რა დახმარება ესაჭიროება სახელმწიფოსგან ბათუმის უნივერსიტეტს, რომლის დაფინანსებაც 2023 წელს თითქმის 33 მლნ ლარი იყო
სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მის მიერვე შეგროვილი ინფორმაციისა და გაანგარიშების თანახმად, უნივერსიტეტის არსებითი გამოწვევების გადასაჭრელად 2 220 000 ლარს საჭიროებს.
ამის შესახებ საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების შესახებ მომზადებული თემატური მოკვლევიდან ვიგებთ, რომელიც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა ჩაატარა და ფინანსთა და განათლების სამინისტროებს უნივერსიტეტების დახმარების რეკომენდაციებითაც მიმართა.
მოკვლევის დოკუმენტში ასახული მონაცემებით, რომელიც EDU.ARIS.GE-მ შეისწავლა უნივერსიტეტს 7 ძირითადი კორპუსი აქვს, მაგრამ კვლევითი ინსტიტუტისათვის დამოუკიდებელი კორპუსის მშენებლობასა და აღჭურვას საჭიროებს, რისთვისაც ფინანსთა და განათლების სამინისტროებისთვის გაცემული რეკომენდაციით, 2 მილიონი ლარის გამოყოფაა საჭირო.
ბათუმის უნივერსიტეტს ასევე სურს საკვლევ-ექსპერიმენტული უბნის სრულყოფა-მოდერნიზება და სათბურის მშენებლობა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებისთვის. აღნიშნულისთვის საჭირო სავარაუდო თანხად კი უნივერსიტეტი 220 000 ლარს უთითებს. დასახელებული საჭირო თანხების დეტალური გაანგარიშება უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი არ არის.
რაც შეეხება შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლიურ დაფინანსებას, ამის თაობაზე განათლების კომიტეტი ასეთ მონაცემებს ფლობს: „უნივერსიტეტის ფინანსური რესურსები მოიცავს საკუთარ და მოზიდულ მიზნობრივ სახსრებს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სტაბილურად მიიმართება როგორც უნივერსიტეტის ძირითადი ფუნქციების განხორციელებაზე, ისე არსებული მატერილურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე. 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 32 999 158 ლარს, რაც მოიცავს ოთხ ძირითად ქვეპროგრამას: ბსუ-ს ფაკულტეტების, კვლევითი ინსტიტუტების, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის მხარდაჭერას – 17 408 869 ლარი; ბსუ-ს ინფრასტრუქტურული განვითარება – 4 748 640 ლარი; ბსუ-ს მართვა და რეგულირება – 10 087 849 ლარი; ბსუ-ს სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერა – 753 800 ლარი. შემოსავლის წყაროა: საკუთარი შემოსავლები – 27 296 889 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროგრამული დაფინანსება – 3 303 360 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება – 358 815 ლარი; გრანტები (შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფორდი/საერთაშორისო) – 2 040 094 ლარი“.
ცნობისთვის, თემატური მოკვლევისას განათლების კომიტეტმა სულ 6 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია. კერძოდ, საკუთარი საჭიროებების შესახებ მოკვლევის ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდეს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
ასევე იხილეთ:
რა საჭიროებებისთვის ითხოვს თელავის უნივერსიტეტი თითქმის შვიდ მილიონ ლარს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება