაძლოა სკოლის ხელმძღვანელად საუკეთესო კანდიდატი იყო, მაგრამ არ წარგადგინონ და 1000 სკოლა ისევ დირექტორის გარეშე დატოვონ, ან უარესი: შენს ადგილას სკოლის სამეურვეო საბჭოსგან ორგზის დაწუნებული კადრი მინისტრის ერთპიროვნული ბრძანებით დანიშნონ; შესაძლოა საერთაშორისო კვლევებით საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების მაგალითი იყო, მაგრამ საუნივერსიტეტო ავტორიზაცია პირობითი დროით და გადამოწმების პერსპექტივით მოგანიჭონ….
მოკლედ, ამ გაკვეთილების ჩამოთვლა კიდევ დიდხანს შეიძლება, მაგრამ როგორც ერთი ცნობილი ადამიანის ცნობილ ნათქვამშია – „აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ“…
ოპტიმიზმისთვის, იმას კი დავძენთ, რომ 2024 წელი მაინც თავისუფლების გაკვეთილის წლად გამოგვიცხადებია, წლად, როცა ყველაზე ჩუმი გახმიანებაც ყველაზე მქუხარედ ისმის საქართველოს ევროპულ გზაზე.
განათლების ერთწლიანი მინისტრები და უვადო მოსამართლე ვადიან მინისტრად
ეს ჩვენი საყვარელი თავია, ტრადიციული, რომელიც მიმოხილვაში ყოველ წელს ჯიუტად ხვდება, რამეთუ ქვეყანას იშვიათად თუ ჰქონია წელი, როცა საკადრო ცვლილებები, მაღალ დონეზე, არ განხორციელებულა და სისტემას მთავარი მოქმედი გმირი არ გამოუცვლია.
2024 წელი რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი? ჰოდა უწყების ხელმძღვანელის სავარძელმა წელსაც გამოიცვალა მფლობელი. ხმები, რომ მინისტრი ამილახვარი ამ პოზიციაზე მუშაობის ბოლო დღეებს ითვლიდა, სექტემბერში გავრცელდა და 27 სექტემბერს ოფიციალურად დადასტურდა კიდეც, როცა ამილახვარმა, რომელსაც მინისტრის პორტფელი 2023 წლის 20 მარტს ჩაბარდა, პოსტი საკუთარი ნებით, ბრიფინგზე მარტო მდგომმა დატოვა. ყველაფერი უმტკივნეულოდ დამთავრდა – „ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა”, – ასე უბრალოდ დაემშვიდობა პრემიერ-მინისტრი კობახიძე უკვე ყოფილ მინისტრს, რომელიც ადგილმონაცვლის წარდგენისას გვერდითაც არ დაიყენა, მიუხედავად მისთვის მინისტრობის განმავლობაში გადახდილი არაერთი მადლობისა. ვფიქრობთ, მოვა დრო და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რატომ მოუწია გიორგი ამილახვარს ასეთ მოკლე დროში და თითქოს მოულოდნელად „კერძო სექტორში” გადაბარგება ისე, რომ გუნდში მისთვის ადგილი საერთოდ არ გამოიძებნა…
გიორგი ამილახვარის გადადგომიდან სულ რამდენიმე დღეში ახალი მინისტრის ვინაობაც გაირკვა – ალექსანდრე წულაძე, ყოფილი უვადო მოსამართლე, რომელიც გამინისტრებამდე ჯერ ამილახვარის პირველი მოადგილის, შემდეგ კი, ორი თვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
მინისტრის შეცვლას, როგორც მოსალოდნელი იყო, უწყებაში ცვლილებათა მთელი ჯაჭვი მოჰყვა. შეიცვალნენ მოადგილეები: 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე გახდა, სავარძლები გადაინაწილეს ბაია კვიციანმა, გიორგი ჯინჭარაძემ და ანა მღებრიშვილმაც. ალექსანდრე წულაძის მოადგილეებად დარჩნენ თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე. დეკემბერში კი გელა გელაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადავიდა, მისი ადგილი კი თამარ ღვამიჩავამ დაიკავა. საგულისხმოა, თუმცა აუხსნელი, რომ დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა გუნდი ხელმძღვანელობს. სადარდებელი კი ისაა, რომ უწყებას დღემდე არ განუცხადებია რომელი იურისტი მოადგილე რა მიმართულებას კურირებს განათლების მრავალსაფეხურიან სისტემაში.
ცვლილებები სხვა უწყებებშიც იყო: მარტში უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია თამარ ქიტიაშვილმა „პოლიტიკის განხორციელების პროცესში გარკვეული აცდენების“ გამო დატოვა და მისი ადგილი ირინე მარგიშვილმა დაიკავა; შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ნინო წერეთელმა ჩაიბარა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად, მეორე ვადით, დავით გურგენიძე აირჩიეს; ახალი რექტორი ჰყავს სპორტის უნივერსიტეტსაც – ტრისტან გულბიანი.
ისევ მასწავლებლების ხელფასები ანუ „უპრეცედენტო“ ზრდის ილუზია ქართულად
ახლა რომ კითხვა შეწყვიტოთ, 66 ათასზე მეტი პედაგოგიდან ნებისმიერს მიუტრიალდეთ და ჰკითხოთ: სიტყვა „უპრეცედენტოზე“ რა ახსენდება, აუცილებლად მწარე სიცილს მოისმენთ, რადგან როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ ხოლმე, „მასწების ხელფასების უპრეცედენტო მატებამ ჩაილურის წყალი დალია“. წინა წელი იმ ამბით შევაჯამეთ, რომ პედაგოგები სახელფასო ზრდისთვის აუცილებელი ახალი ფორმულის გამოქვეყნებას და „უპრეცედენტო“ ზრდასაც 2024 წლის ივლისში იზეიმებდნენ. საბოლოოდ კი ახალი ხელფასი „უპრეცედენტოდ“ უსამართლოდ განაწილებულ მატებად შეფასდა, რომელმაც არათანაბარ პირობებში ჩააყენა მიღწევებითა და სტატუსით წინ მდგომი პედაგოგები, დაწყებითების მასწავლებლები და უფროსის სტატუსის მქონენი. რეალური მატება, სწორედ უფროს მასწავლებლებზე აისახა.
მიუხედავად თემის გარშემო გაკეთებული არაერთი განცხადებისა, გამოქვეყნებული არაერთი ბრძანებისა და დაწერილი არაერთი სტატიისა, პედაგოგებიცა და საკითხით დაინტერესებული სხვა პირებიც ბოლო დღემდე გაურკვევლობაში იყვნენ და ვერ იგებდნენ ვის, როგორ, რა ფორმულითა და რამდენით ეზრდებოდა ხელფასი. საბოლოოდ, 20 ივნისს, დაანონსებულ მატებამდე 10 დღით ადრე, დღის სინათლე იხილა ფორმულამ, რომელიც ითვალისწინებს ყველაფერს – მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და არსებულ სტატუსებს, მაგრამ არ იცავს მთავარს – ვინც დამსახურებით წინ არის, ის ფინანსურად უკან რჩება.
გამხელილმა სიახლემ მასწავლებლები კიდევ უფრო აღაშფოთა და ისინი დღემდე ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემათ, აცხადებენ, რომ ახალი წესი დამაბნეველი, უსამართლო და ხელს უწყობს პედაგოგებს შორის შუღლის ჩამოგდებას.
ეს იყო „უპრეცედენტო“ იმედგაცრუება ქართული სპეცეფექტებით.
განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, როგორც პატრიოტიზმის დამცველი დოკუმენტი
განათლებაში 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი თემის სტატუსს უდავოდ იმსახურებს განათლების სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის – „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ (ზგემი) განახლება, რაც ქვეყანაში 20 წელია არ მომხდარა. იცვლებოდა დოკუმენტი, რომელიც თავისი მნიშვნელობით, განათლების კონსტიტუციად არის შეფასებული და განსაზღვრავს რა მიმართულებით განვითარდება ზოგადი განათლება და როგორ.
ახალი ზგემის პირველი ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა უკვე 2024 წლის თებერვალში და კრიტიკაც არ დაჰკლებია. სპეციალისტები დოკუმენტში „ნელი მოქმედების ნაღმებს” ამჩნევდნენ, თანაც არცთუ ცოტას. ექსპერტების აზრით, განათლების ფილოსოფია, რომელსაც განახლებული ზგემის შემოთავაზებული ვარიანტი ეფუძნებოდა, არ იყო არც თანამედროვე, არც სასურველი და არც მეცნიერული. დარგის წარმომადგენლები წერდნენ, რომ დოკუმენტში, მოსწავლე განათლების ობიექტადაა გამოყვანილი, რომლისგანაც სახელმწიფოსთვის სასურველი, ყალიბში ჩამოსხმული პიროვნება უნდა მივიღოთ.
„ტექსტი დაწერილია ნაციონალისტური და პოპულისტური პერსპექტივიდან“, – ამბობდა განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და დასძენდა, რომ იგი ნაციონალისტური იდეოლოგიის მიმდევარ ჯგუფებს აძლიერებდა. მთელი დოკუმენტი პატრიოტული პათოსით რომ იყო გაჟღენთილი, ამაზე არაერთი ექსპერტი ღიად საუბრობდა. „თავისუფლება“, როგორც ღირებულება, მასში გამქრალი იყო, ისევე როგორც სიტყვა „ლიბერალური“. ამის მთავარი მიზეზი კი, სფეროში მომუშავე ადამიანების აზრით, ისაა, რომ სახელმწიფოს არ სურს სკოლაში თავისუფალი, ლიბერალური ღირებულებებით გამსჭვალული თაობები იზრდებოდნენ.
კრიტიკას განათლების მაშინდელი მინისტრი, გიორგი ამილახვარი არ ეთანხმებოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავდა: “ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, მათ შორის გლობალური, საკმაოდ სარისკო, ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში არ გვინდა. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების მანძილზე, მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს. ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“.
მოგვიანებით დოკუმენტის საბოლოო ვერსიაც გამოქვეყნდა, რომელშიც, მართალია გასაკრიტიკებელი კიდევ ბევრი რამ იყო, მაგრამ როგორც განათლების სპეციალისტები აცხადებდნენ, მკვეთრად იყო შემცირებული ნაციონალისტური და კონსერვატიული რიტორიკა. თუმცა, დასძენდნენ იმას, რომ ახალი ვერსიაც მოძველებულ პედაგოგიურ ხედვას ემყარებოდა.
ხოგადი განათლების ეროვნული მიზნები
აი, რას ეფუძნება დღეს ახალი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები: პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება; სახელმწიფოებრივი აზროვნება; ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა; სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა; ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა; თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება; სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა; მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა; ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება; ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები; უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა; გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; აკადემიური ცოდნა და წიგნიერება; კომუნიკაციის მაღალი კულტურა; ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა.
ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა გაუმჯობესდეს სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.
ცუდის ნიშანი უმაღლეს განათლებაში – საქართველოს EQAR-ის რეგისტრაცია შეუჩერდა
საკითხი, რომელსაც ეს პატარა თავი ეძღვნება, უმაღლეს განათლებას უკავშირდება და მნიშვნელოვანია ქვეყნის სასიკეთოდ დასრულდეს. საქართველოს ევროპული კურსის დაცვის მიზნით ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად, განათლების სფეროს ზოგიერთი სპეციალისტის მიერ გაცხადდა, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს. განცხადების ავტორთა ასეთი მტკიცებითი ტონის შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უწყება აღიარებდა, რომ საქართველოს EQAR-ის რეგისტრაცია ნამდვილად შეუჩერდა, თუმცა საუბარი არ ყოფილა ENQA-ს წევრობის დაკარგვაზე და ცალსახად განიმარტა, რომ არცერთი ორგანიზაციის წევრობის დაკარგვა ქართული უმაღლესი განათლებისა და დიპლომების აღიარებას ეჭვქვეშ არ აყენებს.
ილიაუნის „ბრძოლა“ და პირველი შედეგი
ეს ისტორია არ დასრულებულა, თუმცა კეთილი მოლოდინი უკვე შექმნილია. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უმაღლესი განათლების მაგალითად მოყვანილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რატომღაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოსგან შეფასდა, როგორც უნივერსიტეტი, რომელიც ავტორიზაციას პირობითი 6 წლით მიიღებს და ერთი წლის შემდეგ ისევ შემოწმდება. ეს ამბავი ივნისში დაიწყო, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით, გეგმიურად შეაფასა და როგორც ილიაუნის ადმინისტრაცია აცხადებს, ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები შეცვალა და უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა. რაც იმას გულისხმობს, რომ 1 წელიწადში ილიაუნი ხელახლა უნდა შეფასდეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, უნივერსიტეტი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და იგი სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა. „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“ – ეს განცხადება ილიაუნის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ოქტომბერში გააკეთა. იგი დასკვნას უსამართლოს, დისკრიმინაციულს, ბუნდოვანსა და დაუსაბუთებელს უწოდებდა. EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, რომელიც 30 დეკემბერს უნივერსიტეტის კანცლერმაც დაადასტურა, სააპელაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკითხი ხელახალ განხილვაში დაბრუნდეს.
ათწლიანი საბაზო საფეხური – სკოლის ატესტატს მე-9 კლასში ვეღარ მიიღებთ
ეს ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განათლების მინისტრმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას მოულოდნელად დააანონსა, წესით, ფართო საზოგადოების განხილვის საგანი უდა გამხდარიყო, მაგრამ იმდენად სწრაფად აღმოჩნდა პარლამენტში და დამტკიცდა, რომ მაგალითად ზოგიერთმა მეშვიდეკლასელმა, ან მერვეკლასელმა, შესაძლოა, ჯერაც არ იცის, რომ სურვილის შემთხვევაში, სკოლას 9 კლასის შემდეგ ვეღარ დაასრულებს. სავალდებულო სასკოლო განათლება 10-წლიანი გახდა და ეს ლამის არავის ჰკითხეს, უპირველესად კი თავად მოსწავლეებს.
რა მივიღეთ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვილებით, რომელიც 2025 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს: კანონში ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხი განსხვავებულად მოწესრიგდა და მიეთითა, რომ: საქართველოში არის სრული ზოგადი განათლების 3 საფეხური: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (4 წელი − VII−X კლასები) და საშუალო (2 წელი − XI და XII კლასები)“.
ამასთან, კანონს დაემატა გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრა ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები:
1. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება შეეხება აგრეთვე იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან.
2. ის მოსწავლეები, რომლებსაც მოსწავლის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში შეუჩერდათ და რომლებიც ამ სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
3. ის მოსწავლეები, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლევენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, 2025-2026 სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
ძველი და ახალი გამოცდები – სკოლაში ეროვნული შეფასების შემოღების გადაწყვეტილება
2024 წელს უკვე მეცხრამეტედ ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და კიდევ ერთხელ გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ უმაღლესში მისაღები გამოცდების 2005 წელს შემოღებულმა ფორმატმა დრო მოჭამა. ამას ოფიციალური უწყებაც აღიარებს და უკვე გარკვეულ ვადებსაც ასახელებს.
სანამ ცვლილებებზე კონკრეტული და საქმიანი საუბარი დაიწყება, გასული წლის გამოცდები მიმოვიხილოთ, რომელიც იმით იყო გამორჩეული, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა რიცხვი რეკორდული იყო – 80 000-მდე. აქედან 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; 10 000-ზე მეტი კი მაგისტრობის მსურველი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი დარეგისტრირდა.
მართალია, განათლების მინისტრი ქვეყანას ყოველ წელს ახალი ჰყავს, მაგრამ მისაღები გამოცდების ცვლილების აუცილებლობაზე თითოეული მათგანი საუბრობს. ხაზს უსვამენ, რომ მოსწავლის სკოლიდან უმაღლესში, ან პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ახალი პრინციპი მხოლოდ მას შემდეგ უნდა ამოქმედდეს, რაც სასკოლო საზოგადოება მზად იქნება, იქამდე კი, „ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება“.
სკოლაში ეროვნული შეფასება რომ აუცილებლად დაბრუნდება ამას უკვე კანონიც ამბობს. პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც სკოლის საფეხურზე ორ გამოცდას ითვალისწინებს, სხვადასხვა კლასებისთვის. დაგეგმილია, რომ ამით სკოლისა და მოსწავლის განვითარების ხარისხი გაიზომოს და რაც მთავარია, მოსწავლის უმაღლეს, ან პროფესიულ განათლებაში გადასვლის წინაპირობა გახდეს. შესაბამისად, როგორც დაანონსებულია, ეროვნული შეფასების პილოტირება დაწყებითი და საბაზო საფეხურის ბოლოს 2025 წელს დაიწყება, საშუალო საფეხურზე – 2026 წელს, 2027 წლიდან კი მოსწავლეთა ეროვნული შეფასების სისტემა XII კლასშიც ამოქმედდება.
რაც შეეხება ეროვნული გამოცდების ფორმატის ჩანაცვლებას, ეს ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. ყოფილი მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე და აწ უკვე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გელა გელაძე გვარწმუნებდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ მოდელზე უკვე მუშაობს, რაც ძირეულ რეფორმებს გულისხმობს.
განათლების მუდმივად მზარდი, მაგრამ მაინც არასაკმარი ბიუჯეტი – განათლების ფინანსები 2025
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2025 წლისთვის, წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტი გაეზარდა. მთავრობამ უწყებისთვის 3 მილიარდ ლარზე მეტი (3 085 მლნ) გამოყო. 9 დეკემბერს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარმოადგინა და გაირკვა, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში, წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს დაფინანსება 200 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ეს ზრდა, კაკაურიძის განმარტებით, დიდწილად, სკოლებისთვის მეტი ფულის გამოყოფამ და პედაგოგთა ხელფასების ზრდამ განაპირობა. ჯამში კი, 2024 წელთან შედარებით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 577 მლნ ლარზე მეტითაა გაზრდილი.
2025 წლის ბიუჯეტით საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 600 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225 მლნ ლარზე მეტი; ცნობილია ისიც, რომ მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 13 მილიონ ლარზე მეტი იქნება.
რაც შეეხება ზოგად მიმართულებებს, სკოლამდელი და ზოგადი განათლებისთვის 1 903,7 მლნ ლარი გამოიყო; პროფესიული განათლებისთვის – 149,0 მლნ; უმაღლესი განათლებისთვის – 171,3 მლნ; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის – 86,1 მლნ; ინკლუზიური განათლებისთვის – 82,3 მლნ; ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – 538,1 მლნ; ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის- 13,8 მლნ.
2024 წლის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები:
– ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება”, – ეს განცხადება წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა სასკოლო კვებასთან დაკავშირებით გააკეთა, მაგრამ წელი ისე მიიწურა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არათუ მაქსიმუმი, არამედ მინიმუმიც არ გაკეთებულა, მიუხედავად იმისა რომ საკითხი სახალხო დამცველის ანგარიშშიც კი მოხვდა;
– სახელმწიფო სტრუქტურებში, მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორში ახალგაზრდების ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო;
– მომდევნო წლიდან 3 წლიანი, ანუ 180 კრედიტიანი ბაკალავრიატისა და 1 წლიანი, ანუ 60 კრედიტიანი მაგისტრატურის წესი შედის ძალაში. 180 კრედიტიანი ბაკალავრიატი ვრცელდება მხოლოდ ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებზე, 60 კრედიტიანი მაგისტრატურა კი მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის. ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მოხვედრა უგამოცდოდ შეიძლება, თუმცა აპლიკანტი სახელმწიფო გრანტს ვერ მოიპოვებს და სადოქტორო საფეხურზე სწავლასაც ვერ შეძლებს.
– განათლების სამინისტროში ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ძირითადი კომპეტენციაც სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდების განვითარების მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა. ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით 13,8 მლნ ლარია გამოყოფილი.
– სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, 3 200 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა;
– საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა გაიზარდა. 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია;
– 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ გამარჯვებულები კი – საბა მელისკაური, მარინე კვარაცხელია და მაკა ბუდაღაშვილი;
– 16 სექტემბერს 50 000-ზე მეტი პირველკლასელისთვის ზარი პირველად დაირეკა. თუმცა, სკოლების ნაწილში – არა. ისინი რეაბილიტაციის ხანგრძლივ და გაწელილ პროცესს გადიან.
– 1 დეკემბრიდან, ძალაში შევიდა „საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ”, სადაც წერია, რომ: “დაუშვებელია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
– 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ნაწილის გაფიცვა და პროტესტი მოჰყვა.
– 2024 წელს სკოლის დირექტორთა შესარჩევი ხელახალი კონკურსიც ჩატარდა, თუმცა, წინა წლის მსგავსად, ისევ ხმაურიანად. ბევრს დეჟავუს შეგრძნება დაეუფლა, რადგან კონკურსის შემდეგ კვლავ იგივე სურათი მივიღეთ, რაც წინა შემთხვევაში – უკმაყოფილო კანდიდატები, რომლებიც არც ერთ სკოლაში არ წარადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სკოლა საერთოდ კანდიდატის გარეშე დარჩა. არაერთ სკოლაში გიორგი ამილახვარმა სკოლის დირექტორები დისკრეციის წესით დანიშნა და სკოლის სამეურვეო საბჭოების პოზიცია არ გაითვალისწინეს, რომელსაც წარდგენილი კანდიდატი არ მოსწონდა. ისევ ჟღერდა ფრაზები „ პოლიტიზებული“ და „გაუმჭვირვალე“. კანდიდატების ნაწილი სასამართლოში ჩივის.
– განათლების სამინისტრო მედიისთვის კვლავ ჩაკეტილ უწყებად რჩება, უფრო ზუსტად, არასასურველი მედიისთვის, რომლისთვისაც არც ინფორმაციას გასცემს და არც დაგეგმილ ღონისძიებებზე იწვევს, დასანანია, რომ ასეთ მედიებს შორის ხვდება სრულიად არაპოლიტიკური EDU.ARIS.GE-ც, თუმცა, ალბათ, სამინისტროს ასე უფრო უადვილდება.
ჩვენ მხოლოდ უკეთესის მოლოდინით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ასევე იხილეთ:
„უკანა წინას სჯობია!“ – რა შეცვალა 2024-მა წელმა საქართველოში განათლების კუთხით?
„რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში by განათლებული ბლოგი
- EMIS-ის გაფრთხილება სკოლების ადმინისტრაციას და მასწავლებლებს – 27 დეკემბერი სემესტრის ბოლო დღეა by ARIS.GE-განათლება