GE

რა საფეხურების გავლა მოუწევს პროფესიულის სტუდენტს ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის მისაღებად – დეტალები შეფასების ახალი სისტემის შესახებ

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ აგრძელებდა, რადგან მისი დიპლომი ატესტატთან გათანაბრებული არ იყო. ეს წესი უკვე შეცვლილია და კოლეჯების ნაწილი მსურველებს უკვე სთავაზობს სკოლის საშუალო საფეხურის ინტეგრირებულ პროგრამებს. მსგავს პროგრამებზე 500 სტუდენტი უკვე სწავლობს და მიმდინარე წელს არსებულ ქვოტას, 1200-მდე ახალი ადგილი დაემატება.

იმისთვის, რომ კოლეჯმა ინტეგრირებული პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვოს, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, მათ შორისაა სპეციფიური ლაბორატორიები ფიზიკის, ქიმის და ბიოლოგიის სწავლებისთვის.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო კოლეჯები ძირითადად აღჭურვილია საჭირო ტექნიკით და წლის ბოლომდე სავარაუდოდ ყველა მათგანს ერთი პროგრამა მაინც ექნება, რომელიც მსურველს ინტეგრირებულ სწავლებას შესთავაზებს. შესაბამისი აკრედიტაციის მიღების პროცესი გრძელდება, რაც კერძო პროვაიდერებში მასშტაბური არ არის, თუმცა პორცესში 10-მდე კერძო კოლეჯის ჩართვა მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად იზრდება პროფესიული კოლეჯების რიცხვი, რომლებმაც სკოლის საშუალო საფეხურის სწავლების განხორციელების უფლება მოიპოვეს, ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არაა, კურსდამთავრებულების საბოლოო შეფასების კრიტერიუმები და მათი მხრიდან დიპლომის მიღების პირობები.

EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულებს, დიპლომის მისაღებად სპეციალური კომისიის დასკვნის მოპოვება მოუწევთ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ სტუდენტი შესაბამის დიპლომს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ და ზოგადი განათლების კომპონენტებს სრულყოფილად გაივლის და პროფესიული სასწავლებლის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიისგან აღიარებას მოიპოვებს.

„როდესაც დადასტურდება ინტეგრირებული მოდულებით სწავლის შედეგების დაძლევა, პირზე გაიცემა პროფესიული დიპლომი, არ გაიცემა ცალკე ატესტატი, შესაბამისად, თუ კურსდამთავრებულს მოესურვება უმაღლესის მისაღებ გამოცდებში მონაწილეობა, ის ატესტატის ნაცვლად მეოთხე დონის პროფესიულ დიპლომს წარადგენს. ინტეგრირებული მოდულის ფარგლებში მოსწავლის შეფასება არ ხდება მხოლოდ საბოლოო გამოცდით, არამედ, ის ასრულებს კომპლექსურ დავალებებს, როგორც მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაშია, მოდულების მიხედვით და პროგრესის ანალიზის შედეგად ის მიდის საბოლოოდ სწავლის შედეგამდე. ის თემა, რომ ვინმე მოვა და პირდაპირ გამოცდას ჩააბარებს, გამორიცხულია, თუკი პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას. მეორე, ინტეგრირებული მოდულები ცალკე არაფერს არ ნიშნავს პროფესიის გარეშე, ანუ ვიღაცამ რომ მხოლოდ ინტეგრირებული მოდულები გაიაროს, არ ნიშნავს, რომ ამაში ატესტატს მიიღებს. მას შედეგ, რაც ეს სტუდენტები ცალ-ცალკე მოდულების მიხედვით დაადასტურებენ სწავლის შედეგების მიღწევას, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას ზოგადი განათლების საშუალო საფეხური უდასტურდება. მართალია, სკოლაში ჩაიხსნა კატ-ის გამოცდები, მაგრამ ჩვენთან დარჩა რაღაც მსგავსი და ეს გახლავთ ინტეგრირებული მოდულების ფარგლები მიღწეული სწავლის დადასტურების საბოლოო, კომისიური წესით შეფასება“, – ამბობს კახაბერ ერაძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პროფესიული სასწავლებელი ერთპიროვნულად ვერ მიიღებს. მან უნდა შექმნას ნეიტრალური პირებით დაკომპლექტებული კომისია, რომლის წევრებიც განიხილავენ თითოეული სტუდენტის პორტფოლიოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას დაუდასტურდება თუ არა მას სწავლის შედეგები.

კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საჯარო სკოლის წარმომადგენელი, ასევე კოლეჯის პარტნიორი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი, ან ასევე პარტნიორი კოლეჯის პედაგოგი, თუმცა კომისიის უმრავლესობას აუცილებად უნდა წარმოადგენდნენ ნეიტრალური წევრები.

„სასწავლებელმა უნდა შექმნას კომისია. ორი მთავარი პრინციპი იქნება ჩვენი, ხარისხის ცენტრის მონიტორინგის საგანი: პირველი, რომ კომისია აუცილებლად უნდა შედგებოდეს მოწვეული პირებისაგან, პრინციპში უმრავლესობას უნდა ქმნიდნენ მოწვეული პირები. შესაძლოა, კომისიაში შედიოდეს ვთქვათ სასწავლებლის სამი წარმომადგენელი და 4 მოწვეული პირი, რაც კანონის შესაბამისია, ანუ უმრავლესობას არ უნდა ფლობდნენ სასწავლებლის წარმომადგენლები. დავუშვათ, მოწვეული წევრებიდან, კონკრეტულ სხდომაზე ვერ გამოცხადდეს ნეიტრალური წევრების ნაწილი და ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ამ დროს კომისია აღარაა ქმედუანრიანი. კომისია უნდა იყოს ნეიტრალური, მის შემადგენლობაში სავარაუდოდ იქნებიან სკოლის ან რესურსცენტრის წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ვსაუბრობთ უფრო ზოგად განათლებაზე, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან მხოლოდ რეკომენდაცია, პროფესიული სასწავლებელი თავად გადაწყვეტს ვინ მოიწვიოს, შეიძლება ეს იყოს სხვა პარტნიორი კოლეჯიდან ინტეგრირებული მოდულის მასწავლებელი, მთავარია ინტერესთა კონფლიქტი არ ჰქონდეს სტუდენტთან და კომისიაში არ უნდა იყოს მისი მასწავლებელი“, – განმატავს კახაბერ ერაძე.

პროფესიულ პროგრამებზე მიღების წესი იცვლება – როდის დაიწყება მსურველთა რეგისტრაცია

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური